ჟურნალისტი, ნინო ჯანგირაშვილი სოციალურ ქსელის მეშვეობით კოლეგებს აკრიტიკებს:
“ახლა ვეცდები მოკლედ აგიხსნათ რატომ ვართ იქ, სადაც ვართ (ცუდი სიტყვის თქმა მინდა ჩვენი ადგილმდებარეობის შესახებ, მაგრამ თავს ვიკავებ):
დღეს ათამდე ჟურნალისტმა “გამოიჭირა“ გომელაური და “უძლიერესი“, აი ძააააან ძლიერი კითხვებით დაბომბა სუსის მოსმენებზე. ძირითადად აი ასეთით: “ბატონო ვახტანგ, თუ გქონიათ ოდესმე განცდა, რომ სუსი გისმენთ და გითვალთვალებთ?“
პასუხიც “ძაააან ძლიერი“ იყო, რა თქმა უნდა: “არანაირი შეგრძნება არ მაქვს, რომ მე მისმენენ.“ – ბრძანა გომელაურმა.
ამ ჟურნალისტებს შორის ჩვენიც იყო, და მასაც ეხება, თუმცა სტაჟიორია და ჩავთვალოთ, რომ ეპატიება (იმედია სამომავლოდ ეს შემთხვევა გამოადგება სასწავლებლად), მაგრამ ჩემო ძვირფასო კოლეგებო, ნუთუ არცერთს, სულ არავის არ გაგახსენდათ მანდ, რომ თავად გომელაური იყო სუსის უფროსი ოთხი წელი, დიდი ალბათობით თავად იყო იმ პორნოინდუსტრიის და მოსმენა–თვალთვალის სათავეში და თავად უგზავნიდა მსგავს კრებსებს ივანიშვილს?
ნუთუ არცერთს არ მოგივიდათ თავში თუნდაც ქართული სტანდარტით ძლიერი კითხვა–“ ბატონო ვახტანგ, თქვენ რა ფორმით აწვდიდით ინფორმაციას ბატონ ივანიშვილს მიყურადღებისა და თვალთვალის შედეგად მოპოვებული მასალების შესახებ?“.
არადა ეს კითხვაც სინამდვილეში წყალია, და ქართული მედიის ინფანტილურობით კმაყოფილი ბატონი ვახტანგი ამაზეც უპასუხებდა რომ რა სისულელეა. დასავლური მედია კი სრულიად სხვა კითხვებს დაუსვამდა გომელაურსაც და სხვებსაც.
მაგალითად: “რა უზრუნველყოფს საკანონმდებლო და ინსტიტუციურ დონეზე, რა არის ისეთი ძლიერი კონტროლის მექანიზმი, რაც დაგვარწმუნებდა, რომ ასეთი უკანონო თვალთვალი ამ ქვეყანაში შეუძლებელია? რატომ უნდა გენდოთ სიტყვაზე? “.
რა თქმა უნდა, გომელაური ამ კითხვაზე ვერ უპასუხებდა, იმიტომ რომ არც ინსტიტუცია იცის რა არის და არც კანონი, მაგრამ კიდევ უფრო ცხადი გახდებოდა, რომ არც არაფერი გვიცავს.
სამაგიეროდ ეს სკანდალი და დისკუსია გაცდებოდა ინიციალების ამოცნობა–ვერამოცნობის და სექსებზე ღლიცინის დონეს და ცოტა უფრო სერიოზულ სახეს მიიღებდა.
თუმცა ეს არ მოხდა და არც მოხდება.
არც პოლიტიკოსები იზამენ ამას დარწმუნებული ვარ.
ამიტომაც კიდევ დიდხანს ვიქნებით იქ, სადაც ვართ.
ბოდიში კოლეგებო, ჯობს ხანდახან ჩვენც ჩავიხედოთ სარკეში.” – წერს ჯანგირაშვილი სოციალურ ქსელში.