ერთა ლიგის B დივიზიონის მეოთხე ტურში საქართველოს საფეხბურთო ნაკრები ალბანეთთან ანგარიშით 1:0 დამარცხდა.
მეტოქემ ერთადერთი გოლის გატანა შეხვედრის 47-ე წუთზე მოახერხა, როდესაც ასლანიმ გიორგი მამარდაშვილს აუღებელი ბურთი დაურტყა.
თამაშის შემდეგ ნაკრების წევრმა ბუდუ ზივზივაძემ კომენტარი გააკეთა და მატჩი შეაფასა.
“მაქსიმალურად ვეცადეთ რომ დავალებები შეგვესრულებინა. დაგვაკლდა მომენტების რეალიზება. პირადად მე კარგი ორი მომენტი მქონდა, რომელიც ვერ გამოვიყენე. ალბათ, პირველ წუთებზე რომ მქონდა მომენტი, იქ რომ შევარდნილიყო, სხვანაირი თამაში იქნებოდა და უფრო დიდი უპირატესობა გვექნებოდა. მათ მცირე მომენტები ჰქონდათ, რომელიც ერთ გარდასახეს გოლში და ამის ხარჯზე დავმარცხდით სამწუხაროდ. გვსურდა, რომ სახლში, ჩვენი გულშემატკივრების წინაშე გამარჯვება მოგვეპოვებინა, თუმცა, ფეხბურთია – სულ ვერ მოვიგებთ. მადლობა გულშემატკივრებს პირველ რიგში, 90 წუთის განმავლობაში გვამხნევებდნენ და ვეცდებით, რომ დარჩენილ ორ თამაშში, ნოემბერს თვეში მდგომარეობას გამოვასწორებთ” | თქვა ეროვნული ნაკრების ფეხბურთელმა, ბუდუ ზივზივაძემ გამოცემა LaGazzeta-სთან.