ბილისში, 26 წლის მოკლული ბიჭის, ლევან ჯანგულაშვილის საქმესთან დაკავშირებით ახალი დეტალები ხდება ცნობილი.
AMBEBI.GE მოკლულის ოჯახის ახლობელს ესაუბრა.
„ლევანი დედასთან ერთად ცხოვრობდა თბილისში, ნაქირავებ ბინაში. მას იდეალური ურთიერთობა ჰქონდა დედასთან, მის გარეშე ერთ წუთს ვერ ძლებდა, ისინი მუდმივ კონტაქტზე იყვნენ. 12 იანვარს, ბიჭი რომ არ გამოჩნდა, მისი ძებნა დავიწყეთ. გუშინწინ მივაკვლიეთ ლევანის კვალს – გავედით ვაშლიჯვრის ტერიტორიაზე, ყველა ჯგუფში დავწერეთ, რომ ვეძებდით და დახმარება გვჭირდებოდა.
დრონების მობილიზაციაც მოვახდინეთ და ჩვენი ძალებით ვეძებდით. მას ეძებდა პოლიციაც. ბოლოს ერთ ადგილას აღმოვჩნდით ჩვენც და პოლიციაც, 5 წუთით მიგვასწრეს, სიმართლე რომ გითხრათ. ეს გახლავთ მიტოვებული მშენებარე კორპუსი თავისივე უბანში. მკვლელი არის ლევანის მეგობარი, 24/7-ზე ერთად რომ იყვნენ, მას კარგად ვიცნობთ. ლევანის დედას პირველივე დღეს მაგ ბიჭზე ჰქონდა ეჭვი. მოტივი ნამდვილად არ ვიცით, დეტალები ჯერ-ჯერობით ჩვენთვის არაა ცნობილი, რაც ზუსტად ვიცი ისაა, რომ მკვლელი დაკავებულია. მას ლევანისთვის ჯერ ბლაგვი საგანი ურტყია თავში, შემდეგ მე-8 სართულიდან გადმოუგდია, შემდეგ უკან შეუთრევია და დაწვა უცდია. მკვლელის ვინაობას ვერ გეტყვით, გამოძიებას ხელი რომ არ შევუშალო, შესაძლოა კიდევ ვინმე იყოს გარეული მკვლელობაში, არაფერს გამოვრიცხავთ, ისე სასტიკადაა ბიჭი მოკლული. 12 დღე ვეძებდით ცოცხალსაც და მკვდარსაც…“, – აღნიშნა მან.
შეგახსენებთ, მკვლელობაში ეჭვმიტანილი უკვე დაკავებულია.
მას ბრალდება საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 108-ე მუხლით (განზრახ მკვლელობა) წარედგინა, რაც სასჯელის სახედ და ზომად 10-დან 15 წლამდე თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.