როგორ მიმდინარეობს COVID -19-თან ბრძოლა საქართველოში? რამდენად ეფექტურია ჯანდაცვის სექტორის მხრიდან კოვიდპანდემიის მართვა? რატომ ვერ უზრუნველყოფს სახელმწიფო მასობრივ იმუნიზაციას? არის თუ არა ქვეყანაში ვირუსის ის სტატისტიკური მაჩვენებლები, რომლებზეც არ საუბრობენ? ამ და სხვა საინტერესო თემებზე ფრანგული ორგანიზაციის “აკრედიტაცია საზღვრების გარეშე” პრეზიდენტმა, პროფესორმა გიორგი ფხაკაძემ “მიქს.მეტრონომს” ესაუბრა.
-ბატონო გიორგი, მოდით დავიწყოთ საუბარი, საქართველოში გაუარესებულ ეპიდემიოლოგიურ ვითარებაზე. როგორც ექსპერტი, როგორ ფიქრობთ, ვირუსის ბოლოდროინდელი გაზრდილი მაჩვენებლები მთავრობის არაეფექტური მუშაობის შედეგია თუ მოქალაქეების უპასუხსიმგებლო დამოკიდებულების?
-საქართველოს მთავრობა, ისე ვერ მართავს პროცესებს, როგორც უნდა მართავდეს. ნორმალურ დემოკრატიულ ქვეყანაში, როდესაც პასუხისმგებელი პირი ამბობს, მე ამას გავაკეთებ და ვერ აკეთებს, მინიმუმ თანამდებობას ტოვებს. და თუ დანაშაულში მიუძღვის ბრალი, ამისთვის, შესაბამისი ორგანოები არსებობს, რომელთაც ამაზე უნდა იზრუნონ.
არაპროფესიონალიზმი მეფობს – პირველი პრობლემა სწორედ – არაპროფესინალიზმია, მეორე – ნეპოტიზმი, მესამე – კორუფცია. აქ საუბარი არა არის მხოლოდ ფინანსურ კორუფციაზე… გარედან გამოვიყურებით როგორც დემოკარტიული, მაგრამ ვიქცევით, როგორც დიქტატორული ქვეყანა. წელიწადნახევარი გავიდა და ერთი ადამიანიც კი არ არის დასჯილი, ერთი ადამიანიც კი არ იქნა გადაყენებული საპასუხისმგებლო თანამდებობიდან.
დავიწყოთ დაავადებათა კონტროლის ცენტრით, სად არის აქ დაავადებათა კონტროლი?! – ვერ აკონტროლებენ! ამ პანდემიის პერიოდში ჩემი ენერგია და დრო მოქალაქეების ინფორმირებაზე მივმართე, ამას უანგაროდ ვაკეთებ, არავისზე ვარ დამოკიდებული, არანაირ ბენეფიტებს, ან რაიმე მსგავს არ ვეძებ… და ის ადამიანები, ვისაც ხელფასები აქვთ, რომელთაც თავიანთი პროფესიიდან გამომდინარე სპეციალური დავალებები უნდა ასრულონ, მათ უკან კიდევ 3 000 ადამიანი მუშაობს, თქვენ წარმოიდგინეთ, სამასი ათასმა ადამიანმა რომ გააკეთოს ის, რასაც მე ერთი ვაკეთებ, როგორი შედეგი იქნება… და ამ რთულ ვითარებას ნუ დავაბრალებთ მხოლოდ ადამიანებს.
-თუმცა, ისიც უნდა აღინიშნოს, რომ ჩვენც, მოქალაქეები ხშირად სამოქალაქო პასუხისმგებლობიდან ვუხვევთ…
-იცით, რა იოლია მოქალაქეებზე ხელის გაშვერა, ძალიან… როდესაც მართვის სადავეები გაბარია უნდა იცოდე, მათ რა სახის ინფორმაცია მიაწოდო, აწონ-დაწონო ყველაფერი, როგორ? – რა სიხშირით? და როდესაც შეგიძლია ყველა რესურსი გამოიყენო, ეს იქნება – ტელევიზია, რადიო, ინტერნეტი და ასე შემდეგ… რა ხდება ამ მიმართულებით? – არაფერი, რაც სავალალო შედეგებზე აისახება.
