ჟურნალისტმა ინგა გრიგოლიამ “ფეისბუქის” პირად გვერდზე დაწერა, რომ ოპოზიციას საპარლამენტო მანდატების დათმობა უჭირს.
“როგორ გინდათ ახლა ამათ დაატოვებინო პარლამენტი? მეტი რა უნდა ქნას ხელისუფლებამ, რომ დათმონ მანდატები.. რაის დამტოვებელია ეს ოპოზიცია… მამენტ, რაის დამტოვებელიცაა, იმის მომგებია არჩევნებშიც. ხოდა, დაიმახსოვრეთ დღევანდელი დღე, 28 ივლისი და 3 ოქტომბერს დაიწყეთ მერე წუწუნი-უი, ისევ გაგვიყალბესო,” – დაწერა გრიგოლიამ სოციალურ ქსელში, პოსტის კომენტარებში კი აღნიშნა: – “პრობლემა ისაა, რომ დღეს დავრწმუნდი,არ არიან ესენი მოგების უნარიანები, მინუსებში აქვთ პოლიტიკური რეაქციები”
ტელეწამყვანის პოსტს გამოეხმაურა „ნაციონალური მოძრაობის“ ერთ-ერთი ლიდერი გიორგი ბარამიძე, მან გრიგოლიას მიმართა:
“ახლა სრულიად გეთანხმები, აი, აქამდე რომ აკრიტიკებდი იგივე ოპოზიციას, რატომ არ შედიხართ (არალეგიტიმურ) პარლამენტშიო, მაგი მიკვირდა შენგან,” – დაწერა ბარამიძემ.
შეგახსენებთ, რომ დღეს “ერთიანი ნაციონალური მოძრაობის” თავმჯდომარე ნიკა მელიამ საპარლამენტო მანდატი დატოვა. როგორც მან აღნიშნა, ის მთლიანად ადგილობრივ არჩევნებზე იქნება გადართული.
ამასთან, მელიამ განაცხადა, რომ პარტიის სხვა წევრები პარლამენტში ფორმალურად რჩებიან, რათა პროპორციულ საარჩევნო სისტემასთან დაკავშირებული ცვლილებები, მმართველ გუნდს ბოლომდე მიაყვანინონ.
“მე პირადად მთლიანად მივდივარ ოქტომბრის რეფერენდუმის ბრძოლაში და ვტოვებ იქაურობას. მე ვტოვებ საპარლამენტო მანდატს და თხემით-ტერფამდე გადავდივარ ელენესთან ერთად, ქართველ ხალხთან ერთად უმნიშვნელოვანეს რეფერენდუმში მონაწილეობის მისაღებად”,- განაცხადა მელიამ.
გუშინ, “ქართული ოცნებამ” შარლ მიშელის დოკუმენტი ანულირებულად გამოაცხადა. ამით მმართველმა გუნდმა უარი თქვა დოკუმენტში გაწერილ ვალდებულებაზე – არჩევნებში 43%-ის ვერაღების შემთხვევაში, რიგგარეშე არჩევნების დანიშვნაზე. როგორც “ქართული ოცნების“ თავმჯდომარე ირაკლი კობახიძემ აღნიშნა, რიგგარეშე არჩევნების დანიშვნა “მათ კეთილ ნებაზე” იქნება დამოკიდებული.
აღნიშნული გადაწყვეტილების შემდეგ პარლამენტი დატოვა “გირჩი – მეტი თავისუფლების” ლიდერმა, ზურა ჯაფარიძემ. საკანონმდებლო ორგანოს დატოვებასთან დაკავშირებით გადაწყვეტილება მიიღო, დამოუკიდებელმა დეპუტატმა, თამარ კორძაიამაც.