ქვეყანაში შექმნილი მძიმე ვითარების მართვა ხელისუფლების მხრიდან სათანადოდ არ ხდება. ჩემი აზრით, ერთიანი ძალებით ხელისუფლება, თუნდაც პოპულარულ ადამიანებთან ერთად, ერთი კამპანიისთვის უნდა გაერთიანდნენ და საერთო ძალებით შევუტიოთ ვირუსს,” – ამის შესახებ პროდიუსერმა კახა მამულაშვილმა “მიქს. მეტრონომთან” საუბრისას განაცხადა,
მან ასევე პანდემიასთან ბრძოლაში ეკლესიის როლსაც გაუსვა ხაზი და აღნიშნა, რომ კონსენსუსის გარეშე რთული იქნება უხილავი მტერის დამარცხება.
“საგიჟეთია რაც დღეს ქვეყანაში თუ სოციალურ ქსელებში ხდება… მე პირადად აცრილი ვარ, დაწესებულ რეგულაციებს ვასრულებ. ვაკეთებ ყველაფერს იმისთვის, რომ ჯანმრთელები ვიყოთ, მეც, ჩემი ოჯახიც და ხალხი.
იცით, რა არის ყველაზე საყურადღებო, ადამიანები, რომლებიც კოვიდს ებრძვიან, საავადმყოფოში არიან მოთავსებულნი, ისინი მოუწოდებენ ადამიანებს აცრისკენ და ხალხს მაინც არ სჯერა… რეალურად საქმე იმაშია, რომ სახელმწიფოს ნდობა არ აქვთ, ამ რეგულაციებს არ იცავენ, არ ვიცი ეს რისი ბრალია… ზოგს არ სჯერა კოვიდის, ზოგს ჰგონია, რომ ვაქცინის მაგივრად ამპულაში წყალი ასხია, ზოგი მამაოს კურთხევას ელოდება, რომ აიცრას…
ქვეყანაში შექმნილი მძიმე ვითარების მართვა ხელისუფლების მხრიდან სათანადოდ არ ხდება. ჩემი აზრით, ერთიანი ძალებით ხელისუფლება, თუნდაც პოპულარულ ადამიანებთან ერთად, ერთი კამპანიისთვის უნდა გაერთიანდნენ და საერთო ძალებით შევუტიოთ ვირუსს, თორემ ასე ცალ-ცალკე არაფერი გამოვა, და ყველამ რომ იძახოს, – ჩემს თავზე მე ვიქნები პასუხისმგებელიო, ესე ხომ ვერ გავიმარჯვებთ ამ ბრძოლაში?! – ეს არის მსოფლიო პანდემია, საშიში მტერი, ყველამ უნდა მოვინდომოთ… აცრა კი ამ შემთხვევაში ერთადერთი გამოსავალია.
ეკლესიას ყველაზე დიდი გავლენა აქვს და ვფიქრობ, მათზე ძალიან დიდი რამ არის დამოკიდებული. სასულიერო პირთა ნაწილი კი აიცრა, მაგრამ ძალიან ცოტა. კი, რა თქმა უნდა, ყველას თავისი არჩევანი აქვს, ყველამ თავად უნდა გადაწყვიტოს როგორ მოიქცეს, მაგრამ აი, რა ვუყოთ სტატისტიკას, როცა აცრილებთან ლეტალური შედეგები არ არის, და თუ ეს ვირუსი ხვდებათ, იოლად გადააქვთ, აუცრელებთან მიმართებაში კი ძალიან ბევრი ლეტალური შედეგია დამდგარი. ამ სტატისტიკას შევხედოთ, თორემ სხვას კი არაფერს არ ვამბობ…
ჩემს ირგვლივ ძალიან ბევრი ადამიანი ვიცი, რომლებიც ანტივაქსერულ მოწოდებებს აკეთებდნენ, მაგრამ საბოლოო ჯამში წავიდნენ და აიცრნენ, ჩემი ბევრი ახლობელია ასეთი.
ასევე, ჩემი მეგობრები, რომლებიც საავადმყოფოში წვანან, აცრა ვერ მოასწრეს და ახლა საკუთარი თვალებით უყურებენ იმ საშინელებას რაც კლინიკებში ხდება. იქიდან იძახიან ხალხო, ცუდად ვართ, ყოველდღე სასაკლაოს ვუყურებთ და გთხოვთ, აიცერითო. რა ვიცი აბა, თავდაჯერებულებო… მეტი რა უნდა მოხდეს…
მე და ლელა როცა ავიცერით, ლამის მიწაში ჩაგვდეს, ჩემი შვილი ავცერი და ბოდიში მაგრამ, არ მგონია, ის ჩემზე მეტად უყვარდეს ვინმეს, მე ვერავის ვერაფერს მოვუწოდებ, მაგრამ ვფიქრობ, აცრა ჩვენი ერთადერთი გადამრჩენელია,” – განაცხადა კახა მამულაშვილმა “მიქს. მეტრონომთან” საუბარში.