ოპერატორ ლექსო ლაშქარავას გარდაცვალების საქმესთან დაკავშირებით შეფმზარეული ლუკა ნაჭყებია “ფეისბუქის” პირად გვერდზე შემდეგი სახის პოსტს აქვეყნებს:
“მესმის, ბევრს არ გაქვთ იმის ძალა და უნარი, რომ ლექსო ლაშქარავას გარდაცვალების პასუხისმგებლობა გაინაწილოთ. მაგიტომ იგონებთ გამართლებებს და აბრალებთ ათას რამეს.
მჯერა, ბევრს გულით გჯერათ, რომ დიად, კარგ საქმეს აკეთებთ… მაგრამ რთულია თვალი გაუსწორო იმას, რომ შენი მხარე, რომელიც მორალური, სწორი და ქრისტიანული გგონია, ნაწილობრივ მოძალადე, მკვლელი და მკრეხელური მხარე აღმოჩნდა.
იმ დღეს პრაიდი არ გაიმართა, ჟურნალისტები კი პოლიტიკური მიზეზების გარდა, იმიტომ ცემეთ, რომ რთული კითხვების გეშინიათ და არ გინდათ, რომ საზოგადოდ ფარისევლებად გამოჩნდეთ.
ჟურნალისტების ხელშეუხებლობა საომარ ვითარებაშიც დაუწერელი და დაწერილი კანონია.
ძალადობის მერე.
ადამიანმა სულაც რომ 1 თვის მერე თავი მოიკლას, ეს მაინც შესაძლებელია მოძალადის ბრალი იყოს. მაინცდამინც ხელებში ჩაკვდომა არაა აუცილებელი, მაგიტომ არის სიკვდილამდე მიყვანის მუხლები კანონმდებლობაში.
ლგბტქ თემს არავინ უცემია, რაც არ უნდა პროპაგანდა ეძახოთ, და თუნდაც იყოს, ადამინის სქესობრივ იდენტობას ვერ შეცვლი პროპაგანდით.
თუ ხართ მოძალადეები, აღიარეთ მაინც ამაყად, და ის ჩმორი ტიპი ნუ იქნებით სკუტერით გატანას რომ ცდილობდა ჟურნალისტების და უეცრად მამაოსთან პურის მიმტან კურიერად, რომ გადაიქცა სამართალის წინაშე.
თქვენ ცემეთ, მათ შორის იმათმაც ვისაც მაგ ცემაზე და ძალადობაზე ნერვი არ გაგტოკებიათ.
ჩვენ ჟურნალისტებზე იძალადეს არა მხოლოდ ფიზიკურად, აქციაზე, არამედ ემოციურად, ყველამ იმათ ვინც ამ ყველაფრით არ შეშფოთებულხართ და მისაღები გგონიათ.” – წერს ნაჭყებია სოციალურ ქსელში.
„ტვ პირველის“ ოპერატორი ლექსო ლაშქარავა ჯიქიას სასაფლაოზე მამის გვერდით დაკრძალეს.
ოპერატორი უკანასკნელ გზაზე ნათესავებმა, კოლეგებმა, პოლიტიკოსებმა და სამოქალაქო საზოგადოების წევრებმა ტაშით გააცილეს.
პატივისცემის ნიშნად, ოპერატორებმა დერეფანი გააკეთეს და დაშვებული კამერებით გამოხატეს მწუხარება.
შეგახსენებთ, რომ 5-6 ივლისს თბილისში რადიკალური ჯგუფების წარმომადგენლები, რომლებიც „თბილისი პრაიდის“ კონტრაქციას მართავდნენ, არასამთავრობო ორგანიზაციების წევრებსა და ჟურნალისტებს ფიზიკურად გაუსწორდნენ.
mix.metronome.ge გარდაცვლილი კოლეგის გამო მწუხარებას გამოთქვამს.