ალერგოლოგ- იმუნოლოგი, ბიძინა კულუმბეგოვი “ფეისბუქის” პირად გვერდზე ქვეყანაში გართულებულ ეპიდემიოლოგიურ ვითარებასთან დაკავშირებით წერს:
“სამედიცინო პირბადე ყველგან, KN95 პირბადე რისკის დაავადების პირებისთვის, ღამის გადაადგილების აკრძალვა, რესტორნები მხოლოდ ღია სივრცეში, 5 ადამიანზე მეტის შეკრების შეზღუდვა, მასიური ტესტირების და ვაქცინაციის ცენტრები… შეზღუდვები უსწრაფესად ასამოქმედებელია, თორემ მაინც მოგვიწევს სამწუხაროდ მისი დაწესება და მერე გვიანი იქნება!!!
და ამ დროს 3000 “ცრუ” ჯავშანი ვაქცინებზე!!! სრული საბოტაჟია ქვეყნის წინაშე და ვერ ვაცნობიერებთ!” – წერს კულუმბეგოვი სოციალურ ქსელში.
საქართველოში კორონავირუსის 4 827 ახალი შემთხვევა გამოვლინდა.
ქვეყანაში ბოლო 24 საათში 1 895 ადამიანი გამოჯანმრთელდა. ბოლო დღე-ღამეში კორონავირუსით გარდაიცვალა 34 პაციენტი. – ამის შესახებ ინფორმაცია მთავრობის სპეციალურ ვებგვერდ stopcov.ge-ზე ცოტა ხნის წინ განახლდა.
ბოლო 24 საათში ქვეყანაში ჩატარდა 43 932 ტესტი, მათ შორის ანტიგენის სწრაფი ტესტით – 15 258, „პისიარ“ ტესტით – 28 674.
ქვეყანაში კორონავირუსის გამოვლენის დადებითობის მაჩვენებლებია: დღიური – 10,99%, ბოლო 14 დღის – 7,41%, ბოლო შვიდი დღის – 8,08%.
საქართველოში კორონავირუსით ინფიცირების სულ 428 670 შემთხვევაა გამოვლენილი, მათგან 388 893 გამოჯანმრთელდა, 5910 კი, გარდაიცვალა.
სულ აცრილია – 523 466 ადამიანი, დღიურად აცრილია 16 677.
კარანტინის რეჟიმშია 55, სტაციონარში მეთვალყურეობას 6 045 ადამიანი გადის, კლინიკურ სასტუმროში იმყოფება 2 173 პირი.
ამასთან, 2 აგვისტოს მდგომარეობით, საქართველოში კორონავირუსის 1 655 ახალი შემთხვევა გამოვლინდა, გამოჯანმრთელდა 2 286 პაციენტი, გარდაიცვალა 23 ადამიანი.