ხელოვნებათმცოდნე, კინოკრიტიკოსი, “რადიო თავისუფლების” ჟურნალისტი გოგი გვახარია “ფეისბუქის” პირადი გვერდის მეშვეობით სამწუხარო ინფორმაციას ავრცელებს:
“მეგობარი წამართვა კოვიდმა.
აჩიკო შუბაშვილის გარეშე ვერ წარმომიდგენია კინოს სამყარო და განსაკუთრებით ბერლინის ფესტივალი, რომელიც 94 წლიდან 2020 წლამდე არ გამოგვიტოვებია. 2020 ში ბერლინში მითხრა, როგორც კი ბერლინალე დასრულდება მილანში მივფრინავ ჩემს შვილთან ერთადო. პანდემიამ გეგმა შეუცვალა. მერე ხუმრობდა, როგორ გადავრჩით რომ არ წავედით, ხომ ხედავ რა ხდება იტალიაშიო, ზაფხულის დასაწყისში ბაკურიანის კინოფორუმზე შევხვდით. ფილმების შემდეგ გამართული დისკუსიის დროს ყოველთვის ვგრძნობდი მის მხარდაჭერას. ზოგჯერ მხოლოდ მიყურებდა და თვალებით მეუბნებოდა, რა თქმა უნდა, რა თქმა უნდა, მართალი ხარო აცრა არაო, მეშინიაო. არ ვიცი რატომ, მაგრამ მეშინიაო. ბოლო დღეს მითხრა გაგიხარდება რასაც გეტყვი – ჩემს შვილს დავპირდი რომ თბილისში ჩავალ თუ არა ავიცრებიო. მაინც არ ქნა ყველაზე კარგი მამა იყო ვისაც ვიცნობ. ამიტომაც გაზარდა საუკეთესო შვილები.
ეს სურათი, ბერლინში გადაღებული გასული საუკუნის 90-იან წლებში, განსაკუთრებით მიყვარს. ყველა დავბერდით, აჩიკო კი გუშინაც ისეთი იყო როგორც ამ სურათზეა,” – წერს გოგი გვახარია სოციალურ ქსელში.
კინომცოდნე არჩილ შუბაშვილი მრავალი წლის განმავლობაში ქართული კინოს ერთ-ერთი გამორჩეული გულშემატკივარი იყო. იგი სამეცნიერო და პედაგოგიურ მოღვაწეობას ეწეოდა, იყო საქართველოს კინემატოგრაფისტთა შემოქმედებითი კავშირის მდივანი.
არჩილ შუბაშვილის ორგანიზებით, სხვადასხვა წლებში ქართული კინოს დღეები ჩატარდა თურქეთსა და დანიაში, მისი თანაავტორობით გამოიცა „ქართული მხატვრული კინოს ფილმოგრაფია“, მუშაობდა საზოგადოებრივი მაუწყებლის დოკუმენტური ფილმების სტუდიის კონსულტანტად და სცენარისტად.