ბაჩიაშვილმა 2015 წელს მიღებული კრედიტი 2016 წელს დაფარა, 2017 წელს კი დამატებითი თანხა „ქეშად“ გადასცა ბანკის დირექტორს, – ამის შესახებ ბიძინა ივანიშვილის ადვოკატმა თეიმურაზ წიქვაძემ განაცხადა, რომელიც თანაინვესტირების ფონდის ყოფილი ხელმძღვანელის, ბრალდებულ გიორგი ბაჩიაშვილის საქმეზე დაიკითხა.
მან დეტალურად ისაუბრა “ქართული ოცნების” დამფუძნებლის, ბიძინა ივანიშვილსა და გიორგი ბაჩიაშვილს შორის შეთანხმებაზე.
„როცა გიორგი ბაჩიაშვილი მოვიდა ჩემს მარწმუნებელთან, კრედიტი არ ჰქონდა დამტკიცებული, სთხოვა ჩემს მარწმუნებელს ინვესტიცია ჩაედო. ეს გარემოებები საქმეში არსებული არაერთი მტკიცებულებით დასტურდება. საინვესტიციო თანხა ჩემმა მარწმუნებელმა გამოყო, საბანკო კრედიტის თანხა გაიცა, საბანკო კრედიტის უზრუნველყოფა მისი პირადი სახსრებით განახორციელა. ჩემი მარწმუნებელი იყო ერთადერთი პირი, ვინც აღნიშნულ ინვესტიციაზე რისკები აიღო. გიორგი ბაჩიაშვილს აღნიშნული ინვესტიციის დროს სახელშეკრულებო თანხა სრულად არ გააჩნდა. თუ სწორად მახსოვს, ეს ხელშეკრულება 2015 წლის 28 ივლისით თარიღდება. თუ არ ვცდები, 5 მილიონი აშშ დოლარი იყო თანხა.
დაზარალებულმა განახორციელა ინვესტიცია, თუმცა, მას მიმართა გიორგი ბაჩიაშვილმა. [ბაჩიაშვილი] იმ დროს, “თანაინვესტირების ფონდის” დირექტორი იყო, ნდობით აღჭურვილი პირი… გადაწყდა რომ გიორგი ბაჩიაშვილისთვის ინვესტიციის გადაცემა საბანკო კრედიტის ფორმით განხორციელებულიყო.
გარკვეული პერიოდის შემდეგ, ბატონმა გიორგიმ ჩემს მარწმუნებელს მიმართა და უთხრა, რომ რაღაც პრობლემები შეექმნა ბიტკოინის ფასს და ურჩია მყისიერი რეალიზაცია განეხორციელებინა, თუმცა, რამდენი ბიტკოინი დარჩა კრედიტის გადაფარვის, ვალდებულებების გადაფარვის შემდეგ, ეს ჩვენთვის ახლაც უცნობია”,- განაცხადა წიქვაძემ.
მოწმის თქმით, როგორც მას ახსოვს, ბაჩიაშვილმა 2015 წელს მიღებული კრედიტი 2016 წელს დაფარა, 2017 წელს კი დამატებითი თანხა გადასცა.
მისივე თქმით, ბაჩიაშვილმა თანხა ბანკის დირექტორს “ქეშად” გადასცა.
მოწმეს კითხვებით მიმართა ბრალდებულმაც. კერძოდ კი, ბაჩიაშვილმა წიქვაძეს ჰკითხა, არის თუ არა ის უშუალო მოწმე იმ ყველაფრის, რის შესახებაც საუბრობს.
რაზეც, წიქვაძემ განაცხადა, რომ მან ეს ინფორმაცია „ბიძინასგან“ იცის.
“წყარო ინფორმაციის მიღების ჩემი მარწმუნებელი იყო, 2015 წელს მე იმ ოთახში არ ვყოფილვარ”,- განაცხადა მოწმემ.
ცნობისთვის, გიორგი ბაჩიაშვილისთვის წარდგენილი ბრალდება 2017 წელს განხორციელებულ ქმედებას ეხება. კერძოდ, პროკურატურის ინფორმაციით, ბაჩიაშვილმა ინვესტორს ჩადებული ინვესტიციიდან მიღებული სრული მოგების სანაცვლოდ მხოლოდ 536 900 აშშ დოლარი გადასცა, ხოლო დარჩენილი ინვესტორის კუთვნილი 8986 ოდენობის ბიტკოინი მართლსაწინააღმდეგოდ მიითვისა, რომლის ღირებულებაც, მისი მართლსაწინააღმდეგოდ დაუფლების პერიოდში, 43 მილიონამდე აშშ დოლარს შეადგენდა.
გიორგი ბაჩიაშვილი წარდგენილ ბრალდებაში თავს დამნაშავედ არ მიიჩნევს.