მოქალაქე ია დავითულიანმა, რამდენიმე კვირის წინ, სოციალურ ქსელში გამოაქვეყნა შვილის ვიდეო ტექსტით: „ჩემი შვილი მარიამი“. კადრები თბილისში, მეტროსადგურ თავისუფლების მოედნის მიმდებარე ტერიტორიაზეა გადაღებული და მასში ფრანგი მომღერლის, ინდილას ცნობილი კომპოზიცია Dernière Danse ჟღერს, რომლის ფონზეც, მიკროფონთან პატარა გოგონა დგას და სიმღერას ჰყვება. ია დავითულიანის მიერ სოციალურ პლატფორმა „ტიკ-ტოკზე“ ატვირთულმა ვიდეომ მალე ინტერნეტსივრცე მოიცვა.
ვიდეომ არაერთგვაროვანი შეფასებები გამოიწვია – როგორც გოგონას დედა „პალიტრავიდეოსთან“ ჰყვება, ის და მისი ქალიშვილი საზოგადოების მხრიდან ბულინგის მსხვერპლი გახდა, რადგან მოქალაქეთა ნაწილმა მიიჩნია, რომ მან სოციალური ქსელის მომხმარებლები შეცდომაში შეიყვანა და ფონოგრამაზე ნამღერი სიმღერა ისე გაავრცელა, როგორც მისი შვილის შესრულებული.
„ვინმემ მაჩვენოს, სად იყო ვიდეოში მითითებული, რომ ჩემი შვილი მღერის. ვერ გავიაზრე მეთქვა, რომ ფონოგრამისთვის დაეწიათ, მაგრამ თუ ბავშვმა სიტყვები არ იცის, ფონოგრამაზე ნამღერიც აირეოდა და ჟღერადობა კარგი არ იქნებოდა.
რატომღაც მომინდა, რომ ვიდეო ამეტვირთა, გამიხარდა, რომ პუბლიკის წინაშე მოისურვა სიმღერა, ეს იყო ჩემი ემოცია. ამის შემდეგ, ჩემს შვილს კომენტარებში ზოგი აქებდა, ზოგი აძაგებდა – უმეტესად აძაგებდნენ.
ყველაზე მეტად მეწყინა ფრაზა, რომელიც ტრენდი გახდა: „ჩემი შვილი მარიამი“. ძალიან ბევრი იღებს ამ ვიდეოს და მას აწერს: „ჩემი შვილი მარიამი“.
ბევრმა მომწერა, კი არ ვაბულინგებთ, ტრენდი გახდაო, ბულინგში რას გულისხმობენ? მე მაბულინგებენ და ჩემი შვილიც ბულინგდება, მე გამოვედი ცუდი დედა. ეს ყველაფერი ჩემთვის გავაკეთე.
ერთმა ქალბატონმა მომწერა, დედობის უფლება უნდა ჩამოგართვან, იმის გამო, რომ საკუთარ შვილს მსოფლიოს აბულინგებინებ, შენს შვილს ამათხოვრებ და ფულის გამო ყველაფერი გააკეთე, რომ შენი ოჯახი გალანძღული ყოფილიყოო.
მინდა საზოგადოებას მივმართო, ყოველთვის ამბობთ – „არა ბულინგს“, და ეს რა იყო? თქვენ ფიქრობთ, რომ ეს იყო ტრენდი, მაგრამ ეს იყო ჩემი შვილის და ჩემი ბულინგი. ამის გამო, ახლაც ძალიან ცუდ ემოციურ ფონში ვარ, ამდენი შეურაცხყოფა ჩემთვის არავის მოუყენებია, ძალიან მიჭირს ყოველივეს გააზრება“, – თქვა ია დავითულიანმა.
სოციალურ ქსელში გავრცელებული გამოხმაურებების შესახებ საუბრობს თავად პატარა მარიამიც და ამბობს, რომ მან „ცუდ კომენტარებზე ინერვიულა და ახლაც ნერვიულობს“.
„ხალხმა, რა თქმა უნდა, ტაში დამიკრა, მაგრამ „ტიკ-ტოკზე“ რაც აიტვირთა, სულ ცუდი კომენტარები იყო, კარგი კომენტარი მხოლოდ ერთი-ორი იყო.
თბილისობიდან სახლში მოვდიოდით, აღმოვჩნდით თავისუფლების მოედანზე, სადაც ხალხი მღეროდა და ცეკვავდა, სიმღერა მეც მოვინდომე. დედამ სთხოვა და მათ თანხმობა უთხრეს. რა თქმა უნდა, ცუდ კომენტარებზე ვინერვიულე და ახლაც ვნერვიულობ“, – ამბობს მარიამი.