გუშინ, ჯგუფ “დაიტოვეს” მიერ ორგანიზებული საპროტესტო აქციას ჟურნალისტი ნანუკა ჟორჟოლიანიც შეუერთდა. მრავალათასიანი აქციის მონაწილეების მთავარი მოთხოვნა ქვეყანაში ხელახალი საპარლამენტო არჩევნების ჩატარება გახლდათ, რადგან მიაჩნიათ, რომ ხელისუფლებამ არჩევნები გააყალბა.
აქციაზე გადაღებული ფოტოები და ვიდეოები სოციალურ ქსელში გვიან ღამით გავრცელდა. საზოგადოების ნაწილის ყურადღება ნანუკა ჟორჟოლიანის ქურთუკმა მიიქცია. ჟურნალისტის ფოტოებით გაკეთებული კოლაჟი ხელისუფლების მხარდამჭერებმა გაავრცელეს, მათი თქმით, აქციაზე ჟორჟოლიანს 18- ათასლარიანი ქურთუკი ეცვა.
“სხვებს ლობიანებს აჭმევს და თავად დაითბუნა ტანი“
“ჯერ რატომ უნდა ღირდეს ნივთი ამხელა ფასი და მერე რატომ უნდა გინდოდეს ჩაიცვა“
“მამამისის პატრონს რა ჭირს მოსატეხი?“ – წერდნენ კომენტარებში.
ჟურნალისტი ამბობს, რომ მისი ქურთუკი რეალურად გაცილებით ნაკლები ღირს და ამავე დროს, მაშინ შეუძლიათ მისი ტანსაცმლის ფასის დათვლა, როდესაც ის სახელმწიფო მოხელე იქნება, სხვა შემთხვევაში არავის საქმე არ არის, რა ღირებულების სამოსს ჩაიცვამს.
“ქურთუკი 4000 ლარიანია, ეს ერთი და მეორე, მე სახელმწიფო მოხელე ვარ? – მე ხალხის ფულით ვფინანსდები? – ამიტომ ვისი რა საქმეა რა ღირს ჩემი ქურთუკი. ეს დაუთვალონ თანამდებობის პირებს, რომლებიც მათი ფულით ფინანსდებიან. მე სახელმწიფო მოხელე არასოდეს ვყოფილვარ, ხალხის ფულით არასოდეს დავფინანსებულვარ და თუ მინდა, 100 ათას ლარიან ქურთუკს ჩავიცვამ. გარდა ამისა, რა იციან, მე ვიყიდე თუ სხვამ მაჩუქა. სულ რომ მე მეყიდა, მაქვს იმის უფლება და ფუფუნება ასეთი ქურთუკი ვიყიდო. სინამდვილეში ამ ქურთუკის ღირებულება 4700 ლარია. მეორე საკითხია მე ვიყიდე, თუ არა, მაგრამ ანგარიშს არავის ჩავაბარებ, მე არ ვარ სახელმწიფო მოხელე. რა ქურთუკსაც მინდა, იმ ქურთუკს ჩავიცვამ. როდესაც სახელმწიფო მოხელე გავხდები, ამ ხალხის ფულით დავფინანსდები, როგორც დღევანდელი ხელისუფლების წარმომადგენლები, მაშინ რაც უნდათ ის დამითვალონ. ოღონდ იცოდეთ, რომ არასოდეს სახელმწიფო მოხელე არ გავხდები” – აცხადებს ჟურნალისტი ნანუკა ჟორჟოლიანი.
წყარო: ამბები.ge