საქართველოს მართლმადიდებელი ეკლესია დღეს ნინოობას აღნიშნავს. დღესასწაულთან დაკავშირებით ტაძრებში სადღესასწაულო წირვა ჩატარდება.
წმინდა ნინოს ხსენება აღინიშნება წელიწადში ორჯერ:
14 იანვარს (ახალი სტილით 27 იანვარს) — გარდაცვალება;
19 მაისს (ახალი სტილით 1 ივნისს) — საქართველოში შემოსვლა.
წმინდა ნინოს ქართველთა განმანათლებლად და საქართველოს ციურ მფარველად მიიჩნევენ.
წმიდა ნინო წარმოშობით კაბადოკიის ქალაქ კოლასედან იყო. მისი მამა – ზაბულონი საფრანგეთის განმანათლებლად ითვლება. მოციქულთა სწორი ქალწული ნინო საქართველოში, დაახლოებით, 323 წელს ჯავახეთის მთებით შემოვიდა. მას ღვთისმშობლის მიერ ბოძებული ვაზის ჯვარი ეპყრა ხელში.
წმიდა ნინო ფარავნის ტბასთან ორი დღე შეჩერდა და მეთევზურთაგან მირთმეული საკვებით ძალა მოიკრიბა. დასასვენებლად მიწაზე მიწოლილს ძილში ბრწყინვალე კაცი ეჩვენა, რომელმაც დაბეჭდილი წერილი მისცა და უთხრა, რომ წერილი წარმართთა მეფისთვის მიერთმია, რადგანაც ამისთვის იყო მოვლენილი. წერილის თავში რომაულად იესოს სახელი ეწერა და, როგორც მოსეს ქვის ფიცრებზე, ათი სიტყვა იყო დაწერილი.
ქართველთა განმანათლებლისა და მოციქულთა სწორის, წმიდა ნინოს ქადაგებით, საქართველოში ქრისტიანობა სახელმწიფო რელიგიად 326 წელს გამოცხადდა. ამ დროს სამეფო ტახტი მეფე მირიანსა და დედოფალ ნანას ეპყრათ. წმიდა ნინოს ხსენებას საქართველოს ეკლესია წელიწადში ორჯერ დღესასწაულობს: 1(19) ივნისს მისი საქართველოში შემოსვლა აღინიშნება, ხოლო 27(14) იანვარს – გარდაცვალება.