მსახიობი ნანა ბუთხუზი სოციალურ ქსელში წერს:
“აღარაფერი აღარ მინდა! ახლიდან დავიბადებოდი! რა ვუთხრა ჩემ შვილებს?! ავად ვართ!
ამ ქვეყნის დიაგნოზი, ჯერ კიდევ დასასმელია! როდის და რა დიაგნოზი დაისმევა, თუ საერთოდ დაისვა, არავინ იცის… ოდესმე, თუ გვეღირსა გარკვევა, კონკრეტულად რა გვჭირს, მკურნალობა აუცილებელი იქნება, შეიძლება ოპერაციაც დაგვჭირდეს და 100% იანი გარანტია იმისა, რომ სრულად განვიკურნებით ან გადავრჩებით არ არსებობს. ამის შემდგომ, ოდესმე, თუ გვეღირსა მკურნალობის დაწყება და რამენაირად განვიკურნეთ, (ყველაფერი ინდივიდუალურია) მერე რეაბილიტაცია იქნება საჭირო და ეს ძალიან ხანგრძლივი, რუტინული, რთული და მტკივნეული პროცესია!
არ გვინდა დიაგნოზის დასმა? გვეშინია? ვაი და რამე განუკურნელი არ აღმოგვაჩნდეს, ხომ? თავის მოტყუება ჯობია? სიმართლეს ჩახედო თვალებში რთულია, არა? უმძიმესი პაციენტია “საქართველო”! ქრონიკული ტკივილების და ტანჯვის გარეშე, ვეღარ წარმოგვიდგენია არა ცხოვრება? თუ არ იტანჯე, იდუხჭირე, გაკიცხე, მოკალი, გაძარცვე, ცილი დასწამე, ჩაუსაფრდი, განიკითხე, გალანძღე, დასცინე, დაჩაგრე, იძალადე, გაანადგურე, ითაღლითე, მოიტყუე, იფარისევლე და ა.შ. წარმოუდგენელია იყო კაცი და გერქვას ადამიანი, არა?! აი, რას მიგვაჩვიეს… შენ, ჩემო ქვეყანავ, სინამდვილეში ხომ არა ხარ ასეთი?! არა!
შიში დაავადებაა და ანგრევს, აბნელებს და კლავს გარშემო ყველაფერს!
თქვი, რაც გაწუხებს, თქვი, რაც გტკივა! გაბედე და აღმოთქვი! ხსნა მხოლოდ შენშია! დაიჯერე, რომ შეგიძლია საკუთარ თავთან გამკლავება, საკუთარი თავის მართვა, მოგერიება, გამარჯვება!
ნუ გეშინია! ამაყად დაუდექი საკუთარ თავს და იპოვე, გააღვიძე შენში, ის უნიკალური ძალა, რასაც გონიერება, გულწრფელობა, სიფხიზლე, სიბრძნე, შრომის უნარი, წესიერება, შენება, ცოდნა, თავდადება, თავისუფლება და საქმენი საგმირონია ჰქვია! ჩემო ერთადერთო და განუმეორებელო, გენიალურო ქვეყანავ, გათავისუფლდი და აღიმაღლე ხმა უსამართლობის, ჩაგვრის, სუდუხჭირის, ტყუილის, შიშის, სიბნელის და მონობის წინააღმდეგ!
სანამ ჯერ კიდევ არის დრო!
ჯერ კიდევ ანათებს მზე!
ჯერ კიდევ…
ადრეულ ეტაპზე დასმული სწორი დიაგნოზი, სრულად გამოჯანმრთელების საწინდარია! ჯერ კიდევ არის შანსი, თუ მოინდომებ! ყველაფერი შენ ხელშია, ყველაფერი!
ტექსტი არ ეხება არც “ქოცს” და არც “ნაცს”! (როგორი უპატივცემულობაა საკუთარი თავის, ქვეყნისა და ხალხის მიმართ, მსგავსი დამაკნინებელი, დამამცირებელი, უთავმოყვარეო მიმართვითი ფორმები!) ტექსტი ეხება ხალხს!
ხალხს, რომლებიც მთავარი და უნიკალური მამოძრავებელი ძალა, ღირებულება და უზარმაზარი, უმნიშვნელოვანესი სასიცოცხლო რესურსია ამ ქვეყნის განვითარებისათვის! ჩემი თაყვსნისცემა მათ და მოგიწოდებთ გაერთიანებისაკენ, აღმშენებლობისაკენ და სიყვარულისაკენ, რომ შევძლოთ გვქონდეს ქვეყანა და ჩვენი თავი ჩვენადვე გვეყუდვნოდეს!
მიყვარხართ! ღმერთმა დალოცოს და გააძლიეროს სრულიად მსოფლიო და საქართველო!” – წერს ბუთხუზი სოციალურ ქსელში.