5 და 6 ივლისს განვითარებული მოვლენები, კერძოდ, მედიაზე თავდასხმა, რეჟისორმა ბასა ფოცხიშვილმა “მიქს.მეტრონომთან” შეაფასა. ფოცხიშვილმა მედიის წარმომადგენლებზე თავდასხმას ფაშიზმი და სირცხვილი უწოდა. რეჟისორი მოითხოვს, რომ ყველა დამნაშავემ კანონის სრული სიმკაცრით აგოს პასუხი.
“ძალიან დიდი ხანია უკვე კომენტარებს აღარ ვაკეთებ, აღარც პოლიტიკაში ვერევი. მაგრამ აუცილებლად უნდა ვთქვა, ის რაც იმ დღეს (5 -6 ივლისს) იყო ფაშიზმი და სამარცხვინო ქმედება. აბსოლუტურად ყველა მოძალადე, სასჯელის უმკაცრესი ზომით უნდა დაისაჯოს, ეს არის ჩემი მოქალაქეობრივი პოზიცია. უბრალოდ სირცხვილია, რომ ეს ყველაფერი საქართელოში ხდებოდეს.” – განუცხადა ბასა ფოცხიშვილმა “მიქს.მეტრონომს”.
5 ივლისს სექსუალური ორიენტაციით დისკრიმინაციის გამო ლგბტქ+ თემის წევრებს, “თბილისი პრაიდს” ძალადობრივმა ჯგუფებმა არ მისცეს საშუალება “ღირსების მარში” გაემართათ. მათ დაიკავეს რუსთაველის გამზირი, სადაც მარშს უნდა ჩაევლო. აგრესორებმა ღონისძიების ჩაშლის მიზნით, ძალადობრივი ქმედებები განახორციელეს, თავს დაესხნენ მედიის წარმომადგენლებს და ფიზიკურად გაუსწორდნენ. დაუზიანეს სამუშაო ტექნიკა, კამერები და პირდაპირი ჩართვის მოწყობილობები. ჟურნალისტების ნაწილს ქირურგიული ჩარევა დასჭირდა, ნაწილი ამ დრომდე აგრძელებს მკურნალობას და რეაბილიტაციას. შსს-ს ოფიციალური მონაცემებით, დაშავდა 55 ადამიანი, მათგან 53 ჟურნალისტია.
გარდა ამისა, ძალადობრივი ჯგუფების წევრები “თბილისი პრაიდის” ოფისში შეიჭრნენ და დაარბიეს.
ინგოროყვას ქუჩაზე მდებარე ორგანიზაცია „სირცხვილიას“ ოფისში, ტელეკომპანია „ტვ 1“-ის ჟურნალისტსა და ოპერატორს, ალექსანდრე ლაშქარავას სამსახურებრივი მოვალეობის შესრულებისას ძალადობრივმა ჯგუფების წარმომადგენლები სასტიკად გაუსწორდნენ. გამოძიების ინფორმაციით, მას მოძალადეები ხელებით და ფეხებით, ასევე სხვადასხვა საგნით უსწორდებოდნენ. ცემის შედეგად სახის ძვლების მოტეხილობა ჰქონდა, ამასთან, ტვინის შერყევა და დაჟეჟილობები. დაზიანებების გამო ოპერატორს ქირურგიული ჩარევა დასჭირდა. იგი რამდენიმე დღე საავადმყოფოში იმყოფებოდა და 10 ივლისს სახლში გაეწერა.
ჟურნალისტის პროფესიულ საქმიანობაში ძალადობის მუქარით უკანონოდ ხელის შეშლის, ძალადობითა და ძალადობის მუქარით დევნის, ჯგუფური ძალადობის ფაქტებზე გამოძიება მიმდინარეობს, შს სამინისტროს ცნობით დაკავებულია 5 პირი.
11 ივლისს, დილით, ლექსო ლაშქარავა საკუთარმა დედამ საკუთარ საწოლში გარდაცვლილი იპოვა.
ლექსო ლაშქარავა ჯიქიას სასაფლაოზე, მამის გვერდით გუშინ დაკრძალეს. ოპერატორი უკანასკნელ გზაზე, სხვადასხვა მედიასაშუალების ოპერატორებმა, ჟურნალისტებმა, პოლიტიკოსებმა და ახლობლებმა ტაშით გააცილეს.
ლექსო ლაშქარავას ხსოვნის პატივსაცემად, მის საცხოვრებელ სახლთან „კამერების კორიდორი“ მოაწყვეს და ასევე, ტელეკომპანია „პირველის“ თანამშრომლებმა გარდაცვლილი ოპერატორის სახლთან ყველა ის სამუშაო ნივთიც მიიტანეს, რომელიც მას 5 ივლისის აქციის გაშუქებისას თან ჰქონდა და რომელიც ფიზიკური ძალადობის დროს გაუნადგურეს.
გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 115-ე მუხლით მიმდინარეობს.