წელიწადნახევარი გავიდა და პასუხი არავინ აგო, დაწყებული სამედიცინო პირბადეების თემით… დაგავიწყდათ დოლბანდი 1 ლარად და 20 თეთრად რომ იყიდებოდა აფთიაქებში? – ამ საშიში დოლბანდის გამო ვინმე პასუხი აგო? ან საყვედური მაინც მიიღო?
შარშან ვამბობდი, ელექტრონული ჯანდაცვა ასაწყობია – მეთქი – რატომ? – ნახეთ, რამდენი ადამიანი დარეგისტრირდა და მერე არ მივიდა ვაქცინაციაზე. ელექტრონულ ჯანდაცვაში ეს ყველაფერი ხომ გამოჩნდებოდა და დანაშაულისთვის შესაბამისი პასუხიც ხომ მოეთხოვებოდათ?!
ბოლო ბერკეტი რაც სახელმწიფოს აქვს, ეს რეგულაციებია, რომელსაც აღსრულება სჭირდება, თუმცა, პრაქტიკულად ის ტოტი გადაჭრა, რაზეც ზის.
-თქვენ ხშირად აღნიშნავდით, რომ მთავრობის მიერ რეგულაციების შემსუბუქება არასწორი გადაწყვეტილება იყო…
– რეგულაციების მოხსნას არაფერი აქვს საერთო არც მეცნიერებასთან, არც ლოგიკასთან, ეს იყო სუფთა პოლიტიკური გადაწყვეტილება. როდესაც ეს საჯაროდ ვთქვი, ამას ყურადღება არავინ მიაქცია, რის შედეგსაც დღეს ვიმკით.
-რამდენიმე დღის წინ მთავრობის წარმომადგენლებს სოციალური ქსელის მეშვეობით მადლობა გადაუხადეთ საქართველოში “ფაიზერის” ვაქცინის შემოტანისთვის…
-კი ბატონო, პრემიერ-მინისტრმა, ჯანდაცვის მინისტრმა და მინისტრის მოადგილემ ძალიან კარგი საქმე გააკეთეს, მართლა 24 საათი იმუშავეს, რომ ის ვაქცინა, (“ფაიზერის” ვაქცინაზე მაქვს საუბარი, სხვა ვაქცინებზე არ ვლაპარაკობ არასდროს, ეს ცალკე სასაუბრო თემაა) ქვეყანაში შემოსულიყო, ეს რომ გაკეთდა, ამისთვის ძალიან დიდი მადლობა, მაგრამ ეს ერთი დიდი სურათის, ძალიან პატარა ნაწილია. მართლა უმნიშვნელოვანესი საქმე გააკეთეს… მაგრამ დანარჩენი? – ტექნიკურ ექსპერტიზას ვინ აკეთებს? – დაავადებათა კონტროლის ცენტრმა რა გააკეთა რეალურად? – ყველანაირი ანტივაქსერული მესიჯები თუ არსებობს ქვეყანაში იქიდან მოდის.
მე რასაც ვლაპარაკობ, მერე თუთიყუშებივით იმეორებენ. დაწყებული პირბადეების თემიდან – პირბადებიის ხარისხს ვინ ადგენს? – დაავადებათა კონტროლის ცენტრმა ვერ ჩამოიტანა 50 000 დოლარიანი ლაბორატორია, ახლა გამეცით პასუხი, ყველაფერს რომ თავი დავანებოთ, ამ ორგანიზაციის პასუხისმგებლობის საკითხი არ უნდა იდგეს?
-როგორც ვხდები, ხელს ძირითადად დაავადებათა კონტროლის ცენტრისკენ იშვერთ…
-ასეა, ძალიან დიდი პრეტენზია მაქვს დაავადებათა კონტროლის ცენტრთან, თავიდან – ბოლომდე, ხელმძღვანელობიდან დაწყებული, რომელიც გახდა ყველაზე მავნე, ანტივაქსერული სააგენტო, ჩვენს ქვეყანაში. არაპროფესიონალები დგანან და გვატყუებენ. ვაქცინაციის საბჭოში ვინც არიან, რაებს ლაპარაკობენ გონზე არ არიან… გამოცდილება და პროფესიონალიზმი არ გააჩნიათ, მაგრამ არასწორი გადაწყვეტილებების მიღება კარგად გამოსდით.
მე არ ვარ პოლიტიკოსი, მაგრამ აუცილებლად უნდა ვთქვა, დღის წესრიგში ჯანდაცვის სამინისტროს ცალკე გამოყოფის საკითხი უნდა დამდგარიყო. ჩვენ დღეს ჯანდაცვის სამინისტრო არ გვაქვს.
