3 ნოემბერს, საერთაშორისო მედიაში გავრცელდა კადრები, რომელმაც მსოფლიო აალაპარაკა – კადრებში ასახულია ირანელი სტუდენტი გოგოს პროტესტი ქვეყანაში არსებული ჩაცმულობის მკაცრი ნორმების წინააღმდეგ.
აღნიშნულ ფაქტს სოციალურ ქსელში მოჰყვა არაერთი სტატუსი საქართველოს მოქალაქეების მხრიდანაც. მომხდარს ეხმიანება ფსიქოლოგი ნათია ფანჯიკიძეც, რომელიც საკუთარ სტატუსში თავისუფლების ცნების შესახებ წერს:
„ფრიში სვამს კითხვას, რატომ გეცოდებათ ცხოველები ზოოპარკში, რატომ გგონიათ, რომ ისინი ზოოპარკს არ თვლიან თავიანთ სამშობლოდ?
ვისაც უნდა დაუსვა კითხვა, ეცოდება თუ არა ცხოველები ზოოპარკში, სადაც საჭმელიც აქვთ, ექიმიც ჰყავთ და თავსაც არავინ ესხმით, გიპასუხებენ, რა თქმა უნდა, მეცოდება, თავისუფლება არ აქვთო! რა არის ეს ოხერი თავისუფლება, თუ რასაც ეძებ, საკვები, თუ უსაფრთხოება, ყველაფერი ადგილზე მოგართვეს? რამდენი ფერადი მაგალითიც არ უნდა დავდოთ, როგორია თავისუფლება, მისი შეგრძნება ორი სიტყვით აღიწერება – საკუთარი ნების და შესაძლებლობის შეგრძნება და ჟრუანტელი – ხან შიშის, ხან სიხარულის, ხან საკუთარი ძალის და ხან მშვენიერების აღქმისგან მოგვრილი. ზოოპარკში ის ცხოველები, რომლებსაც ინსტინქტში დიდი სივრცის დაფარვა აქვთ, კვდებიან ბევრად ადრე. გრძნობების დაჩლუნგება სიცოცხლის იმპულსს აქრობს მათ სხეულშიც.
უკუნ, გაუვალ სიბნელეში ირანელი გოგოს კომეტასავით გაელვებაზე გამახსენდა“, – წერს ნათია ფანჯიკიძე სოციალურ ქსელში.