ინფლუენსერი და ბლოგერი სალომე კაპანაძე ფართო საზოგადოებამ პროექტ „პრაიმ ჰაუსიდან“ გაიცნო. მისი პირველი სასიყვარულო თავგადასავალი საკმაოდ სკანდალური აღმოჩნდა და ამაში საზოგადოების დიდი როლიც იყო. თუმცა, ყველაფერი წარსულს ჩაბარდა. სალომე დაშორდა იმ ადამიანს, თავისი საქმიანობა განაგრძო, იყიდა საოცნებო ბინა, გაარემონტა და დიასას სახით, საყვარელი მამაკაციც ჰყავს გვერდით. ამბობს, რომ წინა გამოცდილებიდან გამომდინარე, ამ ურთიერთობაზე ხმამაღლა საუბარს მოერიდება, თუმცა, ჟურნალ „თბილისელებს“ ეს ამბავი გაუმხილა.
სალომე კაპანაძე: საქმეში მიმართლებს, ამ მხრივ, იღბლიანი ვარ, რადგან ნულიდან დავიწყე ყველაფერი და გამიმართლა. მაგრამ, ჩემი დაკვირვების შემდეგ აღმოვაჩინე, რომ არ მიმართლებს პირად ურთიერთობაში. პირად ურთიერთობებში ვგულისხმობ მეგობრობას, სიყვარულს… ვერ ვიტყვი, ამ მხრივ იღბლიანი ვარ-მეთქი.
– არასდროს გიფიქრია, ამ უიღბლობის მიზეზი საკუთარ თავში გეძებნა?
– როგორ არა. მაგრამ ესეც არასწორია, მხოლოდ საკუთარ თავში ეძებო უიღბლობის მიზეზები. მე რეალურად ვაფასებ სიტუაციას, ძალიან თვითკრიტიკული ვარ და პირველ რიგში, საკუთარ თავში ვეძებ მიზეზებს. მაგრამ, გამუდმებით ადანაშაულებდე საკუთარ თავს ყველაფერში, არასწორია. მოკლედ, რაღაცებში ვარ იღბლიანი, რაღაცებში – არა (იცინის).
– გავრცელდა ხმები, რომ შენ და დიასას შორის სასიყვარულო ურთიერთობა დაიწყო და ერთად ხართ. ეს სიმართლეა?
– ჩვენი ურთიერთობა გაღრმავდა, რაც პროექტი დასრულდა, დაახლოებით, ერთი თვეა. ვხვდები, რომ ეს ადამიანი ჩემია. პირველი სასიყვარულო ურთიერთობიდან გამომდინარე, იმდენად საჯარო და მტკივნეული იყო ეს ყველაფერი, ვაპირებდი და სულ ვამბობდი, თუ ისევ ურთიერთობას დავიწყებ, რა უნდა მოხდეს, რომ საჯაროდ გამოვიტანო-მეთქი (იცინის). მაგრამ, ვფიქრობ, დამალვას აზრი არ აქვს. სანამ ჭორები აგორდება, მირჩევნია, სიმართლე ჩემგან გაიგოს საზოგადოებამ. „პრაიმ ჰაუსში“ მე და დიასამ მთელი ოთხი თვე ვიცხოვრეთ ერთ ჭერქვეშ, კამერებთან და ერთმანეთი ძალიან კარგად გავიცანით. ეს ოთხთვიანი ერთ ჭერქვეშ თანაცხოვრება რომ დამთავრდა, მერე უფრო გავიაზრეთ და მივხვდით, რომ ერთმანეთისთვის ძალიან ახლო ადამიანები ვიყავით. პროექტში საერთოდ სხვა ფიქრები, ემოციები და შეგრძნებები გაქვს, პირადი ურთიერთობისთვის რთულია, იქ მოიცალო. მოკლედ, პროექტში დაიწყო ჩვენი ურთიერთობა და იქიდან რომ გამოვედით, კიდევ უფრო გაღრმავდა და დღეს იმ ეტაპზე ვართ, დამალვას აზრი არ აქვს. კიდევ ვამბობ, არ ვაპირებდი გასაჯაროებას, მაგრამ ჭორებიდან გაგებულს სჯობს, ეს ამბავი და სიმართლე თავად გავამხილო. ენერგეტიკულად ჩემი ადამიანია, ერთი ხასიათის ვართ და დამთხვევაა, რომ ორივე 5 თებერვალს დავიბადეთ, „მერწყულები“ ვართ. თუ ასტროლოგიური კუთხით შევხედავთ, არც ისეთი მარტივი ურთიერთობა უნდა იყოს ჩვენ შორის, მაგრამ ხასიათები, ინტერესები ერთნაირი გვაქვს. თუმცა, ამ ურთიერთობაზე ბევრი საუბარი არ მინდა, რადგან ვაღიარებ, დისკომფორტს განვიცდი წინა გამოცდილებიდან გამომდინარე და ისევ და ისევ არ მინდა ხალხისა და საზოგადოების ჩარევა, ჩვენს ურთიერთობაზე რომ ცუდი გავლენა მოახდინოს. გავამხილე, მაგრამ ჩვენზე ბევრი საუბარი ნამდვილად არ მინდა. ერთს გეტყვით, არ არსებობს, სადმე წავიქცე და არ წამოვდგე, ისევ არ გავაგრძელო გზა და არ ვიბრძოლო. ამდენი ხნის განმავლობაში, ხომ მოვდივარ მებრძოლი და ძლიერი ქალის სახელით, რომელიც ჩემთვის ძალიან სასიამოვნოა, მაგრამ დიასას გვერდით, თითქოს მოვდუნდი. ჩემს თავს უფლებას ვაძლევ, როცა ის ჩემ გვერდითაა, ცოტა ხნით მოვდუნდე, ვიყო მშვიდად და აღარ ვიყო ძლიერ და მებრძოლ ქალობაზე ორიენტირებული. კარგია, ქალი რომ ძლიერია, მაგრამ იღლები და ხვდები ამ სიძლიერესთან ერთად, ბედნიერიც უნდა იყო. ძლიერ ქალს ცოტა ხნით მოდუნებისა და მოშვების საშუალებაც გინდა და კარგია, რომ ამის საშუალება მომეცა. დიასას გვერდით ფსიქოლოგიურად და ფიზიკურად ვდუნდები და ვხვდები, რომ ირგვლივ სიმშვიდე და სიწყნარეა. არ ვიცი, ხვალ რა მოხდება, წინასწარ არ მიყვარს ლაპარაკი, მაგრამ ის ზუსტად ვიცი, რომ დღეს ბედნიერი ვარ, კარგად ვარ და მშვიდი პერიოდი მაქვს. იხილეთ სრულად