იმ რიგითებს ვპირდები, რომ ვინც არაკანონიერ დავალებებს გასცემს, მოეკითხებათ, – ამის შესახებ „საქართველოსთვის“ თავმჯდომარე გიორგი გახარიამ ჩოხატაურში ყოფნისას განაცხადა, სადაც პარტიის ოფისი გახსნა.
“დღეს საქართველოს სამართალდამცავ სისტემაში და პოლიციაში მუშაობს ძალიან ბევრი ღირსეული ადამიანი, რომელიც 24 საათის განმავლობაში საკუთარ ჯანმრთელობას და სიცოცხლეს რისკავს, ჩემი, თქვენი და ჩვენი ოჯახის წევრების უსაფრთხოებისთვის. რამდენიმე არაკეთილსინდისიერი, არაპროფესიონალი რომ გამოერევა, რომელიც აი, ამ სულელურ დავალებებს იძლევა – ეს არ ნიშნავს, რომ ჩვენი პოლიციელის სახელი და პოლიციელის ღირსება უნდა შევლახოთ – მე ამას არასოდეს არ გავაკეთებ! ამიტომ ვამბობ, რომ არის ზეპარტიული საკითხები, რომლებზეც არანაირი მნიშვნელობა არ აქვს ეს დღევანდელო ხელისუფლებაა თუ წარსული თუ სხა პოლიტიკური პარტიები. ჩვენი ქვეყნის ძირითადი ინსტიტუტები – პოლიცია, ჯარი, საჯარო მოხელე… საჯარო მოხელე, რომლის 24-საათიან მუშაობაზე, დღეს კოვიდპანდემიის პირობებში, დგას ჩვენი ყოველდღიური უსაფრთხოება და ჯანმრთელობა“, – განაცხადა გახარიამ.
ამასთან, პარტია „საქართველოსთვის“ თავმჯდომარემ ხაზი გაუსვა იმასაც, რომ მისთვის მიუღებელია რიგითი პოლიციელების და ძალოვანებისთვის შეურაცხყოფის მიყენება იმ დავალებების შესრულების გამო, რომელსაც მათი ხელმძღვანელები ავალებენ.
“როგორ გგონიათ თქვენ, რომ ერთი-ორი რომ გამოერევა სულელი და რაღაც არაადეკვატურ დავალებებს რომ იძლევა – ახლა მე შეურაცხყოფას მივაყენებ რიგით პოლიციელს, საჯარო მოხელეს ან ჯარისკაცს? – არა, რა თქმა უნდა! პირიქით, მადლობას ვეტყვი იმ მსახურებისთვის მათ, რომლებსაც სამწუხაროდ უხდებათ აი ასეთი დავალების მიღება და ზოგ შემთხვევაში უხდებათ ამ დავალების შესრულება – მე საერთოდ არ მწყინს ეს“, – განაცხად მან.
გიორგი გახარიამ ხელისუფლების პოლიტიკა გააკრიტიკა და უღირსი უწოდა საქციელს, რომელიც სარგებლობს ქვეყანაში უმუშევრობის პრობლემით და პატიოსანი მოხელეებისთვის არაკანონიერი დავალებების თავზე მოსახვედრად სამსახურიდან გაშვების მუქარას იყენებს.
“რა არის უღირსობა – როდესაც შენ იცი, რომ შენს ქვეყანაში სამსახური არის ერთ-ერთი ყველაზე დიდი აქტივი, უბრალოდ ადამიანს ოჯახი ჰყავს სარჩენი და ემუქრები სამსახურიდან გაგდებით და აპრიორი არაკანონიერ დავალებას ასრულებინებ – ეს ყველას მოეკითხება. ამას იმ რიგითებსაც ვპირდები, რომელთა ღირსებასაც ასე უნამუსოდ ლახავენ და მათაც, ვინც ასე არაკანონიერ დავალებებს იძლევა“ , – განაცხადა პარტია „საქართველოსთვის“ თავმჯდომარემ გიორგი გახარიამ.