ფრანგული ორგანიზაციის “აკრედიტაცია საზღვრების გარეშე” პრეზიდენტმა, პროფესორმა გიორგი ფხაკაძემ საქართველოში გართულებულ ეპიდემიოლოგიურ ვითარებაზე “მიქს.მეტრონომთან” საუბრისას განაცხადა, რომ ვირუსთან ბრძოლის წინააღმდეგ საერთო კონსენსუსი არ არსებობს.
“ძალიან დიდი პრეტენზია მაქვს დაავადებათა კონტროლის ცენტრთან, თავიდან – ბოლომდე, ხელმძღვანელობიდან დაწყებული, რომელიც გახდა ყველაზე მავნე, ანტივაქსერული სააგენტო, ჩვენს ქვეყანაში. არაპროფესიონალები დგანან და გვატყუებენ. ვაქცინაციის საბჭოში ვინც არიან, რა განათლება აქვთ? ან რა დონის გამოცდილება? რაებს ლაპარაკობენ გონზე არ არიან… გამოცდილება და პროფესიონალიზმი არ გააჩნიათ, მაგრამ არასწორი გადაწყვეტილებების მიღება კარგად გამოსდით.
გარდა ამისა, საქართველოში ჯანდაცვის სამინისტრო არ არსებობს, ეს ცალკე სამინისტრო უნდა იყოს, რაც არ არის, არ შეიძლება ჯანდაცვის სამინისტრო იყოს ყველაფრის სამინისტრო. განათლების სამინისტრო როდესაც ცალკე გააკეთეს, ჯანდაცვის სამინისტროსთან მიმართებით ანალოგიური რატომ არ მოხდა? – მე არ ვარ პოლიტიკოსი, მაგრამ უნდა ვთქვა, რომ აქაც უნდა დამდგარიყო საკითხი, რომ ჯანდაცვის სამინისტრო ყოფილიყო ცალკე.
სხვათაშორის მე იმასაც ვამბობდი, რომ როდესაც ჩვენ მძიმე ეპიდსიტუაციის პიკში ვართ, ჯანდაცვა არ ვაკრიტიკოთ, როცა პიკი გადაივლის, მერე მოვთხოვოთ პასუხი ყველას- მეთქი, ის ოპოზიციური პარტიები, რომლებიც მართლა ბღავიან, სადაც არის რეალური პრობლემა, იმაზე არ ლაპარაკობენ, ოპოზიციური პარტიებიც არიან მავნებლები. ისეთ შეგრძნება მაქვს, რომ ოპოზიციაც და პოზიციაც გამიზნულად აძლევენ საბაბს ერთმანეთის სალანძღავად.
სამწუხაროდ, არ არსებობს კონსენსუსი ამ ვერაგთან ბრძოლაში. შეიძლება სხვა საკითხებზე “ერთმანეთი დახოცონ” , მაგრამ ჯანდაცვის სფეროში ექსპერტებთან ერთად უნდა მუშაობდნენ. და ვინ ზის ერთად? – არავინ და ამის მაგივრად ყოველდღე გვესმის, ლანძღვა – გინებები, პირდაპირი თუ არაპირდაპირ,” – ამბობს გიორგი ფხაკაძე “მიქს.მეტრონომთან” ინტერვიუში.