სხვათაშორის იმასაც ვამბობდი, რომ როდესაც ჩვენ მძიმე ეპიდსიტუაციის პიკში ვართ, ჯანდაცვა არ ვაკრიტიკოთ, როცა პიკი გადაივლის, მერე მოვთხოვოთ პასუხი ყველას- მეთქი, ის ოპოზიციური პარტიები, რომლებიც მხოლოდ ბღავიან, სადაც მართლა რეალური პრობლემაა, იმაზე არ ლაპარაკობენ, ისინიც მავნებლები არიან. ისეთ შეგრძნება მაქვს, ოპოზიციაც და პოზიციაც გამიზნულად აძლევენ საბაბს ერთმანეთის სალანძღავად.
სამწუხაროდ, არ არსებობს კონსენსუსი ამ ვერაგთან ბრძოლაში. შეიძლება სხვა საკითხებზე “ერთმანეთი დახოცონ”, მაგრამ ჯანდაცვის სფეროში ექსპერტებთან ერთად უნდა მუშაობდნენ. და ვინ ზის ერთად? – არავინ და ამის მაგივრად ყოველდღე გვესმის, ლანძღვა – გინებები, პირდაპირი თუ ირიბი…
მე ყველას ვაკრიტიკებ, ვინც გასაკრტიკებელია, არამხოლოდ მთავრობას. როდესაც მთავრობა სწორ ნაბიჯებს დგამს, ამასაც ხმამაღლა ვამბობ, ეს ჩემთვის პრობლემას არ წარმოადგენს. რაც გააკეთეს ამისთვის ძალიან დიდ მადლობას ვუხდი, მართლა კარგად იმუშავეს.
-დაკავებული თანამდებობიდან წასვლის საკითხი ახსენეთ, კონკრეტულად ვისზე გაქვთ საუბარი? – მათ შორის ჯანდაცვის მინისტრიც ხომ არ იგულისხმეთ?
-მე არ ვარ პოლიტიკოსი, არ ვიცი პოლიტიკური თამაშები და არც მაინტერესებს. ჯანდაცვის მინისტრთან პრეტენზია არ მაქვს, ის პოლიტიკური ფიგურაა, მე ვარ აპოლიტიკური ტექნოკრატი, პრეტენზია მაქვს იმ ექსპერტებთან, რომლებიც ჩვენი სახელმწიფოს მიერ არიან დაქირავებული. დაავადებათა კონტროლის ცენტრი, ეს არ არის არჩეული, ჩვენ მიერ დაქირავებული ორგანოა, რომლის მოვალეობაც დაავადების კონტროლია, რაც წელიწადნახევარია ქვეყანაში ვერ ხერხდება. კონტროლის გარდა ყველაფერი ხდება….
ჩემს უკან არც პოლიტიკური პარტია, არანაირი ინსტიტუცია არ დგას და მე ერთმა ადამიანმა, შევძელი, რომ სამედიცინო პირბადის ფასს 12 თეთრამდე ჩამოეწია, დოლბანდის ხარისხიდან – სამედიცინო ხარისხზე ავიდა. და დაავადებათა კონტროლის ცენტრი მართლა ვერ გავიგე რას აკეთებს… მოქალაქეებს წესიერ და სრულ ინფორმაციასაც ვერ აწვდიან, ხალხმა არ აცის რა არის ეს ვაქცინები, სიტუაცია კი ყოველდღიურად უარესდება.
– სამართლებრივი პასუხისმგებლობების დაყენების საკითხს, პრობლემების გადაჭრის ერთ-ერთ საშუალებად მიიჩნევთ?
-ყველამ ვიცით, რომ “იმედის” ტელევიზია ხელისუფლების რუპორია, და გადაცემაში მიიწვიეს ანტივაქსერი, არ მინდა სახელი და გვარი დავასახელო, მართლა მავნე ადამიანი, რომელიც ტელევიზიაში კი არა, ციხეში უნდა იჯდეს. როგორ შეიძლება იმ ქალბატონს, რომელიც ბალახებს ყიდის, აკადემიკოსიც კი არ არის, საქვეყნოდ ანტივაქსერულ განცხადებებს აკეთებინებდნენ. დაავადებათა კონტროლის ცენტრმა ამ შარლატანების წინააღმდეგ არ უნდა იბრძოლოს? მე საფრანგეთიდან ვამბობ, რომ ეს არის აფერისტი და მანდ სად არიან სახელმწიფო უწყებები ამ დროს? სად არის წამლის სააგენტო, სამინისტრო? – და კიდევ კითხვებს უსვამენ – თქვენ რას ფიქრობთო, რას ფიქრობს კი არა, ციხე უნდა ამ ადამიანს.
