კოვიდრეგულაციების დარღვევისა და “გარდენიას” დახურვის ფაქტზე, ზურა შევარდნაძე “ფეისბუქის” გვერდზე განმარტებას აკეთებს:
“ყვავილებზე, ბროწეულებზე, შემოდგომის ყვითელ ფოთლებზე, ძველ გურულებზე ვერ დავიწყებ წერას მანამდე, სანამ ამხელა ემოციის შემდეგ, არ ვიტყვი რა იყო და როგორ… გულწფელად გამომდის ხოლმე მოყოლა და ახლაც ასე შევეცდები.
ნიუ-იორკიდან ჩამოფრინდა ჩემი ორი მეგობარი, გიორგი და რადმილა, საქართველოში ჯვრის დასაწერად, ჩემთან დაბინავდნენ. მთხოვეს, რომ სვეტიცხოვლიდან მოვიდოდნენ 20 სტუმრით. უარი ვერ ვუთხარი. ლამაზი სუფრა გავუშალე ჩემ საკუთარ სახლში და არა საჯარო სივრცეში გარდენიაში. სახლი იურიდიულადაც ჩემი პირადი საკუთრებაა და გამიჯნულია ბაღისაგან რეესტრშიც ასეა გატარებული. ყველა სტუმარი იყო პისიარ ტესტით შემოწმებული. რა თქმა უნდა გავიხარეთ ერთმანეთის ნახვით, ფოტოების, ვიდეოების გადაღებასაც არავინ მორიდებია.
ძალიან მალე ატყდა, რაც ატყდა… გაივსო ბაღი და სახლი სამართალდამცველებით, პატრულის თანამშრომლებით, ჟურნალისტებით. ბარე ხუთჯერ მეტნი იყვნენ ერთად აღებული ვინემ ჩემი სტუმრები. ძალიან გავნერვიულდი, ძალიან. ვფიქობ გადაამეტეს…
რა თქმა უნდა, კანონი დავარღვიე, რა თქმა უნდა, რეგულაცია დავარღვიე და სტუმრებს ვუმასპინძლე, ამიტომ ჯარიმაც გადავიხადე და ოთახიც დალუქეს. ზუსტად მაქვს გაცნობიერებული რამხელა საფრთხის ქვეშ ვართ ყველანი, მაგრამ ზრდილობასა და პასუხისმგებლობას შორის გაძრომა არ ყოფილა იოლი საქმე, მე ამჯერად არ გამომივიდა. უსიამოვნებაში ჩავაგდე სტუმრებიც და საკუთარი თავიც.
რაც მოხდა მოხდა, იმედი მაქვს არავინ დავაზიანე და დავაზარალე, მე კი ჩეთვის ჩემი დასკვნები გავაკეთე, მაგრამ ალბათ სხვებისთვისაც ჭკუს სასწავლი იქნება ეს ამბავი და ჩემსავით არ შეცდებით.
ჩემს მეგობრებს სიხარულით სავსე ცხოვრებას ვუსურვებ რასაკვირველია, გაფრინდნენ უკვე.
მე კი თქვენი ნებართვით გავაგრძელებ მყნობას, დარგვას, თესვას, მივხედავ ბაღს..,” – წერს შევარდნაძე სოციალურ ქსელში.
ცნობისთვის, 29 აგვისტოს, რეგულაციების დარღვევის გამო, შრომის ინსპექციამ კაფე „გარდენია“ დააჯარიმა.
აღნიშნულის მიზეზი გუშინ იქ გამართული ქორწილი გახდა. ინსპექციამ „გარდენიას“ მფლობელი ზურაბ შევარდნაძე 2 000 ლარით დააჯარიმა.
ფოტო: ზაქარია ჭელიძე