ბილისში, 26 წლის მოკლული ბიჭის, ლევან ჯანგულაშვილის საქმესთან დაკავშირებით ახალი დეტალები ხდება ცნობილი.
მოკლულის ახლობლები ამბობენ, რომ დანაშაული ჯანგულაშვილის საუკეთესო მეგობარმა ჩაიდინა, თუმცა მოტივზე საუბარი უჭირთ.
AMBEBI.GE მოკლულის ოჯახის ახლობელს ესაუბრა.
„ლევანი დედასთან ერთად ცხოვრობდა თბილისში, ნაქირავებ ბინაში. მას იდეალური ურთიერთობა ჰქონდა დედასთან, მის გარეშე ერთ წუთს ვერ ძლებდა, ისინი მუდმივ კონტაქტზე იყვნენ. 12 იანვარს, ბიჭი რომ არ გამოჩნდა, მისი ძებნა დავიწყეთ. გუშინწინ მივაკვლიეთ ლევანის კვალს – გავედით ვაშლიჯვრის ტერიტორიაზე, ყველა ჯგუფში დავწერეთ, რომ ვეძებდით და დახმარება გვჭირდებოდა.
დრონების მობილიზაციაც მოვახდინეთ და ჩვენი ძალებით ვეძებდით. მას ეძებდა პოლიციაც. ბოლოს ერთ ადგილას აღმოვჩნდით ჩვენც და პოლიციაც, 5 წუთით მიგვასწრეს, სიმართლე რომ გითხრათ. ეს გახლავთ მიტოვებული მშენებარე კორპუსი თავისივე უბანში. მკვლელი არის ლევანის მეგობარი, 24/7-ზე ერთად რომ იყვნენ, მას კარგად ვიცნობთ. ლევანის დედას პირველივე დღეს მაგ ბიჭზე ჰქონდა ეჭვი. მოტივი ნამდვილად არ ვიცით, დეტალები ჯერ-ჯერობით ჩვენთვის არაა ცნობილი, რაც ზუსტად ვიცი ისაა, რომ მკვლელი დაკავებულია. მას ლევანისთვის ჯერ ბლაგვი საგანი ურტყია თავში, შემდეგ მე-8 სართულიდან გადმოუგდია, შემდეგ უკან შეუთრევია და დაწვა უცდია. მკვლელის ვინაობას ვერ გეტყვით, გამოძიებას ხელი რომ არ შევუშალო, შესაძლოა კიდევ ვინმე იყოს გარეული მკვლელობაში, არაფერს გამოვრიცხავთ, ისე სასტიკადაა ბიჭი მოკლული. 12 დღე ვეძებდით ცოცხალსაც და მკვდარსაც…“, – აღნიშნა მან.
“ეჭვმიტანილი იყო, რადგან ბოლოს მასთან ჰქონდა კონტაქტი ლევანს. არ ვიცით რაზე მოხდა მკვლელობა, მოტივი არ ვიცით. მანამდე სანამ ლევანს ვეძებდით მკვლელი კვალს გვირევდა, ჩვენთან ერთად ეძებდა ლევანს და ამბობდა უცნობ პირთან ერთად გაუჩინარდაო” – ამბობს მოკლულის დეიდაშვილი.
შეგახსენებთ, 12 იანვარს, ვაშლიჯვრის დასახლებაში არსებული მშენებარე კორპუსის მერვე სართულზე მამაკაცმა სხვადასხვა ნივთების დარტყმით 26 წლის მამაკაცი მოკლა, რის შემდეგაც მან გვამი ლიფტის შახტში დაწვა. მოკლული ლევან ჯანგულაშვილია, რომელიც კახეთიდანაა.
მკვლელობაში ეჭვმიტანილი უკვე დაკავებულია.
მას ბრალდება საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 108-ე მუხლით (განზრახ მკვლელობა) წარედგინა, რაც სასჯელის სახედ და ზომად 10-დან 15 წლამდე თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.