11 ივლისს, ჟურნალისტმა მაკა რაზმაძემ “ფეისბუქის” პირად გვერდზე, TV – “პირველის” ოპერატორ ლექსო ლაშქარავას გარდაცვალებასთან დაკავშირებით დაწერა:
“ახლა ამ წამსაც ჩაწერაზე ვარ და ჩემს პროფესიას ვემსახურები. უცებ რომ შემოვარდეს ვინმე და მომკლას… ეს ბიჭიც ასე შრომობდა და თავის პროფესიულ მოვალეობას ასრულებდა… ძალიან დაიგეშეთ ვიღაცეები ამ ბოლო დროს ჟურნალისტებზე და ასე დასრულდა ეს სამარცხვინო შეტევა!
ვერ ვინელებ, ვერ ვმშვიდდები, სხვა ვეღარაფერზე ვეღარ ვფიქრობ… ასე გაგრძელება აღარ შეიძლება! ლექსოს სახელით, ყველა საქმეს შეწირული ჟურნალისტის სახელით…” – დაწერა მაკა რაზმაძემ სოციალურ ქსელში.
“ტვ- პირველის“ ოპერატორი ლექსო ლაშქარავა ჯიქიას სასაფლაოზე გუშინ, მამის გვერდით დაკრძალეს.
ოპერატორი უკანასკნელ გზაზე ნათესავებმა, კოლეგებმა, პოლიტიკოსებმა და სამოქალაქო საზოგადოების წევრებმა ტაშით გააცილეს.
პატივისცემის ნიშნად, ოპერატორებმა დერეფანი გააკეთეს და დაშვებული კამერებით გამოხატეს მწუხარება.
შეგახსენებთ, რომ 5-6 ივლისს თბილისში რადიკალური ჯგუფების წარმომადგენლები, რომლებიც „თბილისი პრაიდის“ კონტრაქციას მართავდნენ ჟურნალისტებს ფიზიკურად გაუსწორდნენ.