-ფაქტია, გარკვეულ პასუხისმგებლობას მედიასაც აკისრებთ…
-რა თქმა უნდა. მაგრამ ნახეთ, ამ მედიასაშუალებების უკანაც ხომ პოლიტიკური პარტიები დგანან?! – ამიტომ ვსაუბრობ პოლიტიკურ პასუხისმგებლობაზეც, რომ ყველა პოლიტიკური პარტია უნდა შეთანხმდეს საერთო გეგმაზე. ორი საკითხია საქართველოში, რომელზეც საერთო შეთანხმებას უნდა მივაღწიოთ, ეს არის რუსული აგრესია და ვირუსი. აქ ყველა ერთიანი უნდა იყოს, დანარჩენებზე “დაუხოციათ ერთმანეთი”…
-ანტივაქსერულ კამპანიასაც შეეხეთ და როგორ ფიქრობთ, რა უნდა გაკეთდეს იმისთვის, რომ ვაქცინის წინააღმდეგ რადიკალურად განწყობილი ადამიანების თანხმობა მოხდეს იმუნიზაციის პროცესში ჩართვაზე?
-ძალიან მარტივი გამოსავალია – უნდა ითქვას სიმართლე!
-რა სიმართლე?
-ყველაფერი… 21 საუკუნეა და არსებობს ინტერნეტი, ღია წყაროები, ერთადერთი რაც უნდა გააკეთონ, ილაპარაკონ სიმართლე – კარგიც და ცუდიც, ეს ერთადერთი იარაღია ანტივაქსერების წინააღმდეგ.
მეორე საკითხი – საქართველოში თურმე ყოველი მეორე “ექსპერტი” ყოფილა, მეც ახლა რომ მეუბნებიან ექსპერტი ხარო, ეს უკვე შეურაცხყოფადაც შეიძლება მივიჩნიო. როცა ექსპერტობას იბრალებ, მინიმუმ სადოქტორო არ უნდა გქონდეს დამთავრებული?! – მინიმუმ ათი სტატია არ უნდა გქონდეს დაწერილი?! მინიმუმ საერთაშორისო გამოცდილება არ უნდა გქონდეს? – ძალიან ბევრი ახალგაზრდა სპეციალისტია საქართველოში, ვენაცვალე სულში, მაგრამ არ არიან გამოცდილები, რაც აზიანებს ვირუსთან ბრძოლის პროცესს. ატრიალებენ მათ თავიანთ ტელევიზიებში და ამით ფაქტობრივად, ნამდვილი ექსპერტების დისკრეტიაციას ახდენენ.
საქართველოში დღეში 50 -ზე მეტი ადამიანი იღუპება [კორონავირუსით], ეს ფაქტია, და თქვენ იცით, რომ ინფიცირებულია 10 000 -ზე მეტი ადამიანი? – ტყუილ ინფორმაციას ავრცელებენ, ამას ვამბობ საჯაროდ, გამიბედოს ვინმემ და დამიპირისპირდეს, დაამტკიცოს საწინააღმდეგო. დაავადებათა კონტროლის ცენტრი სტატისტიკას ვერ დებს, არაპროფესიონალები დგანან და გვატყუებენ, ამასთან, ანგარიშიც კი არ შეუძლიათ…
პოლიტოკოსებმა კი იმის მაგივრად, გამოსავალი ნახონ, ერთმანეთის ლანძღვით არიან დაკავებული. ყველა პოლიტიკური პარტია, ექსპერტი, უნდა დასხდეს და თქვას – ჩვენ ვკარგავთ ადამიანებს – რა გავაკეთოთ?
-თქვით, რომ ვაქცინებზე საუბარი ახლა არ გსურთ და ეს ცაკლე განსახილველი საკითხია… რატომ?
