არასამთავრობო ორგანიზაცია სამართლიანი არჩევნებისა და დემოკრატიის საერთაშორისო საზოგადოების (ISFED) ინფორმაციით, ამ დროისთვის გამოავლინეს ამომრჩევლის მოსყიდვის სამი შემთხვევა. განცხადება ბრიფინგზე ორგანიზაციის აღმასრულებელმა დირექტორმა, ნინო დოლიძემ გააკეთა.
“სამართლიანი არჩევნების დამკვირვებლების მიერ მოწოდებული ინფორმაციით, საარჩევნო უბნების დაახლოებით 75% იყო მზად 8 საათზე კენჭისყრის დასაწყებად და მომდევნო 20 წუთის განმავლობაში თითქმის ყველა საარჩევნო უბანი გაიხსნა. მარნეულში დაფიქსირდა შემთხვევა, როდესაც უბანი გაიხსნა ცხრის ნახევარზე.
ორგანიზაციის დამკვირვებლებს უმეტეს საარჩევნო უბანში შესვლის შესაძლებლობა და გახსნის პროცედურების დაკვირვების შესაძლებლობა ჰქონდა, თუმცა, იყო ცალკეული შემთხვევები, როდესაც არ დაუშვეს ორგანიზაციის დამკვირვებლები და ასევე დაფიქსირდა რამდენიმე შემთხვევა, როდესაც ჩვენი დამკვირვებლები უბნიდან გამოაძევეს.
საარჩევნო უბნების მიმდებარედ შეინიშნება კოორდინატორების მობილიზება, რომლებიც საარჩევნო უბანში მისულ ამომრჩევლებს აღრიცხავენ. ამ ეტაპისთვის გვაქვს მოსყიდვის 3 შემთხვევა.
მოსყიდვის შემთხვევა გვაქვს ტყიბულის 1-ლი, ახმეტის მე-17 და ჩუღურეთის მე-3 უბანზე. ერთ შემთხვევაში დავაფიქსირეთ თანხის ოდენობა, რომელიც იყო 100 ლარი”. – თქვა დოლიძემ.