“დღეს, კახა კალაძემ თბილისის ზღვაზე 14 სახლი დაანგრია, სადაც ღარიბი ოჯახები, ვეტერანი შშმ პირები და ბავშვები ცხოვრობდნენ”, – ამის შესახებ სოციალურ ქსელში “სოციალური სამართლიანობის ცენტრის” ხელმძღვანელი, თამთა მიქელაძე წერს.
“დღეს დილით კახა კალაძემ თბილისის ზღვაზე 14 საცხოვრებელი სახლი დაანგრია, სადაც ღარიბი ოჯახები, ვეტერანი შშმ პირები და ბავშვები ცხოვრობდნენ.
ეს ღარიბი ოჯახების მიერ ქალაქის პერიფერიაში, მუნიციპალურ მიწებზე თვითგადარჩენის მიზნით ხელით შეკოწიწებული პატარა სახლები და ბარაკები იყო.
შეგახსენებთ, რომ 2020 წლის დეკემბრის თვეში კალაძემ აფრიკაში დაუნგრია სახლები ხელმოკლე ოჯახებს და ახალი წლის წინ ქუჩაში დატოვა გამწარებული; 2022 წლის იანვარში ორხევში იგივე გააკეთა კალაძემ.
თვითმმართველობა, რომელსაც, პირიქით, უსახლკაროების დაცვის ვალდებულება აკისრია, უსახლკაროებს, რომლებიც თავის გადარჩენას თვითდახმარებით ცდილობენ, ნგრევით და დევნით პასუხობს და ჭერის გარეშე, სრულიად დაუცველს ტოვებს.
თან ამას აკეთებს მერი, რომელსაც სამშენებლო მაფია აქვს ქალაქში და მის მიერ დაკრიშული სამშენებლო კომპანიები კანონის დარღვევით აშენებს ცათამბჯენებს ქალაქის არა ერთ ადგილას.
თან ამას აკეთებს, მერი, რომელმაც მის ბატონს, ბიძინა ივანიშვილს ქალაქის არა ერთი ცენტრალური და ისტორიული ადგილი ბეტონის ჯოჯოხეთად აქცევინა;
თან ამას აკეთებს მერი, რომელიც მილიონერია და თბილისში თუ სხვა ქალაქებში ათასობით კვ. მ სახლები და მიწები აქვს და საათებით და სხვა ფუფუნების ნივთებით გოიმურად პოზირებს;
თან ამას აკეთებს, მერი, რომელიც ოჯახების სიწმინდის დაცვაზე ლაპარაკობს და პირდაპირ გაგებით ოჯახებს უნგრევს სახლებს შუა ზამთარში, -1 გრადუსში.
აი ეს ფარისევლობა, არაადამიანობა და უთანასწორობა რამდენი ხანი უნდა მივიღოთ, როგორც ნორმალური?!
როდემდე უნდა დაიჯეროს ჩვენი მოქალაქეების ნაწილმა, რომ კალაძე და “ქართული ოცნება” ადამიანების ინტერესებისთვის რამეს აკეთებენ, ან გააკეთებენ. კომენტარში გავაზიარებ ჩვენს დეტალურ განცხადებას ამ საკითხზე”, – წერს მიქელაძე.