ყველას თუ არა, ზოგიერთ თქვენგანს მაინც უოცნებია პილოტის პროფესიაზე, მფრინავი ხომ ცისა და მიწის კავშირთან ასოცირდება… ხოლო, ფრენა რაღაც მხრივ – თავისუფლების სიმბოლოა… თავისუფლება, რომლისთვისაც მუდამ მივისწრაფვით, ყველას გვიყვარს, მაგრამ რთულად მოსაპოვებელია. ასეა, როცა კონკრეტული გადაწყვეტილებების მიღება გვიწევს ცხოვრებაში, ამისთვის, ძალიან ბევრს ვსწავლობთ, ვშრომობთ და ვიბრძვით და რაც მთავარია გვიყვარდება ჩვენი არჩევანი.
სწორედ ასე შეიყვარა და იშრომა ძალიან ბევრი იმისთვის, რომ პროფესიონალი გამხდარიყო და ცასთან ახლოს, ხალხის მეგზური ყოფილიყო. 33 წლის პილოტი, ირაკლი მეზვრიშვილი თავის პროფესიულ მოვალეობას 2009 წლიდან ასრულებს. ახლა “ჯეორჯიან ეირვეისის” შეფ პილოტის თანამდებობაზეა, არის პილოტ ინსტრუქტორი B737, embraer 190 და crj 200 ტიპის საჰაერო ხომალდებზე. მისი ფრენის გამოცდილება – 9 000 საათს შეადგენს. საბაზისო განათლება თბილისის საავიაციო უნივერსიტეტში მიიღო, შემდეგ კი ამერიკაში Pan Am International flight academy-ში.
– მამაც პილოტი გახლავთ და სწორედ აქედან დაიწყო ჩემი ინტერესი ამ პროფესიისადმი, შემდეგ კი, საბოლოოდ მეც მის კვლავს გავყევი. მამა, მუდამ მამხნევებდა, უამრავ რჩევასა თუ შენიშვნას მაძლევდა, რა უნდა გამეთვალისწინებინა ფრენის დროს, და რა იყო მთავარი ამ პროფესიაში.
– “პირველი ფრენა” – იმ შეგრძნებაზე, რომ გვიამბოთ, როდესაც პილოტის ამპლუა მოირგეთ?
– ეს შეგრძნება არასდროს დამავიწყდება, რა თქმა უნდა, მღელვარება თან ახლდა, თუმცა, იმ ემოციებისა და ბედნიერების სიტყვით გადმოცემა შეუძლებელია… პირველად როგორც შეგირდმა ისე ვიფრინე.
– ბუნებრივია, კონკრეტული პროფესიის დაუფლებაში მხოლოდ სურვილი არ არის საკმარისი, რა თვისებებს უნდა ფლობდეს თქვენი პროფესიის ადამიანი?
– ეს პროფესია უდიდეს პასუხისმგებლობას მოითხოვს, აუცილებლად გაწონასწორებული პიროვნება უნდა იყო. აქ მხოლოდ საკუთარი თავისთვის არ მუშაობ, შენს მიღმა უამრავი ადამიანის სიცოცხლეა, პირველ რიგში, მათზე ხარ პასუხისმგებელი, ეს კარგად უნდა გქონდეს გათავისებული. თუ შენი პროფესია, მითუმეტეს მფრინავის, არ შეიყვარე, ისე პროფესიონალად ჩამოყალიბებას ვერ შეძლებ.
– ფრენის სირთულეებზე რომ გვიამბოთ…
– პილოტს შეიძლება შეხვდეს ისეთი სირთულეები როგორიცაა: – ელჭექის ღრუბლები, ნისლი, ცუდი ხილვადობა, ძლიერი ქარი და ა.შ.., რა თქმა უნდა, ეს ყველაფერი საკუთარ თავზე გამომიცდია, თუმცა, ამ დროს პანიკაში არ უნდა ჩავარდე, პირიქით, სიტუაცია მშვიდად აკონტროლო, რათა ზედმეტი მღელვარების გარეშე, ეს სირთულე გადალახო.
