ჟურნალისტი ნანუკა ჟორჟოლიანი ოლიმპიური ჩემპიონის, ძალოსან ლაშა ტალახაძის შესახებ “ფეისბუქის” პირად გვერდზე წერს:
“და ყოველ ჯერზე საკუთარ თავს ჯობნის. სხვა, ამის მომგები ჯერ ვერ მოიძებნა.
ახალი რეკორდი დამყარებულია,” – წერს ჟორჟოლიანი სოციალურ ქსელში.
შეგახსნებთ, რომ ლეგენდარული ქართველი ძალოსანი, +109 კგ. წონით კატეგორიაში ტოკიოს ოლიმპიური თამაშების გამარჯვებული გახდა. 27 წლის ქართველისთვის ეს რიგით მეორე ოლიმპიური ოქროა.
გუშინ, ლაშა ტალახაძემ სამი მსოფლიო რეკორდი დაამყარა – ატაცში მან 223 კილოგრამი ასწია, რაც ახალი მსოფლიო რეკორდია. აკვრაში ქართველმა სპორტსმენმა 265 კილოგრამი დაძლია და ამ კუთხითაც ახალი მსოფლიო რეკორდი დაამყარა. ამასთან, მან ორჭიდში 488 კილოგრამი დააგროვა, რითაც თავისივე მსოფლიო რეკორდი გააუმჯობესა.
მიმდინარე ოლიმპიურ თამაშებზე ტალახაძემ საქართველოს ოლიმპიურ ნაკრებს მე-2 ოქრო მოუტანა. საერთო გუნდურ ჩათვლაში საქართველოს ნაკრებისთვის ეს არის მე-7 მედალი (2 ოქრო, 4 ვერცხლი 1 ბრინჯაო).
ლაშა ტალახაძე 5-გზის ევროპის ჩემპიონი, 4-გზის მსოფლიო ჩემპიონატის გამარჯვებული და უკვე ორგზის ოლიმპიური ჩემპიონია.