“ტელეკამერებს რომ გავცდით, დაიწყო ჩემი წამება – შედედებული სისხლი მომდიოდა ცხვირიდან, მეგონა ვეღარ გადავრჩებოდი…“ – რას ჰყვება აქციაზე დაკავებული დავით გოგილაშვილი
“სპეცრაზმელმა სახეში წიხლი ამომარტყა და ცხვირი გამიტყდა, ცხვირიდან შედედებული სისხლი მომდიოდა, მეგონა ვეღარ გადავრჩებოდი. მეუბნებოდნენ კიდეც, თუ კიდევ მოხვალ აქციაზე, ვეღარ გადარჩებიო“– ამის შესახებ რუსთაველის გამზირზე მიმდინარე აქციისას დაკავებულმა დავით გოგილაშვილმა სასამართლო პროცესზე განაცხადა.
როგორც ის განმარტავს, მის მიმართ წამებას და არაადამიანურ მოპყრობას ჰქონდა ადგილი.
“ოქმის შედგენის დროს გადარეკეს, რა ჩავწეროთო, რა მუხლს მედავებოდნენ დამკავებელმა პოლიციელებმა არ იცოდნენ და ტელეფონით უთხრეს დაუმორჩილებლობაო… უზენაესი სასამართლოს მიმდებარე ტერიტორიაზე ფუნთუშა შევიძინე და სახლში მივდიოდი მეგობრებთან ერთად, რა დროსაც ხალხის ნაკადი გაიქცა, ჭყლეტაში ვერ გავიქეცით გავჩერდით, სპეცრაზმს ვთხოვეთ, რომ მივდიოდით და გავეტარებინეთ, გაგვიშვეს კიდეც, მაგრამ ტატო ქელბაქიანს თავს დაესხნენ.
რთულია გასახსენებლად… და გავიქეცით, შეგვეშინდა…. უკრაინკას ქუჩაზე მცემეს, ხელები გავშალე იმის სადემონსტრაციოდ, რომ არაფერს ვაშავებდი და არ ვეწინააღმდეგებოდი, მაგრამ ტელეკამერებს რომ გავცდით, დაიწყო ჩემი წამება. სახეში მომხვდა მუშტი, რამაც შოკში ჩამაგდო, დაიწყეს გაჩხრეკა, ამოიღეს ტელეფონი, გამქურდეს და კიდევ უფრო სასტიკად მცემეს. წიხლი ამომარტყა სახეში სპეცრაზმელმა და ცხვირი გამიტყდა, შედედებული სისხლი მომდიოდა ცხვირიდან და მეგონა ვეღარ გადავრჩებოდი, მეუბნებოდნენ კიდეც, რომ კიდევ თუ მოხვალ აქციაზე, ვეღარ გადარჩებიო. დროსა და სივრცეში ორიენტაცია დაკარგული მქონდა. სპეცრაზმელმა ისეთი ილეთი გამოიყენა, რაც ბრძოლა წესებით გარეშეშიც კი აკრძალულია, წიხლი ამომარტყა თავში, რის გამოც ტვინის შერყევა მივიღე.
საპირფარეშოში შემიყვანეს და სახის მობანა მაიძულეს და ცხვირიდან სისხლდენის შეჩერებას ცდილობდნენ. საპირფარეშოს ქაღალდი მომიტანეს, ამით გაიჩერე სისხლიო. ვითხოვე დარეკვის უფლება და სამედიცინო დახმარება, 3 საათში დაურეკეს მამაჩემს.
9 საათი ვიყავი მანქანაში მცხეთის განყოფილებაში შეყვანამდე. პოლიციელმა, ერთ-ერთი მათგანი აქაა, რომელიც მოწმედ ჰყავთ დღეს მოყვანილი, მანქანის სავარძელი გამოწია უკან და ვიჭყლიტებოდი მთელი ეგ დრო. მერე წამიყვანეს საავადმყოფოში, სადაც ოპერაცია ჩამიტარდა”, – განაცხადა გოგილაშვილმა.
აღნიშნულთან დაკავშირებით მოსამართლე ნინო ენუქიძემ მას უთხრა, რომ “ძალადობას არ აქვს გამართლება, მაგრამ ის გოგილაშვილის მხრიდან სამართალდარღვევის ჩადენის საქმეს იხილავს. რაზეც მან ისაუბრა, ამის გამოძიება კი სპეციალური საგამოძიებო სამსახურის კომპეტენციაა”.
ცნობისთვის, დავით გოგილაშვილს ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსის 173-ე მუხლით გათვალისწინებული ქმედების ჩადენას ედავებიან, პოლიციის დაუმორჩილებლობას გულისხმობს.