ოკეანის ფსკერიდან “ტიტანიკის” ნამსხვრევების ამოტანის იდეა ჯერ კიდევ 1912 წელს გაჩნდა, მაგრამ მაშინ ამისთვის საჭირო ტექნოლოგია უბრალოდ არ არსებობდა.
გემის ნაშთები მხოლოდ 1985 წელს აღმოაჩინეს – ეს არგოს ბატისკაფის დახმარებით გაკეთდა. 11 წლის შემდეგ კი კორპუსის ნაწილის აწევის პირველი მცდელობა ჰქონდათ, რომლის წონა 21 ტონა იყო. ინჟინრებმა შეიმუშავეს სპეციალური მოწყობილობა, რომელსაც გემის ნაწილები ზედაპირზე უნდა ამოეტანა, მაგრამ მცდელობის დროს კაბელები გასკდა და ლაინერის ნაწილი, რომელიც ზედაპირიდან მხოლოდ 64 მეტრით იყო დაშორებული, ისევ ჩაიძირა.
2000 წელს ექსპედიცია Mir-1 “ტიტანიკის” სანახავად წყალქვეშა გემით გაემგზავრა. ეკიპაჟის ერთ-ერთი წევრი ჟურნალისტი მაიკ გილენი იყო. გილენის თქმით, როცა ეკიპაჟი გემზე დაეშვა, ნავი ლაინერის ნარჩენებში გაიჭედა, გათავისუფლება კი მხოლოდ ნახევარი საათის შემდეგ, პილოტის ოსტატური მოქმედებების წყალობით შეძლეს. მაიკი ამტკიცებდა, რომ გემი მასთან მიახლოებულ პირებს ზედაპირზე ასვლის საშუალებას აღარ აძლევს.
კიდევ ერთი მსგავსი ამბავი The Daily Telegraph-მა 2020 წელს გააშუქა. მათი თქმით, 2019 წელს წყალქვეშა ნავი, რომლის ბორტზეც ბრიტანელი მეცნიერები იმყოფებოდნენ, ჩაძირულ ლაინერს შეეჯახა, მაგრამ დიდი ხნის განმავლობაში ინციდენტი საიდუმლოდ რჩებოდა.
“ტიტანიკი” და “ტიტანი”
2023 წლის 18 ივნისს წყალქვეშა ნავი „ტიტანი“, რომელიც OceanGate-ის კომპანიას ეკუთვნოდა, “ტიტანიკის” სანახავად წავიდა. ბორტზე ხუთი მგზავრი იმყოფებოდა, მათ შორის 77 წლის ფრანგი მკვლევარი პოლ-ჰენრი ნარჯოლე, რომელიც ლაინერს მრავალი ათწლეულის განმავლობაში სწავლობდა.
ერთი საათისა და 45 წუთის შემდეგ ნავთან კონტაქტი დაიკარგა. ჩაძირვა კვირა დილით დაიწყო და ხუთშაბათს ეკიპაჟის წევრების ცოცხლების პოვნის იმედი გაქრა: ბორტზე ჟანგბადის მარაგი მხოლოდ 96 საათის განმავლობაში იყო საკმარისი. მალე “ტიტანის” ნამსხვრევები იპოვეს.
23 ივნისს აშშ-ის სანაპირო დაცვის სპიკერმა, კონტრადმირალმა ჯო მაუგერმა დაადასტურა, რომ Titan-ის ბორტზე მყოფი ყველა მგზავრი დაიღუპა. მიზეზი წყალქვეშა ნავის აფეთქება გახდა – ანუ აპარატმა წყლის წნევას ვერ გაუძლო, რის შედეგადაც ნაწილებად დაიშალა.
აღსანიშნავია, რომ „ტიტანის“ ბორტზე დაიღუპა OceanGate-ის დამფუძნებელი სტოკტონ რაში, რომლის მეუღლეც 1912 წელს “ტიტანიკის” ბორტზე დაღუპული წყვილის შვილიშვილია: მისი დიდი ბაბუა ისიდორე შტრაუსი და ბებია იდა ლაინერზე ყველაზე მდიდარი მგზავრები იყვნენ.
წყარო: marao.ge