გაეროს გენერალური მდივნის მრჩეველმა, საზოგადოებრივი ჯანდაცვის ექსპერტმა, პროფესორმა გიორგი ფხაკაძემ საქართველოში გართულებულ ეპიდემიოლოგიურ ვითარებაზე “მიქს.მეტრონომთან” საუბრისას განაცხადა, რომ ამ მიმართულებით მთავრობა და დაავადებათა კონტროლის ცენტრი არაეფექტურად მუშაობს.
როგორც ფხაკაძემ აღნიშნა, პანდემიის წინააღმდეგ არაპროფესიონალები და არაკეთილსინდისიერი ადამიანები მუშაობენ. მისივე თქმით, უნდა იდგეს კონკრეტული პირების სამართლებრივი პასუხისმგებლობის საკითხი, რაზეც რეაგირება სახელმწიფოს მხრიდან არ ხდება.
ფხაკაძემ ხაზი გაუსვა იმასაც, რომ მთავრობამ ბოლო ბერკეტი უნდა გამოიყენოს და ეს კვლავ რეგულაციებია.
“საქართველოს მთავრობა, ისე ვერ მართავს პროცესებს, როგორც უნდა მართავდეს. ნორმალურ დემოკრატიულ ქვეყანაში, როდესაც პასუხისმგებელი პირი ამბობს, მე ამას გავაკეთებ და ვერ აკეთებს, მინიმუმ თანამდებობას ტოვებს. და თუ დანაშაულში მიუძღვის ბრალი, ამისთვის, შესაბამისი ორგანოები არსებობს, რომელთაც ამაზე უნდა იზრუნონ.
არაპროფესიონალიზმი მეფობს – პირველი პრობლემა სწორედ – არაპროფესინალიზმია, მეორე – ნეპოტიზმი, მესამე – კორუფცია. აქ საუბარი არა არის მხოლოდ ფინანსურ კორუფციაზე… გარედან გამოვიყურებით როგორც დემოკარტიული ქვეყანა, მაგრამ ვიქცევით, როგორც დიქტატორული ქვეყანა. წელიწადნახევარი გავიდა და ერთი ადამიანიც კი არ არის დასჯილი, ერთი ადამიანიც კი არ იქნა გადაყენებული.
დავიწყოთ დაავადებათა კონტროლის ცენტრით, სად არის აქ დაავადებათა კონტროლი?! – ვერ აკონტროლებენ! ამ პანდემიის პერიოდში დაახლოებით სამასი ვიდეომიმართვა მაქვს გავრცელებული, ჩემი ენერგია და დრო დავხარჯე, მოქალაქეების ინფორმირებისთვის, და ზოგადად პანდემიასთან დაკავშირებულ სხვადასხვა საკითხებზე საუბარში… ამას ვაკეთებ უანგაროდ, ამაში არავინ მიხდის ფულს და არავისზე ვარ დამოკიდებული, არანაირ ბენეფიტებს, ან რაიმე მსგავს არ ვეძებ… და ის ადამიანები, ვისაც ხელფასი აქვთ, რომელთაც თავიანთი პროფესიიდან გამომდინარე სპეციალური დავალებები უნდა ასრულონ, და მათ უკან კიდევ 3 000 ადამიანი მუშაობს, თქვენ წარმოიდგინეთ, სამასი ათასმა ადამიანმა რომ გააკეთოს ის, რასაც მე ერთი ვაკეთებ, რა შედეგი იქნება… და ამ რთულ ვითარებას ნუ დავაბრალებთ ადამიანებს.
იცით, რა იოლია მოქალაქეებზე ხელის გაშვერა?! და თუ თავს ვერ ართმევ დაკისრებულ მოვალეობას, ეს უნდა აღიარო. როდესაც მართვის სადავეები გაბარია უნდა იცოდე, მოქალაქეებს რა ტიპის ინფორმაცია მიაწოდო, აწონ-დაწონო ყველაფერი, როგორ? – რა სიხშირით? როდესაც შეგიძლია გამოიყენო ყველა რესურსი, ეს იქნება – ტელევიზია, რადიო, ინტერნეტი და ასე შემდეგ… და რა ხდება ამ დროს? – არაფერი, გარდა არაპროფესიონალური მიდგომებისა.
წელიწადნახევარი გავიდა და პასუხი არავინ აგო, დაწყებული სამედიცინო პირბადეების თემით… დაგავიწყდათ დოლბანდი 1.ლარად და 20 თეთრად რომ იყიდებოდა აფთიაქებში? – ამ საშიში დოლბანდის გამო დაისაჯა ვინმე? ან საყვედური მაინც მიიღო?
შარშან ვამბობდი, ელექტრონული ჯანდაცვა ასაწყობია – მეთქი – რატომ? – ნახეთ, რამდენი ადამიანი დარეგისტრირდა და მერე არ მივიდა ვაქცინაციაზე. ელექტრონულ ჯანდაცვაში ეს ყველაფერი ხომ გამოჩნდებოდა და დანაშაულისთვის შესაბამისი პასუხიც ხომ მოეთხოვებოდათ?!
