თბილისის საქალაქო სასამართლოში თანაინვესტირების ფონდის ყოფილი ხელმძღვანელის, გიორგი ბაჩიაშვილის სასამართლო პროცესი დახურულ რეჟიმში მიმდინარეობს- ინფორმაციას “ტვ პირველი” ავრცელებს.
მათივე ინფორმაციით, სხდომის ნაწილობრივ დახურვასთან დაკავშირებით შუამდგომლობა პროკურორმა მიხეილ სადრაძემ დააყენა.
დღევანდელ სხდომაზე სახელმწიფო ბრალდებას ჩვენების მისაცემად „ქართუ ბანკის” სამეთვალყურეო საბჭოს ამჟამინდელი თავმჯდომარე ნატო ხაინდრავა ჰყავს წარმოდგენილი, რომელიც 2015 წელს “ქართუ ბანკის” ყოფილი გენერალური დირექტორი იყო. სასამართლოში ჩვენებას მისცემს ასევე ხაინდრავას იმჟამინდელი მოადგილე, დავით გალუაშვილი.
პროკურორის თქმით, პროცესზე საუბარი პერსონალური მონაცემებს შეეხება, კერძოდ კი, “ბანკი ქართუსა” და კლიენტს შორის შეთანხმებებს, რაც კომერციულ საიდუმლოებას წარმოადგენს.
აღნიშნულ შუამდგომლობას არ დაეთანხმა ბაჩიაშვილის ადვოკატი, ლევან მახარაშვილი. მისი განმარტებით, საქმეში არაფერია დასამალი და სხდომის ნაწილობრივ ან სრულად დახურვისთვის კანონმდებლობით საჭირო მოთხოვნები არ არსებობს.
“გაოგნებული ვარ ამ შუამდგომლობით. სამართლიანი სასამართლოს პრინციპით მხოლოდ სახელმწიფო საიდუმლოს შემთხვევაში ან პერსონალური მონაცემების დაცვის შემთხვევაში იხურება პროცესი. ამ სესხის ხელშეკრულების შინაარსი მთელმა მსოფლიომ იცის, თუ პროცესს დახურავთ მე ისიც კი შემიძლია რომ ნებისმიერ ჟურნალისტს გადავცე გამოსაკვლევად. თან 10 წლის წინანდელია. ქართუ ბანკის საიტზე, ისედაც მითითებულია ყველა თანამდებობის პირის ბიოგრაფია- ანუ მათ შესახებ ინფორმაცია საიდუმლო არ არის. ამ სასამართლოს ახსოვს უანრავი გახმაურებული საქმე როცა ბანკის მოქმედი დირექტორები აძლევსნენ ჩვენებას და ეს არ გამხდარა სხდომის დახურვის საფუძველი. კომერციული საიდუმლოს შესახებ კითხვები არ დაისმება. ბანკის ბრუნვა, მოგება ისედაც საჯარო ინფორმაციაა”, – განაცხადა ადვოკატმა.
პოზიცია დააფიქსირა ბრალდებულმა გიორგი ბაჩიაშვილმაც და აღნიშნა, რომ სხდომა “აუცილებლად უნდა იყოს საჯარო”.
მოსამართლე გიორგი გელაშვილმა პროკურორის შუამდგომლობა დააკმაყოფილა და სხდომა დახურა.
შეგახსენებთ, რომ გიორგი ბაჩიაშვილს “ქართული ოცნების” დამფუძნებლის, ბიძინა ივანიშვილის კრიპტოვალუტის მითვისებას ედავებიან. პროკურატურის მტკიცებით, საქმე ეხება 2017 წლის ქმედებას. კერძოდ, გამოძიების ცნობით, გიორგი ბაჩიაშვილმა ინვესტორს ჩადებული ინვესტიციიდან მიღებული სრული მოგების სანაცვლოდ, მხოლოდ 536 900 დოლარი გადასცა, ხოლო დარჩენილი, ინვესტორის კუთვნილი, 8 253.13 ოდენობის ბიტკოინი მართლსაწინააღმდეგოდ მიითვისა, რომლის ღირებულება მისი დაუფლების პერიოდში 39 215 820 დოლარს შეადგენდა. გასული წლის 6 ივლისს თანაინვესტირების ფონდის ყოფილ ხელმძღვანელს აღმკვეთი ღონისძიების სახით 2 მილიონ 500 ათას ლარიანი გირაო შეეფარდა. ამასთან, საქმის გამოძიების დასრულებამდე, მას ქვეყნის დატოვება აეკრძალა. რაც შეეხება ბაჩიაშვილის პოზიციას, ის წარდგენილ ბრალდებაში თავს დამნაშავედ არ მიიჩნევს.