-მდიდარი ქვეყნები იცრებიან “ფაიზერით”, ამაზე მეტი პასუხი გინდათ? – არ გვინდა ზღაპრების მოყოლა, ეს ვაქცინა კარგია, ცუდია… ჩვენ ახლა მსოფლიოში ორი უსაფრთხო ვაქცინა გვაქვს. არის მდიდარი და ღარიბი ქვეყნების ვაქცინები. გაიხსენეთ, საქართველოდან ვიღაც-ვიღაცები დუბაიში რომ წავიდნენ ვითომ დასასვენებლად, რეალურად კი “ფაიზერის” ვაქცინისთვის გაემგზავრნენ. მდიდარი ქართველები წავიდნენ და აიცრნენ დუბაიში და თქვენ ჩინური რაღაცით აგცრეს. არ მინდა იმაზე ლაპარაკი, რომ ლაბორატორიულმა კვლევებმა ესა თუ ის აჩვენა… მარტივი ინდიკატორი – მდიდრები იცრებიან “ფაიზერით” და “მოდერნით” , ღარიბები დანარჩენით რაც არის…
საზოგადოება კი ვაქცინაციის შესახებ არაინფორმირებულია. არის ბილბორდებზე, ან ტელევიზიებში საინფორმაციო სახის რეკლამები? – არ არის. ეს არის მიზეზები რატომაც ვერ ხერხდება საყოველთაო იმუნაზიის პროცესში ჩართვა. არაპროფესიონალიზმის პიკია.
-რას გვეტყოდით გავრცელებულ ინფორმაციებსა და მოსაზრებებზე, რომ ვირუსი ხელოვნურად შეიქმნა?
-ამაზე სტატიაც მაქვს დაწერილი, ფაქტია, რომ ეს ვირუსი ვუჰანის ლაბორატორიიდან გამოეპარათ… ძალიან ცნობილი ქალბატონი ატარებდა კვლევებს, წლები მუშაობდა იქ და გამოეპარათ ვირუსი… ამიტომაც, ამაზე ჩინეთს მოეკითხება…
-რას ფიქრობთ, საბოლოოდ დამარცხდება ეს უხილავი მტერი, თუ მოგვიწევს მასთან თანაცხოვრების გაგრძელება?
-ჩვენ უნდა ვისწავლოთ ამ ვირუსსთან ერთად ცხოვრება. აი, ეს მძიმე სიტუაცია კიდევ რამდენიმე წელიწადს გასტანს. გაგრძელდება ეპიდაფეთქებები…
სხვათაშორის ძალიან ცუდი ამბავი მაქვს და თქვენთან ექსკლუზიურად ვამბობ, დელტა ვირუსმა გვაჩვენა, რომ თუ ადრე მუხანური ვირუსის კუთხით იყო საუბარი იმაზე, რომ მოსახლეობის 60-70% -ის ვაქცინაცია იქნებოდა საჭირო, და ეს უკვე ჩვენ ჯოგურ იმუნიტეტს გვაძლევდა, ვიქნებოდით დაცული, სამწუხაროდ, დღეის მონაცემებით, დელტა ვირუსმა გვაჩვენა, რომ საჭიროა მოსახლეობის 90 %-ის ვაქცინაცია,(ძითადად მე ბავშვებზე ვსაუბრობ ) თუ გვინდა ქვეყანაში გავაჩეროთ ვირუსი. ანუ, თუ ამ რაოდენობის მოსახლეობა არ იქნება აცრილი, არ იქნება ე.წ. ჯოგური იმუნიტეტი და გვექნება პრობლემები. შესაბამისად, ჩვენ გვჭირდება სწრაფი, ეფექტური, მაღალხარისხიანი, უსაფრთხო ვაქცინების იმპლემენტაცია, თან ძალიან სწრაფად.
– რა გვასწავლა ამ გამოწვევამ, რომელსაც კორონავირუსი ჰქვია?
-არაფერი. ჯიუტები ვართ, ჩვენ მაინც გვინდა ზღვაზე წასვლა, გარუჯვა, ქორწილები… და კიდევ, ძალიან მოკლე მეხსიერება გვაქვს…. იმიტომ ვამბობ, რომ უნდა მივიდეთ საერთო კონსენსუსამდე. ჩვენ გვჭირდება, პროფესიონალებით დაკომპლექტებული გუნდი, რომელიც ამ პროცესის მართვას ჩაიბარებს და ეს გუნდი არავითარ შემთხვევაში არ უნდა იყოს პოლიტიკური.
ავტორი: ნინო ჯიბუტი