საავიაციო უშიშროების განყოფილების უფროსის მოადგილის, ლევან სულაშვილის ოჯახი იმ მაღალჩინოსნის სახელს და გვარს ასახელებს, რომელიც მათივე ინფორმაციით, ახალგაზრდა მამაკაცს ემუქრებოდა. მათი თქმით, ეს შსს-ს ობიექტების დაცვის დეპარტამენტის უფროსის მოადგილე, ზვიად პაპუაშვილია, რომელიც სულაშვილისგან მის შვილზე დაქორწინებას მოითხოვდა, თუმცა ახალგაზრდა კაცისგან უარი მიიღო. მშობლები ეჭვობენ, რომ მათი შვილი სწორედ ამის გამო მოკლეს და სუიციდის ინსცენირება მოაწყვეს.
შემთხვევამდე ცოტა ხნით ადრე სულაშვილს მეგობარს ტელეფონით უთხრა, რომ თუ რამე დაემართებოდა, მტკიცებულებები მისი გარდაცვალების მიზეზებზე უნდა მოეძებნათ მის ტელეფონში, რომელიც ამ დროისათვის შსს-ს მიერაა ამოღებული. “მთავარისთვის” სულაშვილისა და მისი მეგობრის მიმოწერის ნაწილიც გახდა ცნობილი. ირკვევა, რომ სულაშვილი მძიმე ზეწოლის ქვეშ იმყოფებოდა.
“მტკიცებულებები მაქვს სქრინები. მთავარი მოწმეა გოგო, რომელთანაც გარდაცვალებამდე ჰქონდა ჩემ ძმას კომუნიკაცია და სქრინებში არის ყველაფერი, როგორ აშანტაჟებდა ვიღაც…დროს უთქვამდა რომ სამსახურიდან გამოსვლის დღეს, დღის 2 საათამდე უნდა ენახა და ჩემს ძმას ის ადამიანი სახლში, ოჯახით ელოდებოდა და ჩემი ძმა ეუბნებოდა, რომ ჯერ არ იყო მზად ოჯახის შექმნისთვის. ჩემი ძმა 2 საათისთვის უკვე გარდაცვლილი იყო და 4 საათზე ნანახი აქვს მესიჯები და როგორ? მე ვფიქრობ , რომ ტელეფონიც ჰქონდა ვიღაცას” – ამბობს გარდაცვლილი სულაშვილის და “მთავართან”.