კოალიცია ძლიერი საქართველოსთვის წევრი, ალეკო ელისაშვილი tv pirvel-თან ამბობს, რომ დეპუტატ ქეთი თურაზაშვილის მამა, ალექსანდრე თურაზაშვილი გულის შეტევით გარდაიცვალა მას შემდეგ, რაც საბურთალოს საოლქო კომისიის სახელისუფლებო წევრმა ტელეფონით საუბრისას “ენით აღუწერელი შეურაცხყოფა” მიაყენა.
“გარდაიცვალა, მოკლეს პირდაპირ, შეგვიძლია ასე ვთქვათ. ჩვენ დაუყოვნებლივ მოვითხოვთ, დაიწყოს გამოძიება. მართალია საათები დარჩა ამ ხელისუფლებას, მაგრამ სამართლებრივი საფუძველი რომ შეიქმნას, აუცილებელია გამოძიების დაწყება. ის ასეთ დღეში ჩააგდო ვინმე თეონა ჯაფარიძემ და მისმა მძღოლმა ვინმემ ლერიმ, რომლის გვარი არ ვიცი, მაგრამ ყველანაირად ვაგებინებ მათ პასუხს”, – თქვა ელისაშვილმა.
მისივე განცხადებით, ალექსანდრე თურაზაშვილი დღეს დილით შემოვლა ატარებდა უბნებზე, სადაც პასუხისმგებელი პირები არ დახვდნენ, რის შემდეგაც კომისიების თავმჯდომარეებთან დარეკვა დაიწყო.
“რამდენიმესთვის დაურეკავს და მოუკითხავს, რატომ იყო უპატრონოდ მიტოვებული საბურთალოს რამდენიმე უბანი. პარალელურად, ხელისუფლების წარმომადგენელმა საბურთალოს საარჩევნო კომისიაში არის ვინმე თეონა ჯაფარიძემ, რომელმაც დაურეკა ალექსანდრე თურაზაშვილს და, როგორც ჩანს, ძალიან დიდი შეურაცხყოფა მიაყენა, იმდენად რომ ამ ზარიდან შემდეგ გადაურეკა შორენა ბუხრაშვილს, რომელიც ასევე კოალიცია ძლიერი საქართველოს წარმომადგენელია საბურთალოს საოლქო კომისიაში და უთხრა, რომ ენით აღუწერელი შეურაცხყოფა მომაყენესო და არ ვიცი ამას როგორ გადავიტანო. ეს ხდება დაახლოებით 12:30-ზე. შემდეგ ალექსანდრე თურაზაშვილმა თავის შვილს, ქეთის დაურეკა და უთხრა, რომ ძალიან მიჭირს ამ ყველაფრის გადახარშვაო. სანამ ქეთიმ მოახერხა მისი მონახულება, დაემართა გულის შეტევა და გარდაიცვალა” – აღნიშნა ელისაშვილმა.