ქალთა უფლებადამცველი ბაია პატარაია “ფეისბუქის” პირად გვერდზე ევროკავშირის დახმარებაზე უარის თქმის საკითხს ეხმაურება:
“ფბ-ზე 10 წუთით შემოვდივარ ხოლმე, გნებავთ ფრუსტრაციას დავაბრალოთ, გნებავთ გადაღლას და თავის მოფრთხილებას. უმეტესად ჩემთვის ვინახავ ჩემ პოლიტიკურ მოსაზრებებსაც, თუმცა ზოგჯერ ვალდებული ვარ, ხმა ამოვიღო. ჰოდა, “ოცნება” რომ ევროკავშირის დახმარებაზე უარს ამბობს ეს არის ისეთი სიგნალი, რომელზე გაჩუმების უფლებაც არავის აქვს, ვისაც თავში 2 კაკალი ჭკუა უყრია. ევროკავშირის გამოწვდილ ხელზე უარის თქმა პირდაპირ ნიშნავს რუსეთის ხელებში ჩავარდნას, რადგან ჩვენისთანა სუსტი და პაწუა სახელმწიფო კი არა, აგერ ჩინეთი და ამერიკა ვერ არსებობენ მარტო და იზოლირებულად. არანაირი ნეიტრალიტეტი არ არსებობს, თავს ნუ მოიტყუებთ.
2 ოქტომბერს ვირჩევთ ან რუსეთს (ოცნების სახით), ან ევროპეიზაციის შანსს (ოპოზიციის სახით). არ მაქვს დიდი წარმოდგენა და მოლოდინები ოპოზიციის მიმართ, მეც შესანიშნავად ვხედავ მათ სისუსტეს და ნაკლს, მაგრამ “ოცნებას” (და ბიძინას უკან მდგარ რუსეთს) ყველაფერი მირჩვენია, საერთოდ ყველაფერი.
მარტო ერთი რამ მადარდებს, ხვდება კი ხალხი ამ კონკრეტული არჩევნების ნამდვილ არსს, თუ უბრალოდ, ესეც ერთი რიგითი არჩვენები ჰგონია? თუ ისევ იტყვის, “ნაცებს” “ოცნება” მირჩვენიაო – ჩვენი დროის ყველაზე დიდი ბლეფი, რაც რუსეთმა გვაჭამა, “ – წერს პატარაია სოციალურ ქსელში.
გუშინ, პრემიერ-მინისტრმა ირაკლი ღარიბაშვილმა განაცხადა, რომ საქართველოს მთავრობას გადაწყვეტილი აქვს, ევროკავშირისგან 2021 წელს მაკროფინანსური დახმარების მეორე ტრანში არ მიიღოს. აღნიშნულის არგუმენტად ღარიბაშვილმა ერთი მხრივ, „საქართველოში მაღალი ეკონომიკური ზრდა“, მეორე მხრივ კი, საგარეო ვალის შემცირების სურვილი დაასახელა.
ევროპარლამენტანა, ვიოლა ფონ კრამონმა განაცხადა, რომ საქართველოს მთავრობამ არ შეასრულა ევროკავშირის მიკროფინანსური დახმარების მეორე ტრანშის მიღების პირობები და ამიტომ, ვერ იტყოდა უარს იმაზე, რისი მიღების უფლებაც არ ჰქონდა.
„სამწუხაროდ, საქართველოს მთავრობამ არ შეასრულა ევროკავშირის მიკროფინანსური დახმარების მეორე ტრანშის მიღების პირობები: სასამართლო სისტემა და ა.შ. თქვენ ვერ იტყვით უარს იმაზე, რისი მიღების უფლებაც არ გქონდათ. ჩვენ ქართველი ხალხის გვერდით ვდგავართ“, – განაცხადა კრამონმა.
ირაკლი ღარიბაშვილის თქმით, ევროპარლამენტარებმა ზედაპირული განცხადებები არ უნდა აკეთონ.
„თუ მათ აინტერესებთ საქმის ვითარებაში და არსში გარკვევა, უნდა გაარკვიონ და არა ზედაპირული განცხადებები აკეთონ. არ მაინტერესებს, ვინ რა თქვა, მე ვეუბნები ჩვენს ხალხს, რომ ეს იყო სესხი და ჩვენ დამატებითი სესხის აღებაზე ვთქვით უარი“, – განაცხადა საქართველოს პრემიერ-მინისტრმა.