– როგორც ვიცი, თქვენ ასევე საქართველოს პრემიერ-მინისტრის, ირაკლი ღარიბაშვილის პირადი პილოტი ბრძანდებით, რას იტყოდით მასთან თანამშრომლობაზე, როგორ დაახასიათებდით მას, როგორც მეგზურს?
– კი ნამდვილად ასეა, ერთად ძალიან ხშირად დავფრინავთ. გულთბილი მოკითხვა არასდროს ავიწყდება.გარდა იმისა, რომ პროფესიონალია, ძალიან მეგობრული და უშუალოა ადამიანია.
ასევე აუცილებლად უნდა აღინიშნოს ისიც, რომ მას სიღრმისეულად ესმის ავიაცია -როგორც სფერო და როგორც პირად საუბრებში გამოჩნდა, ამ მიმართულებით განვითარების დიდი გეგმებიც აქვს.
– რამდენად აკმაყოფილებს საქართველოს აეროპორტები საერთაშორისო სტანდარტებს?
-საქართველოს აეროპორტები აღჭურვილია უახლესი უსაფრთხოების სისტემებით, შუქ.ტექნიკით და თვითმფრინავის დაფრენისთვის დამხმარე ხელსაწყოებით, რაც სრულად შეესაბამება საერთაშორისო სტანდარტებს.
– გენდერული ნიშნით დაყოფა – ეს თემა მუდამ აქტუალური იყო, ვიცით, სექსისტური გამონათქვამიც – “ქალი საჭესთან არ უნდა იჯდეს” – თქვენ რას ფიქრობთ, უნდა ხდებოდეს თუ არა ამ ნიშნით დაყოფა და ქალი პილოტების მიმართ როგორი აღქმა არსებობს ამ მხრივ?
– ამ პროფესიაში მსგავსი რამ არ ხდება, გენდერული დისკრიმინაცია მიუღებელია, ჩვენ კომპანიაშიც არიან პილოტი ქალები, რომლებიც უმაღლეს დონეზე ასრულებენ თავის პროფესიულ მოვალეობას, ასე რომ მსგავს შეფასებებს ვერ დავეთანხმები. არც იმ შეფასებას ვეთანხმები, რომ ქალი საჭესთან არ უნდა იჯდეს.
– რა რჩევას მისცემდით დამწყებ პილოტებს?
– რაც ზევით აღვნიშნე, რომ მთავარი უდიდესი პასუხისმგებლობის გრძნობაა, საქმისადმი სიყვარული, ძალიან ბევრი შრომა და სწავლა, ამის გარეშე წარმოუდგენელია პროფესიონალად ჩამოყალიბდე. უნდა გაანალიზო, რომ ეს არ არის რიგით არჩევანი, შენ ირჩევ ურთულეს გზას, თუმცა, ისიც უნდა იცოდეთ, რომ ეს საოცარი განცდაა.
– ჩვენ მუდმივად გავდივართ ტრეინინგებს, ვეცნობით უახლეს ინფორმაციებს, სწავლა – ეს დაუსრულებლად გრძელდება…
– ორი შვილი გყავთ, გოგონები, როდესაც პროფესიის არჩევის დრო დაუდგებათ, თუ ისინიც მამის კვალზე დადგომას მოისურვებენ, ხელს შეუწყობთ?
– თუ მოისურვებენ ხელს მაქსიმალურად შევუწყობ… როგორც მამაჩემი მედგა გვერდით, მეც ანალოგიურად მოვიქცევი.
– რომელ ქვეყანას გამოარჩევდით, ან განსაკუთრებით დაგამახსოვრდათ საჰაერო დაშვებისას?
– რა თქმა უნდა, საქართველოს, სამშობლოში დაშვება ყველასგან განსხვავებულად სასიამოვნო შეგრძნებაა, თუმცა, დაფრენის შემდეგ, მალევე აფრენაზე ფიქრს ვიწყებ…
ავტორი: ნინო ჯიბუტი