2024 წლის დასრულებამდე ჯერ კიდევ რამდენიმე კვირა დარჩა, თუმცა, ასტროლოგები წლის ყველაზე მნიშვნელოვან ასტროლოგიურ მოვლენებსა და მათ გავლენას ადამიანების ცხოვრებაზე უკვე აჯამებენ. 2024 წელი სატურნის გავლენით ერთ-ერთი ყველაზე მნიშვნელოვანი წელია. განსაკუთრებით მათთვის, ვისაც როგორც მატერიალური, ასევე არამატერიალური ვალები აქვს. წლევანდელმა წელმა ბევრი ადამიანი აიძულა, ძველი პრობლემების მოსაგვარებლად უფრო ქმედითი ნაბიჯები გადაედგათ და გათავისუფლებულიყვნენ მოძველებული ურთიერთობებისა და საქმეებისაგან. ამიტომაც, ალბათ, არ უნდა გაგვიკვირდეს, თუ 2025 წელს ისეთი ადამიანები აღარ იქნებიან ჩვენს ცხოვრებაში, რომლებსაც ადრე დიდი ადგილი ეკავათ, რადგან ამ ურთიერთობებმა დროის გამოცდას ვერ გაუძლო , მოძველდა და წარსულს ჩაჰბარდა.
2025 წელს ბევრი ადამიანი საბოლოოდ იპოვის გზას საკუთარი თავისკენ, გახდება უფრო გულწრფელი და საზოგადოების მიერ დაწესებულ იარლიყებს დაუპირისპირდება. რაც მთავარია, საკუთარ თავს დაუსვამთ მთავარ შეკითხვას – აკეთებთ თუ არა იმას, რაც ნამდვილად გჭირდებათ? 2025 წელს ასტროლოგები თვითგამორკვევისა და ტრანსფორმაციის წელს უწოდებენ. ამიტომაც, პირველ რიგში, თითოეული ადამიანი პიროვნულ, შინაგან ცვლილებას იგრძნობს, რაც შემდეგში სხვა ტიპის ცვლილებებსაც გამოიწვევს.
2025 წელი ახალი ცოდნისა და გამოცდილების მიღების წელი იქნება. ამიტომაც, ახლავე დაფიქრდით, რა ტიპის კურსებსა და მასტერკლასებს, ტრენინგებს გაივლით.
მომდევნო წელი ბევრი ადამიანისათვის სოციალური წრის გაფართოებისა და სასარგებლო კონტაქტების დამყარების წელი იქნება. შესაძლოა, საკუთარი თავი სხვადასხვა ამპლუაში გამოსცადოთ. თუ დიდი ხანია, თქვენი კურსის შექმნაზე ან სწავლების დაწყებაზე ოცნებობთ, ეს წელი დასაწყებად შესანიშნავია. ასევე, თუ საკუთარი ბიზნესის წამოწყება, საქმის განვითარება გინდოდათ, სწორედ ახლა გეძლევათ შანსი, რომ დიდ წარმატებას მიაღწიოთ.
დრო სულიერ პრაქტიკასაც დაუთმეთ, ხშირად გაისეირნეთ, მიმართეთ მედიტაციას, მოუსმინეთ მშვიდ მუსიკას, დაიწყეთ ვარჯიში და შეცვალეთ კვების მოდელი, თუკი ის არაჯანსაღია. არ დაგავიწყდეთ, ტრანსფორმაციის წელი მოდის, ყველა მიმართულებით.
იმის გამო, რომ მომდევნო წლის განმავლობაში წარსულის გაკვეთილების გაანალიზებასა და ღირებულებების გადაფასებას შეძლებთ, შესაძლოა, არაერთ ადამიანთან იდეური აცდენა გქონდეთ და მიხვდეთ, რომ ურთიერთობაში საერთო აღარაფერი გაქვთ.
სასიყვარულო ურთიერთობების თვალსაზრისით, ეგოისტური სურვილების დათმობა და შეცდომების აღიარების სწავლა, გარკვეულ დათმობებზე წასვლა მოგვიწევს. მნიშვნელოვანია, განვიხილოთ კონფლიქტები და ერთმანეთის პატიება ვისწავლოთ.
მარტოხელა ადამიანებს ექნებათ დიდი შანსი, რომ 2025 წელს საბოლოოდ შეხვდნენ იმას, ვისაც დიდი ხანია, ელოდებიან.
როგორც აღვნიშნეთ, 2025 წელი საკუთარ თავთან ჩაღრმავებისა და არაერთი შეკითხვის დასმის წელი იქნება. პასუხების ძიება კი დაგეხმარებათ გააანალიზოთ, რა გიშლით ხელს ბედნიერებაში და რა უნდა შეცვალოთ თქვენს ცხოვრებაში იმისათვის, რომ წარმატებას მიაღწიოთ.