თბილისის მერიამ 2025 წლის შობა-ახალი წლის დღესასწაულის ორგანიზებისთვის რამდენიმე შესყიდვა გამოაცხადა. მათ შორის, ერთი-ერთი შესყიდვა გამარტივებული მეთოდით გამოცხადდა და შესყიდვის ღირებულება 8 576 967 ლარს აჭარბებს.
დოკუმენტების მიხედვით, მიმწოდებელმა 2024 წლის 13 დეკემბრიდან 2025 წლის 15 იანვრის ჩათვლით, დედაქალაქის რამდენიმე ქუჩაზე “საშობაო ქალაქი” უნდა მოაწყოს.
ამავე შესყიდვიდან ირკვევა, რომ რუსთაველის გამზირზე, პარლამენტის წინ, მთავარი ნაძვის ხე 6 დეკემბერს აინთება. 31 დეკემბერს კი პირველი რესპუბლიკის მოედანზე საახალწლო გალა კონცერტი ჩატარდება.
დოკუმენტაციიდან ირკვევა, რომ “საახალწლო ქალაქი” მოეწყობა შემდეგ ტერიტორიებზე: მშრალ ხიდზე, გიორგი ათონელის, იტალიის, ხაზინის, ფხოვის, ანტონ ფურცელაძის ქუჩებზე, ასევე დედაენის ბაღში და იუსტიციის სახლის მიმდებარე ტერიტორიაზე. გარდა „საახალწლო ქალაქისა“ ადგილზე იგეგმება სხვადასხვა ტიპის გასართობი ღონისძიების გამართვა.
„ადგილზე განთავსდება მოცულობითი დეკორაცია, თემატური მორთულობები, ფოტოზონა, დეკორირებული ჯიხურები და დახლები, თაღები, დეკორირებული ნაძვის ხეები, საციგურაო ყინულის მოედანი შესაბამისი დეკორაციით, ხიდის, ქუჩების და ფასადების თემატური მორთულობები, საბავშვო-საგამოფენო პავილიონები, მრავალფეროვანი დეკორაცია/ბუტაფორია/რეკვიზიტი, ავეჯი საბავშვო სივრცისთვის, კულტურული, სპორტული და მოსასვენებელი სივრცეები, თოვლის ბაბუას (სანტას სახლი) და სახელოსნო.
გაიმართება საახალწლო სოფლის გახსნის ღონისძიება, სხვადასხვა ჟანრის კონცერტი, ელექტრონული ლაივ შოუ, თეატრალური წარმოდგენა-პერფორმანსები. მოეწყობა მრავალფეროვანი კულტურული, სპორტული, საგანმანათლებლო და საბავშვო-გასართობი აქტივობები, ღია კინოთეატრი, ზღაპრის გმირების მსვლელობა, ღონისძიებაზე მისულ დამთვალიერებლებს დახვდებათ თოვლის ბაბუა დამხმარე მსახიობებთან ერთად.
ღონისძიებების ფარგლებში მოეწყობა „ტკბილეულის ფესტივალი“, გამოფენა-გაყიდვა „თბილისის საშობაო ბაზარი“, რომლის ფარგლებში გაიმართება ხელნაკეთი ნივთების გამოფენა-გაყიდვა, მოეწყობა ტკბილეულის და კვების სივრცეები, გასტრონომიული ზონები, რაც კომპლექსურად გულისხმობს გასტრონომიული ინდუსტრიის ხელშეწყობას, ადგილობრივი მცირე და საშუალო ზომის ფიზიკური და იურიდიული პირების საქმიანობის მხარდაჭერას და პოპულარიზაციას,“ – აღნიშნულია გამარტივებულ შესყიდვაში.
გარდა ამისა, დედაქალაქის მერიამ დამატებით სამი ელექტრონული ტენდერი გამოცხადდა, რომელთა სავარაუდო ღირებულებაც ჯამურად 858 370 ლარს შეადგენს. შესყიდვების სავარაუდო ღირებულება და მომსახურების ტიპი ასე გამოყურება:
- ღონისძიებების უზრუნველსაყოფად ინვენტარით მომსახურება – სავარაუდო ღირებულება 150 620 ლარი;
- სცენებით, პოდიუმებით, კონსტრუქციებით და იატაკის საფარებით მომსახურება – სავარაუდო ღირებულება 282 750 ლარი;
- გახმოვანების საკონცერტო აპარატურით მომსახურება – სავარაუდო ღირებულება 425 000 ლარი.
სახელმწიფო შესყიდვების სააგენტოს ვებ-გვერდზე არსებული შესყიდვების მიხედვით, საახალწლო სამზადისი წელს ბიუჯეტს, სავარაუდოდ, (იქიდან გამომდინარე, რომ ელექტრონულ ტენდერებში შესაძლოა, წარდგენილ ღირებულებაზე ნაკლები ბიჯი დაფიქსირდეს) 9.43 მილიონ ლარზე მეტი დაუჯდება.
წყარო: Business Press News