ზურა მანჯავიძემ ქვეყანაში შექმნილ ვითარებაზე ambebi.ge-თან ისაუბრა.
მომღერალმა პრემიერ-მინისტრის განცხადება შეაფასა, რის მიხედვითაც ქვეყანა 2028 წლის ბოლომდე ევროინტეგრაციის საკითხს არ განიხილავს.
„ეს არასწორი ინტერპრეტაციაა… მე, როგორც თქვეს, ისე გავიგე, – რადგან 2028 წლამდე თვითონ არ გვიხსნიან დიალოგს, ჩვენ არ შეგეხვეწებით, არ გთხოვთ დიალოგის გახსნას. მანამდე მეტად მოვემზადებით, რომ 2030 წლისთვის მაინც, კეთილი ინებონ და იფიქრონ ჩვენი ევროკავშირში შეყვანა. ადამიანი რომ გეუბნება, 2030 წლამდე კარზე ნუ დამიკაკუნებ, თან აქეთ შარს გდებს, შენ რატომ არ მეხვეწებიო, ამ ამბავმა ცოტა თავმოყვარეობაზე უნდა იმოქმედოს,“ – თქვა მანჯავიძემ.
ამასთან, როგორც მომღერალმა აღნიშნა, ვითარების განსამუხტად გამოსავალი მხოლოდ დიალოგშია.
„დიალოგი. აუცილებლად დიალოგი იმ მართლა გულანთებულ ახალგაზრდებთან, ვინც თავისი შეგნებით აპროტესტებს. შეგვიძლია ამ საკითხზე დავსხდეთ, ვიკამათოთ, ვიმსჯელოთ და არა ისე, საწინააღმდეგო აზრის მიუღებლად, პირდაპირ მონა, მოღალატე, რუსი ეძახო ადამიანს. ყველამ უნდა იპოვოს საკუთარ თავში ძალა, მოუსმინოს საპირისპირო არგუმენტს, საწინააღმდეგო ქმედება შეაფასოს. თითოეულმა ადამიანმა ინიციატივა უნდა გამოიჩინოს, რომ მივიდნენ ერთმანეთთან, დასხდნენ, დაილაპარაკონ. ამაში რაც ნაკლები პოლიტიკოსი ჩაერევა, უკეთესია. ისინი, ვინც ძალადობაზე არიან აწყობილი და ძალადობრივი გზებს ეძებენ, მხოლოდ რევოლუცია და ომი უნდათ, იმ პოლიტიკოსებზე ლაპარაკი არ შეიძლება. ვსაუბრობ, ნამდვილ, გულანთებულ ადამიანებზე, ვისაც ქვეყნისთვის კარგი უნდა, განსაკუთრებით ახალგაზრდებს, ვისაც თავისი აზრები აქვთ ჩამოყალიბებული…“ – ამბობს ზურა მანჯავიძე.