შინაგან საქმეთა სამინისტრომ “მთავარი არხის” ჟურნალისტის, თათია წოწონავას, საქმეზე გამოძიება დაიწყო. საქმე ეხება სიცოცხლის მოსპობის მუქარას, რომელიც სოციალურ ქსელ “ტიკ-ტოკ”-ში გავრცელდა. თათია წოწონავას გამოკითხვა თითქმის სამი საათის განმავლობაში გაგრძელდა.
ჟურნალისტმა, გომელაურის უწყებას ფაქტის მოკვლევის მიზნით, წერილობით თავად მიმართა. გამოძიება მუქარის ფაქტზე მიმდინარეობს.
“ჯერჯერობით პირი იდენტიფიცირებული არ არის, თუმცა მითხრეს, რომ მარტივად მოვახდენთ იდენტიფიცირებასო. ჟურნალისტებზე მუქარებს 5 ივლისის შემდეგ განსაკუთრებით მიეცა სისტემატური სახე, არა მარტო მე, ჩემი კოლეგებიც იღებენ მუქარის გზავნილებს, ჩემი ჩართვაც ასეთი წარწერით 5 ივლისის შემდეგ არის გაკეთებული”,– განაცხადა თათია წოწონავამ.
უფრო კონკრეტულად, საქმე ეხება 10 ივლისს სოციალურ ქსელში გავრცელებულ მასალას, რომელიც ჟურნალისტის ეთერში ჩართვას ასახავს. კადრები მუქარის შემცველი ტექსტით არის დასათაურებული, ანალოგიური გზავნილებია კომენტარებშიც.
“სოციალურ ქსელში ძალიან აქტიურად მემუქრებიან ალტ-ინფოს წარმომადგენლები. კონკრეტულად ერთმა ადამიანმა დადო ჩემი ჩართვა, პირდაპირ მუქარის შემცველ განცხადებას ვხედავთ ჩვენ ამ ვიდეოზე განთავსებულ სათაურში, კომენტარებში კიდევ უფრო უარესი ხდება. ვინაიდან, 5 ივლისის მოვლენების შემდეგ თავს დაცულად არავინ ვგრძნობთ, გადავწყვიტე რეაგირებისთვის შესაბამის უწყებას შევატყობინო ,” – თქვა “მთავარი არხის” ჟურნალისტმა.