წალენჯიხის მუნიციპალიტეტში, სოფელ ზედა საჩინოში დღეს მომხდარ ტრაგედიას მე–5 კლასელი ემსხვერპლა. გარდაცვლილი ნიკოლოზ სალიაა.
მსუბუქი ავტომანქანა, რომელსაც ადგილობრივი მაცხოვრებელი გია ჭკადუა მართავდა, ქუჩაში ფეხით სახლისკენ მიმავალ დედა-შვილს დაეჯახა.
შეჯახება სამწუხაროდ, იმდენად ძლიერი იყო, რომ მოზარდი ადგილზე დაიღუპა, ასევე დაშავდა ნიკოლოზის დედა, რომელიც ამჟამად კლინიკაშია გადაყვანილი. როგორც ადგილობრივები ამბობენ, მას მოტეხილობები აქვს.
ადგილობრივების თქმით, ავარიის მიზეზად გადაჭარბებული სიჩქარე სახელდება. იმასაც ამბობენ, რომ თავად მძღოლმა, გია ჭკადუამ ამ ფაქტის შემდეგ თვითდაზიანება მიიყენა, ისიც ამჟამად კლინიკაშია გადაყვანილი. ცნობილია, რომ მისი მდგომარეობა მძიმეა.
“სიტყვები უძლურია ამ დროს. რამხელა ტრაგედიაზე ვსაუბრობთ. ბავშვი ადგილზეა გარდაცვლილი. დედა გადაყვანილია კლინიკაში, როგორც მითხრეს, ფეხი აქვს დამსხვრეული და მას სასიკვდილო არაფერი სჭირს. თუმცა ამხელა უბედურება დატრიალდა სოფელში.
ამხელა ტრაგედია დაატყდა თავს ოჯახს და მთელ რაიონს. დედა-შვილი ფეხით მოსიარულეთა გზაზე მოდიოდა და ამ დროს დაეჯახა. ამბობენ, მძღოლი ძალიან ჩქარა მოდიოდა. გადაჭარბებული სიჩქარე სახელდება ამ საშინელი ტრაგედიის მიზეზად.
გაგვანადგურა ამ ამბავმა. გავრცელდა ინფორმაცია, რომ მძღოლი გარდაიცვალა მიყენებული თვითდაზიანების შედეგად, მაგრამ ბოლო ინფორმაციით, ის კლინიკაში რჩება. ამბობენ, რომ მძიმე დაზიანება აქვს”,- ამბობს ადგილობრივი “ლვირის პალიტრასთან.”
მოზარდის ცხედარი პროზექტურაში გადაასვენეს, მას ექსპერტიზა უტარდება.