“ფორმულას” წამყვანი მიშა მშვილდაძე “ფეისბუქის” პირად გვერდზე წერს:
“რაც შეეხება მელიას ხოშტარიას და ჯაფარიძეს, პატიოსნად რომ გითხრათ, მე რომ მილიარდერი ვიყო და როგორც ბიძინა 2012 ში საკუთარი კოალიციის გაკეთებას ვჩალიჩობდე, პირველი ვისაც მოვიწვევდი, ესენი არიან ნამდვილად:დ
– რამდენიმე სხვადასხვა კრიტერიუმით – კიდევ არიან სხვებიც, გიგაც მათ შორის, და კიდევ სხვებიც, ვისაც ჯერ არ მოუფიქრებია, რა პოლიტიკური კონსტრუქციით გადაწყვეტენ არჩევნებში მონაწილეობას, მაგრამ ეს სამეული სწორია.
ახლა ყველამ სხვამ როგორც არ უნდა გადაწყვიტოს, როგორი კონსტრუქციაც არ უნდა მიიღოს შეთანხმებამ ან შეუთანხმებლობამ, მაინც ცხადია, რომ საბოლოო ჯამში, დღის ბოლოს (ინგ) ყველა ყველასთან თანამშრომლობს – ყველა ყველასთან, სხვადასხვა ფორმით.
აბსოლუტურად ყველა პარტია იყო ერთიანი ყველაზე მძიმე გადაწყვეტილებაში – ბოიკოტის გამოცხადებაში, და როგორც არ უნდა მომხდარიყო ვინმეს მხრიდან ბოიკოტის შეწყვეტა, ცალსახად ცხადია, რომ თავისი წონით პირველ გადაწყვეტილებაში, ბოიკოტში, ერთობა გაცილებით მძიმე წონის და მნიშვნელოვანი პრეცედენტია, ვიდრე მეორეს, შესვლის დროს მომხდარი კამათების და ლანძღვებისას გამოვლენილი განსხვავებანი, თან იმ ფონზე, რაც ხდება ყოვლად შეურაცხადი ხელისუფლების მხრიდან – ნუ, თავის მხრივ, აჯობებდა ეს ჩხუბები არ მომხდარიყო, მაგრამ ახლა ემოციური და რაციონალური არგუმენტები უნდა გადაირჩეს, თითოეულს მიენიჭოს წონა და გავიხედოთ წინ, მომავალში – იქ თანამშრომლობის უნარის აუცილებლობა ჩანს და საზოგადოების ღირებულებითი კათარზისის – პირველი ბევრად ადვილია სინამდვილეში და ამდენი ენერგიის ხარჯვაც არ უნდა სჭირდებოდეს.
მეორე გაცილებით რთულია – რომ გავიაზროთ და აღვასრულოთ მთავარი იდეა – თანასწორობა – და შევთანხმდეთ, რომ ყველა თანასწორია და არავინ არაა არც კანონზე მაღლა, და არც კანონზე დაბლა თანასწორობა – ევროპაც ეგაა სინამდვილეში, ამერიკაც და ქრისტიანობაც. ესაა ჩემი კომენტარი:” – წერს მშვილდაძე სოციალურ ქსელში.
შეგახსენებთ, რომ თბილისში ოპოზიციის ერთი ნაწილის მერობის კანდიდატი ნიკა მელია, საკრებულოს თავმჯდომარეობის კანდიდატი ელენე ხოშტარია იქნება, ზურაბ ჯაფარიძე კი ვიცე მერად განიხილება.