გუშინ, ოკუპანტებმა ზაზა გახელაძე ქართულ მხარეს გადმოსცეს. მას ერგნეთში საქართველოს პრემიერ-მინისტრი, ირაკლი ღარიბაშვილი და შინაგან საქმეთა მინისტრი, ვახტანგ გომელაური პირადად დახვდნენ.
“ჩვენი პატრიარქის წყალობითა და ჩვენი მთავრობის გვერდში დგომით, ყველაფერი კარგადაა, – ამის შესახებ უკანონო პატიმრობიდან გათავისუფლებულმა ზაზა გახელაძემ ჟურნალისტებს განუცხადა.
აღნიშნული კომენტარის დროს პრემიერი გახელაძის გვერდით იმყოფებოდა და მას შემდეგი სიტყვებით მიმართა: – “იცოცხლე, იცოცხლე, გაიხარე, მაგარი კაცი ხარ!”
როგორც ზაზა გახელაძემ აღნიშნა, ამ ეტაპზე ყველაფერი კარგადაა და დეტალურად მომდევნო დღეებში ისაუბრებს მისი პატიმრობის შესახებ.
„დღეს ყველაფერი კარგადაა. აქედან მივესალმები ჩემ ოჯახს“, – განაცხადა გახელაძემ.
მთავრობის მეთაურმა, ირაკლი ღარიბაშვილმა მადლობა გადაუხადა ყველას, ვინც ზაზა გახელაძის გათავისუფლებაში მონაწილეობა მიიღო.
„პირველ რიგში მადლობა ზაზას, ამ გმირ და ვაჟკაც კაცს, ნამდვილად. მე მინდა გითხრათ, რომ ჩვენი ინტენსიური მუშაობის შედეგად, ჩვენი პატრიარქის უშუალო ჩართულობით, პრეზიდენტის ჩართულობით, რა თქმა უნდა, მთელი მთავრობა ვიყავით მობილიზებული ამ თვეების განმავლობაში ჩვენ ინტენსიური მოლაპარაკებები ვაწარმოეთ და ზაზა არის თავისუფალი. მე მინდა მადლობა გადავუხადო ყველას, ვინც ამ პროცესში მიიღო მონაწილეობა, მადლობა ჩვენს პატრიარქს, პრეზიდენტს და რა თქმა უნდა, ყველა სამინისტროს, საგარეო საქმეთა სამინისტროს ყველა თანამშრომელს, სუს-ის ხელმძღვანელობას, შინაგან საქმეთა მინისტრს, ყველას, ვინც ჩართული იყო ამ პროცესში. რა თქმა უნდა, პირველ რიგში დიდი მადლობა მინდა ვუთხრა ამ გმირი კაცის ოჯახს- მის დედას, მამას, მეუღლეს და შვილებს, რომლებიც ელოდებიან“, – განაცხადა ირაკლი ღარიბაშვილმა.
რუსეთის საოკუპაციო ძალების წარმომადგენლებმა ზაზა გახელაძე 2020 წლის 11 ივლისს დაჭრეს და დააკავეს. ოკუპირებული ცხინვალის ე.წ. სასამართლომ მას 12 წლითა და 6 თვით უკანონო პატიმრობა 5 თებერვალს მიუსაჯა. გახელაძეს ბრალდება რუსეთის ფედერაციის სისხლის სამართლის კოდექსის ორი მუხლით ედავებოდა: 317-ე მუხლით, რომელიც სამხედრო მოსამსახურის სიცოცხლის ხელყოფის მცდელობად კვალიფიცირდება და 322-ე მუხლით, რაც „სახელმწიფო საზღვრის უკანონოდ გადაკვეთას“ გულისხმობს.
გახელაძის გათავისუფლების პროცესში ჩართული იყვნენ მთავრობისა და საერთაშორისო საზოგადოების წარმომადგენლები.
8 მაისს საქართველოს პრემიერ-მინისტრი ირაკლი ღარიბაშვილი ზაზა გახელაძის ოჯახის წევრებს შეხვდა. მთავრობის მეთაური ოჯახს საქართველოს უკანონოდ დაკავებული მოქალაქის გასათავისუფლებლად ცენტრალური ხელისუფლების მიერ გადადგმულ ნაბიჯებზე ესაუბრა. როგორ ღარიბაშვილმა აღნიშნა, ცენტრალური ხელისუფლება იყენებს მის ხელთ არსებულ ყველა ბერკეტს ზაზა გახელაძის დაუყოვნებლივ გასათავისუფლებლად, ეს საკითხი დაყენებულია მაღალ პოლიტიკურ დონეზე და აქტიურად განიხილება საერთაშორისო პარტნიორებთან.