ისინი ვინც ამბობენ, რომ ქართველობის რცხვენიათ, არიან ქვეყნის მტრები” – ამის შესახებ მამა შალვა კეკელიამ “ფეისბუქის” ვიდეომიმართვაში განაცხადა და პატრიოტიზმის მნიშვნელობას გაუსვა ხაზი.
“ცოტა ხნის წინ ძალიან სამწუხარო ფაქტი მოხდა, ჩვენს ქვეყანაში მცხოვრები უცხოელი ადამიანი მთაწმინდაზე მოკლეს. არ ვიცით ვინ მოკლა, ალბათ მანიაკმა, ძალიან ცუდმა ადამიანმა… და ამის შემდეგ “ფეისბუქში” იწერებოდა ასეთი რაღაცები – “მე მრცხვენია, რომ ქართველი ვარ”, “მეზიზღება ეს ქვეყანა, სადაც ვცხოვრობ,” “საშინელი ქვეყანაა” და მსგავსი… თან ეს ადამიანები, ვინც ასე საუბრობენ საკუთარ ქვეყანაზე, ერზე, თავს ისე წარმოაჩენენ, თითქოს ძალიან განათლებულები არიან.
იტალიასთან შეხვედრისას, ინგლისი საკუთარ სტადიონზე დამარცხდა და სტადიონიდან რომ გამოდიოდნენ, ინგლისელებმა იტალიელებს სცემეს, არავის უთქვამს – მე მრცხვენია, რომ ინგლისელი ვარო… ბრეივიკმა აგერ საშინელება ჩაიდინა, ნორვეგიაში ახალგაზრდები დახოცა და არცერთ ნორვეგიელს არ უთქვამს, მრცხვენია, რომ ნორვეგიალი ვარ და არ მინდა ამ ქვეყანაში ცხოვრებაო, რადგან მათ საკუთარი თავი ბრეივიკთან არ გააიგივეს.
შეიძლება დედამიწაზე ერთ-ერთი უსაფრთხო ქვეყანა ვართ… როგორ შეიძლება ქართველებს ვინმემ თუნდაც სტუმართმოყვარეობა დაგვიწუნოს?! პირიქით, ამით ყველა ამაყობს. და ვისაც რცხვენია, რომ ქართველია, მართლა სამარცხვინო ადამიანები არიან.
ჩვენმა ოლიმპიელებმა რამხელა სიხარული მოგვანიჭეს, როგორი საამაყო ქართველები გვყავს და როგორ გვასახელეს. მე მეამაყება, რომ ქართელი ვარ, მეამაყება, რომ ჩემი შვილები საქართველოში ცხოვრობენ, მეამაყება, რომ ამ მიწა-წყალზე მიწევს ცხოვრება, ძალიან ბედნიერი ვარ და დიახაც, ძალიან ბევრი ქვეყნის წარმომადგენლებს ვჯობივართ, ადამიანობით, სტუმრის პატივისცემით და ყველაფრით… ისინი კი, ვინც ამბობენ, რომ ქართველობის რცხვენიათ, არიან ქვეყნის მტრები.
ამ ქვეყნისთვის, ერისთვის ძალიან ბევრი სისხლი დაიღვარა, იმიტომ არ უბრძოლიათ, რომ ვიღაცამ ეს ქვეყანა ასე ლანძღოს და ასე ესაუბროს ერს, რომელსაც 100 000 მოწამე და სამი ათასი გარეჯელი ბერი ჰყავს…
ამ ბოლო ხანებში ვაკვირდები და ადამიანებში უსიყვარულობა სუფევს, მოდაში შემოვიდა არაპატრიოტიზმი, ქვეყნის სიძულვილი, სიძულვილის ენით საუბარი, ერთმანეთის ლანძღვა-გინება, შენ ფიქრობ ასე? – იცხოვრე ასე, მაგრამ არ გაქვს უფლება შენს ქვეყანას შეურაცხყოფა მიაყენო.
ჩვენს ემიგრანტებსაც ძალიან ცუდად ექცვიან მაგალითად – იტალიელები, მაგრამ არცერთი იტალიელი არ ამბობს, რომ იტალიაში ცხოვრება აღარ სურთ. ძალიან ბევრი ქართველი დაღუპულა უცხოეთში უცხოელებისგან და არცერთი ერი ასე არ ეკიდება საკუთარ ქვეყანას.
ტელევიზიები გვანადგურებენ და როგორც წარმოაჩენენ ჩვენს ქვეყანას – ეს მტრობაა. ამიტომ ყველას ძალიან გთხოვთ, თავი შეიკავეთ ასეთი დამოკიდებულებისგან. მთელ ქვეყანას ერთ მანიაკთან ნუ გააიგივებთ.
ყველას მოგმართავთ ერთმანეთს გაუფრთხილდით, ასეთი საუბარი, ურთიერთობა, დამოკიდებულება არ შეიძლება,” – განაცხადა მამა შალვა კეკელიამ.