სოპრანო თამარ ივერი “ფეისბუქის” პირად გვერდზე მიმართვას ავრცელებს:
“არა აქვს მნიშვნელობა ვაქსერი ხარ თუ ანტივაქსერი. ყველას ჩვენი პირადი აზრი გვაქვს მასთან მიმართებაში, მაგრამ სტატუსები და განცხადებები სადაც მავანნი იწერებიან ვაქცინის მომაკვდინებელ შედეგებზე და გვერდით მოვლენებზე, რაც ირიბად “ორი დღე დაგრჩენიათ აცრილებს სასიცოცხლოს” – ნიშნავს… – არის ყველაზე დიდი ბოროტება, ზიზღი და უზნეობა საკუთარი თანამემამულეების მიმართ!!! ასეთი განცხადებებით უკვე აცრილ, პანდემიისგან გადარჩენის იმედით მცხოვრებ ადამიანებში პირიქით, შინაგან პანიკას, სასოწარკვეთილებასა და დეპრესიას თესავთ, რომ მათ საბედისწერო შეცდომა დაუშვეს და უკვე არიქა, კოვიდით არა, მაგრამ მალე სულ სხვა გართულებების შედეგად “ყველანი წერილებს წაიღებენ”. აგონებთ, რომ ნელ-ნელა რაღაც ფატალურ და ლეტალურ ცვლილებებს უნდა ელოდონ საკუთარ ორგანიზმში და ა.შ. ასეთი ამორალური განცხადებების ავტორები უნდა დაისაჯონ ადამიანებისთვის მორალური ზიანის მიყენების მუხლით!!!
დედამიწაზე არავის, თვით არც ამ საქმის დიდ პროფესიონალ ექიმს (დაუშვათ,კიდეც რომ რაიმე ლეტალურს იწვევდეს აცრა) არ აქვს უფლება დაზაფროს და წინასწარ შეაგუოს ადამიანები რაღაც საბედისწერო შედეგს.თვით მე- 4-ე სტადიაში მყოფ ონკო პაციენტსაც კი აქვს იმედის სხივი გადარჩენისა და აქ მავანნი ხალხის ფსიქიკაზე აცრისგან ლეტალური გვერდითი მოვლენებით სასიკვდილო მოძღვრებებს ეწევიან! ეს მორალური დანაშაულია!” – წერს თამარ ივერი სოციალურ ქსელში.