ძმები მაისაშვილების მშობლები დიღმის იზოლატორთან გამთენიას მივიდნენ. მათი ერთი შვილი დაკავებულია, ერთი ნაცემი. დაზუსტებით ამ დრომდე არ იციან, სად გადაიყვანეს დაკავებული 24 წლის გიორგი მაისაშვილი, 23 წლის ზვიადის ცემის კადრები კი რადიო თავისუფლებასთან საუბრამდე რამდენიმე წუთით ადრე ნახეს.
„ქუჩაში რომ აგდია, დიდი თმებითა და ულვაშით შვილი და დაგდებულს რომ შავებში ჩაცმული პოლიციელი სახეში წიხლს ურტყამს, იმ ბიჭის დედა ვარ, ახლა ვნახე კადრები, არ მაჩვენებდნენ, მიფრთხილდებოდნენ”, – ამბობს ელენე ჯანჯალია.
ზვიად მაისაშვილს პოლიცია ფიზიკურად 30 ნოემბერს გამთენიას რუსთაველის გამზირზე გაუსწორდა. მომხდარს პირდაპირ ეთერში იღებდა პარტია „სტრატეგია აღმაშენებლის“ წევრი, თეონა ჭალიძე. ვიდეოს პირველივე კადრში ჩანს, რომ ზვიად მაისაშვილი ტროტუარზე ძირს აგდია.
მას პოლიციელი წიხლს ურტყამს, მის გარშემო კი ათობით შავებში ჩაცმული და აირწინაღიანი პოლიციელია შეგროვილი. ფიზიკურად ძალადობენ კიდევ ერთ აქციის მონაწილეზე.
„ნუ ურტყავთ“, – ყვირიან მომხდარის შესწრე მოქალაქეები ვიდეოში. წაქცეული ახალგაზრდა წამოდგომას ცდილობს, რა დროსაც პოლიციელი ბრუნდება და დამატებით, კიდევ ორჯერ ურტყამს წიხლს სახეში. გიორგი მაისაშვილი გზაზე პირაღმა ეცემა, ორი პოლიციელი მოდის, უყურებს წაქცეულს და სიარულს აგრძელებს. აქციის მონაწილეებს ნაცემი მაისაშვილი ხელით გაყავთ.
ძმები მაისაშვილების სტუდენტები არიან. დედა, ელენე ჯანჯალია ვარაუდობს, რომ ზვიადი აქციაზე სამსახურის დასრულების შემდეგ ღამის 11 საათიდან მივიდა. მეორე შვილმა, გიორგიმ მშობლებს უთხრა, რომ რუსთაველზე ძმის წამოსაყვანად მიდიოდა.
„ახლობლის მანქანით წაიყვანეს კლინიკაში, უგონოდ იყო, როგორც მეუბნებიან. ტვინის შერყევა აქვს და ცხვირი აქვს გატეხილი. ვესაუბრე, არაფერი ახსოვს“,- ამბობს ელენე ჯანჯალია და ამატებს:
„ზვიადიზე ანგარიშსწორების ადგილიდან ხუთ მეტრში დააკავეს ჩემი მეორე შვილი გიორგი“.
24 წლის გიორგი მაისაშვილის ზუსტი ადგილსამყოფელი მშობლებისთვის უცნობია. დიღმის იზოლატორთან დგანან და სიახლეს ელოდებიან.
„მითხრეს აქ არისო და არ ვიცი, გარეთ ვდგავართ იქნებ დავინახოთ ეზოში მაინც, ახლა გამოყავთ დაკავებულების ნაწილი და მანქანებით გადაყავთ, სად არ ვიცი“.
ნაცემი ზვიად მაისაშვილი ინგოროყვას კლინიკაში აგრძელებს მკურნალობას. მისი და აქციაზე სხვა დაშავებულების მდგომარეობის შესახებ ჟურნალისტებს კითხვებს ინგოროყვას კლინიკაში ნეიროქირურგი, ნინო ხარაიშვილი დღის განმავლობაში უპასუხებს.
29-30 ნოემბერს საქართველოს პარლამენტთან პოლიციასა და დემონსტრანტებს შორის პერიოდული დაპირისპირებების შემდეგ, შინაგან საქმეთა სამინისტრომ აქციის დაშლა და მონაწილეთა დაკავება დაიწყო, რაც გამთენიამდე გააგრძელა. 06:15 საათისთვის პოლიციელებმა რესპუბლიკის მოედნამდე სდიეს დემონსტრანტებს.
შსს-ს თანახმად, „აქცია გასცდა შეკრებისა და მანიფესტაციის კანონით დადგენილ ნორმებს“ და მონაწილეები სამართალდამცავებს ფიზიკურად დაუპირისპირდნენ. დაკავებულია 107 პირი, რომლებსაც წვრილმან ხულიგნობასა და პოლიციის მოთხოვნისადმი დაუმორჩილებლობას ედავებიან.
შსს ამბობს, რომ დაშავდა 10 პოლიციელი, დაშავებული დემონსტრანტების ზუსტი რიცხვი უცნობია.
აქციის დასაშლელად გამოიყენეს წყლის ჭავლი, წიწაკის სპრეი, ცრემლსადენი გაზი. აქციის მონაწილეები პოლიციელების მხრიდან განსაკუთრებულ სისასტიკეზე ჰყვებიან. ვრცელდება მონათხრობის ამსახველი კადრებიც.
29-30 ნოემბერს, გვიან ღამით, რუსთაველის გამზირზე პროევროპულ საპროტესტო დემონსტრაციაზე პროფესიული საქმიანობის შესრულებისას, წინა ღამის მსგავსად, ჟურნალისტებიც დაშავდნენ. პოლიციის თანამშრომლები ჟურნალისტებზე ფიზიკურად ძალადობენ და სამსახურებრივი მოვალეობის შესრულებაში ხელს მიზანმიმართულად უშლიან.
უფლებადამცველების შეფასებით, დაკავებისას პოლიცია იყენებს არაპროპორციულ და ხშირად გაუმართლებელ ძალას. საპოლიციო ძალები ხელს უშლიან მედიის მუშაობას და განსაკუთრებული აგრესიით გამოირჩევიან ჟურნალისტების წინააღმდეგ.
სახალხო დამცველის განცხადებით, „შემაშფოთებელია მასმედიით გავრცელებულ ვიდეოკადრებში ასახული, მშვიდობიანი მომიტინგეების მიმართ არაადამიანური და დამამცირებელი მოპყრობის და მიზანმიმართული დევნის დანაშაულებრივი ქმედებები“.
ათასობით დემონსტრანტი რუსთაველის გამზირზე პარლამენტის წინ 28 ნოემბრიდან აპროტესტებს მთავრობის გადაწყვეტილებას, 2028 წლის ბოლომდე დღის წესრიგში არ დააყენონ ევროკავშირში გაწევრების მოლაპარაკების გახსნის საკითხი. პროტესტის პირველ დღეს შსს-მ გაავრცელა განცხადება, სადაც ეწერა, რომ 43 ადამიანი დააკავეს.
23 წლის ზვიად მაისაშვილზე რობოკოპების სასტიკი ძალადობის ვიდეო:
წყარო: რადიო თავისუფლება