არ ვიცი ბიძინას ოცნებები საით მიდის, მაგრამ ფაქტია ზოოპარკით დაიწყო და მათზე დაკვირვებით, გადმოვიდა ადამიანებზე, ჩვენზე, თანამემამულეებზე, თანამოქალაქეებზე, იმის მაგივრად რომ ძალიან დიდი შანსი გამოეყენებინა და მართლაც ღირსეულად გადაგვედგა ის ნაბიჯები, რა ნაბიჯებიც გვქონდა გეგმაში – ამის შესახებ საქართველოს ყოფილმა პირველმა ლედიმ, მაკა ჩიჩუამ ტელეკომპანია “პირველის” გადაცემაში განაცხადა.
ყოფილი ლედის შეფასებას ჟურნალისტი გელა ზედელაშვილი “ფეისბუქის” პირად გვერდზე ეხმაურება და წერს:
“ამ ნალედარ ქალბატონს ვინმემ გადაეცით, რომ უმადურობა ყველაზე დიდი ცოდვაა!
მისი ნაცნობი ერთი ჩვეულებრივი ლაქლაქა დემაგოგი იყო (არის) და პრეზიდენტად აქციეს. მერე ამ პრეზიდენტს ყურში ისიც უთხრეს, ბარემ ის ქალი შეირთე, ხშირად რომ სტუმრობ, ფორმალურად პირველი ლედიც ხომ გვჭირდებაო? იმან მართლა შეირთო ესა და ქე აქცია პირველ ქალად ამ დუნიაზე. მერე ისაო, ბარემ ბავშვიც გააკეთეთო. ესეც გამოუვიდათ, საღოლ, ღმერთმა გაუზარდოთ. ორივემ შეიფერა, ერთმა პრეზიდენტობა, მეორემ – ლედობა, ოღონდ ეგ იყო, თავში აუვარდათ, წარმოიდგინეს, რომ ეს ყველაფერი მოვიდა არა ერთი კაცის ხათრით, არამედ მათი სიდიადით, ბრწყინვალებით და დამსახურებით.
სწორედ ასეთებზეა მათეს სახარებაში ნათქვამი: ,,ნუ მისცემთ სიწმინდეს ძაღლებს, ნურც თქვენს მარგალიტს დაუყრით ღორებს, რათა არ გათელონ იგი თავიანთი ფეხით, არ მოგიბრუნდნენ და დაგფლითონ თქვენ”.
და მას შემდეგ (მანამდე ცოტა თავს იკავებდა), რაც ამ დედაკაცის პირველლედობა დასრულდა, მისდგა იმ კაცს, ვისი წყალობითაც რაღაცას მოეწია და… ისაო, მაგან ცხოველებით დაიწყო და ადამიანებზე გადავიდაო. ცხოველებითო, ცხოველებს ხოცავდა და ახლა ადამიანებს ხოცავსო. ის მოკლაო, ის ქალი გაიტაცაო, გადაჩეხაო. დიახ, ის კაცია დამნაშავე, თუ არ ვცდები, ბიძინა ჰქვიაო… გვარს კიდენა ვეღარ ვიხსენებ, თვითონ გაიხსენეთ, მე უფრო მნიშვნელოვანი საქმეები მაქვსო.
არაუშავს!
ალბათ გახსოვთ, იესო ქრისტემ ათი კეთროვანი განკურნა. მათგან მხოლოდ ერთი, სამარიტელი, დაბრუნდა იესოსთან, ფეხებში ჩაუვარდა და ცრემლით მადლობა შესწირა განკურნებისათვის.
დღეს არავინ ითხოვს ფეხებში ჩავარდნას, მაგრამ მადლობის თქმა ხომ შეიძლება?! არც მადლობა უნდა ვინმეს, ხომ შეიძლება, უბრალოდ დადუმდე და ადამიანს სისულელე არ დააბრალო?
მე არ ვიცი, ეს რა აზროვნება და ცხოვრებისეული მიდგომაა? მართლა არ ვიცი და ვერც ვერასოდეს გავიგებ!” – წერს ზედელაშვილი სოციალურ ქსელში.
მაკა ჩიჩუამ ტელეკომპანია “პირველთან” საუბრისას განაცხადა, რომ ბიძინა ივანიშვილის გუნდი რა დაპირებითაც მოვიდა ხელისუფლებაში, არ შეასრულა.
https://mix.metronome.ge/19633-2/