გლდანში, 80 წლამდე ქალის მკვლელობის საქმეზე ახალი დეტალები ხდება ცნობილი.
ერთ-ერთი ვერსიით, მკვლელობის მოტივი ფულია, რომელსაც ქალი საცხოვრებელ სახლში ინახავდა.
როგორც მეზობლები ამბობენ, ქალბატონის ცხედარი მას შემდეგ იპოვეს, როცა შვილმა განგაში ატეხა. ის დედასთან დაკავშირებას ორი დღე უშედეგოდ ცდილობდა. ამის შემდეგ შვილი თავის შვილთან ერთად გლდანში, დედის სახლში მივიდა, მას ბინის კარი ბოქლომით დაკეტილი დახვდა.
შვილმა ჯერ იქვე მეზობლებთან მოიკითხა დედა, უთხრეს, რომ არ უნახავთ. შვილი გამუდმებით რეკავდა დედის ტელეფონის ნომერზე, მერე სახლთან მისულმაც კიდევ ერთხელ სცადა დარეკვა და გაიგო, რომ მათი ბინიდან ტელეფონის ზარის ხმა ისმოდა. ამის შემდეგ ატეხა განგაში, ბინაში რომ შესულიყო 112-ში დარეკა და მაშველები გამოიძახა, მის თვალწინ გახსნეს ბინის კარი და უმძიმესი სურათი დახვდათ, ლარისა მელიაშვილი ბინაში მოკლული ნახეს. ცხედარი იატაკზე სისხლის გუბეში იყო.
ადგილობრივები ამბობენ, რომ ქალს სახლში მაღაზია ჰქონდა, საიდანაც პროდუქტებს ყიდდა, სავარაუდო დამნაშავემ კი კარგად იცოდა, რომ ის ფულს ბინაში ინახავდა და თავდასხმაც ფულის გამო მოხდა.
მკვლელს გეგმა კარგად ჰქონდა შემუშავებული: კვალის დასაფარად დამნაშავემ კარზე წერილი დატოვა, რომ მაღაზია 10 დღეს არ იმუშავებდა, ამიტომ პენსიონერის გაუჩინარებას არავინ დაუჭვებია. მეზობლები ამბობენ, რომ ქალმა ქართული საერთოდ არ იცოდა და წერილსაც ვერ დაწერდა.
ცნობისთვი, 3 დღიანი გაუჩინარების შემდეგ 80 წლის ქალის ცხედარი საცხოვრებელ სახლში შვილმა იპოვა. პენსიონერს უმძიმესი დაზიანებები, სავარაუდოდ, ცივი იარაღით აქვს მიყენებული. ქალს მრავლობითი დაზიანებები თავისა და სახის არეში აღენიშნებოდა. ლარისა მელიაშვილის მკვლელობის საქმეს ახლა სამართალდამცავები იძიებენ. ფაქტზე გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 108-ე, განზრახ მკვლელობის მუხლით აღიძრა.