გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტროს გარემოსდაცვითი ზედამხედველობის დეპარტამენტი წინასაახალწლო პერიოდში ხე-მცენარეების მოპოვებაზე, ტრანსპორტირებასა და რეალიზაციაზე კონტროლს ამკაცრებს.
“აღნიშნულ პერიოდში პრიორიტეტი იქნება წიწვოვანი ხე-მცენარეების უკანონოდ მოპოვების ფაქტების აღმოფხვრა. დეპარტამენტის თანამშრომლები გაძლიერებულ მონიტორინგს საქართველოს მასშტაბით 24 საათის განმავლობაში განახორციელებენ; განსაკუთრებული აქცენტი კეთდება იმ რეგიონებზე, სადაც წიწვოვანი ტყეებია. დედაქალაქში აქტიურად მოწმდება სპორტის სასახლის, ვაგზლის, მეტროსადგურების მიმდებარე ტერიტორიები, სადაც წინასაახალწლო პერიოდში წიწვოვანი ხე-მცენარეები ან ტოტები იყიდება”, – განმარტავს გარემოსდაცვითი ზედამხედველობის დეპარტამენტი.
წიწვოვანი ხე-მცენარეების კანონიერად მოპოვება და რეალიზაცია დასაშვებია მხოლოდ იმ შემთხვევაში, თუ ის მოპოვებულია სანერგეებში, პლანტაციებში, საკარმიდამო ნაკვეთებში ან იმპორტირებულია. ამასთანავე, რეალიზატორს უნდა ჰქონდეს ხე-მცენარის კანონიერად ფლობის დამადასტურებელი სათანადო დოკუმენტი. თუ წიწვოვანი მცენარე მოპოვებულია კერძო საკუთრებაში არსებულ მიწის ნაკვეთზე ან ხელოვნურად გაშენებულ სანერგეში, ტრანსპორტირებისთვის სავალდებულოა ადგილწარმოშობის ცნობა, რომელსაც გასცემს ადგილობრივი მუნიციპალიტეტის გამგეობა.
წიწვოვანების უკანონოდ მოპოვებაზე, ტრანსპორტირებასა და რეალიზაციის წესის დარღვევაზე ჯარიმა პირველ ჯერზე 2000 ლარამდე, ხოლო გამეორების შემთხვევაში 5000 ლარის ოდენობით განისაზღვრება, რასაც ემატება გარემოსთვის მიყენებული ზიანის თანხის ოდენობა. თუ ზიანის ოდენობა 1000 ლარს აჭარბებს, პირის მიმართ სისხლის სამართლის პასუხისმგებლობა დგება.
გარემოსდაცვითი ზედამხედველობის დეპარტამენტი მოუწოდებს მოსახლეობას, კანონდარღვევის დაფიქსირების შემთხვევაში, მიმართონ გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტროს ცხელ ხაზს – 153 (ინდექსის გარეშე, ზარი უფასოა, ანონიმურობა დაცულია), რათა დეპარტამენტის თანამშრომლებმა მყისიერი რეაგირება მოახდინონ.