ბოლო ბერკეტი რაც სახელმწიფოს აქვს, ეს არის რეგულაციები, რომელსაც სჭირდება აღსრულება თუმცა, პრაქტიკულად სახელმწიფომ გადაჭრა ის ტოტი, რაზეც ზის.
ჩემს ძველ ვიდეომიმართვებს რომ გადახედოთ ვამბობდი, რომ ამ რეგულაციების მოხსნას, არაფერი აქვს საერთო არც მეცნიერებასთან, არც ლოგიკასთან, ეს იყო სუფთა პოლიტიკური გადაწყვეტილება. როდესაც ეს საჯაროდ ვთქვი, ამას ყურადღება არავინ მიაქცია, რის შედეგსაც დღეს ვიმკით.
კი ბატონო, პრემიერ-მინისტრმა, ჯანდაცვის მინისტრმა და მინისტრის მოადგილემ ძალიან კარგი საქმე გააკეთეს, მართლა 24 საათი იმუშავეს, რომ ის ვაქცინა, (“ფაიზერის” ვაქცინაზე მაქვს საუბარი, სხვა ვაქცინებზე არ ვლაპარაკობ არასდროს, ეს ცალკე სასაუბრო თემაა) ქვეყანაში შემოსულიყო, ეს რომ გაკეთდა, ამისთვის ძალიან დიდი მადლობა, მაგრამ ეს ერთი დიდი სურათის, ძალიან პატარა ნაწილია…. მართლა უმნიშვნელოვანესი საქმე გააკეთეს… მაგრამ დანარჩენი? – ესენი კი შემოიტანეს, მაგრამ ტექნიკურ ექსპერტიზას ვინ აკეთებს? – დაავადებათა კონტროლის ცენტრმა რა გააკეთა რეალურად? – ყველანაირი ანტივაქსერული მესიჯები თუ არსებობს ქვეყანაში იქიდან მოდის.
მე რასაც ვლაპარაკობ, მერე თუთიყუშებივით იმეორებენ. დაწყებული პირბადეების თემიდან – პირბადებიის ხარისხს ვინ ადგენს? – დაავადებათა კონტროლის ცენტრმა ვერ ჩამოიტანა 50 000 დოლარიანი ლაბორატორია, ახლა გამეცით პასუხი, ყველაფერს რომ თავი დავანებოთ, ამ ორგანიზაციის პასუხისმგებლობის საკითხი არ უნდა იდგეს? მინისტრი არის პოლიტიკური ფიგურა, მე არ ვარ პოლიტიკოსი, არ ვიცი პოლიტიკური თამაშები და არც მაინტერესებს. მე ჯანდაცვის მინისტრთან პრეტენზია არ მაქვს, აპოლიტიკური ტექნოკრატი ვარ, პრეტენზია მაქვს იმ ექსპერტებთან, რომლებიც ჩვენი სახელმწიფოს მიერ არიან დაქირავებული.
დაავადებათა კონტროლის ცენტრი წელიწადნახევარია ვერ აკონტროლებს დაავადებას ქვეყანაში. იქ არის ძალიან დიდი კორუფციული გარიგებები, არასწორი გადაწყვეტილების მიზანმიმართული მიღებები – ესეც კორუფციაა.
ჩემს უკან არც პოლიტიკური პარტიაა, არანაირი ინსტიტუცია არ დგას და მე შევძელი, რომ სამედიცინო პირბადის ფასმა 12 თეთრამდე ჩამოიწია, და დოლბანდის ხარისხიდან – სამედიცინო ხარისხზე ავიდა. ეს ნორმალურია, რომ ადამიანი, რომელიც საქართველოშიც კი არ იმყოფება, ამას აღწევს? – რას აკეთებს ეს დაავადებათა კონტროლის ცენტრი მართლა ვერ გავიგე. მოქალაქეებს წესიერ და სრულ ინფორმაციასაც ვერ აწვდიან, ხალხმა არ აცის რა არის – ვაქცინები. რასაც მე 2020 წლის დეკემბერში ვამბობდი, გადახედეთ თუ შეიცვალა რამე… – ელექტრონული ჯანდაცვა არ არის, სამედიცინო პირბადის ხარისხის სტანდარტი არ არის, საზოგადოებაში ვაქცინაციის შესახებ ინფრომაცია არ არის.. ბილბორდებზე, ან ტელევიზიებში საინფორმაციო სახის რეკლამები არ არის – არაპროფესიონალიზმის პიკია! და ესეც კორუფციაა, როდესაც შენ არაპროფესინალს სამუშაოს აძლევ.
და კიდევ, თუ თვითონ ვერ ხვდება, რომ ცუდი მუშაობის გამო ადამიანი უნდა წავიდეს, შენ უნდა მიიღო სწორი გადაწყვეტილება,” – განაცხადა გიორგი ფხაკაძემ “მიქს.მეტრონომთან” ინტერვიუში.