TV – “პირველის“ ოპერატორმა, ლექსო ლაშქარავამ გარდაცვალებამდე ოთხი დღით ადრე “ფეისბუქზე” შემდეგი სახის კომენტარი დაწერა:
“მხოლოდ ერთად დგომით თუ ავაცილებთ ამ ჯოჯოხეთს მოსახლეობას, რომელსაც ჯერ არ შეხებიან. თუმცა, როგორ არ შეხებიან, ყველას შეეხენ. იმათაც კი, ვინც ტელე-ეკრანებიდან უყურებს ამ ყველაფერს, რასაც ჩვენი ჯანმრთელობის ფასად ვაშუქებთ,”– დაწერა ლექსო ლაშქარავამ “ფეისბუქის” ერთ-ერთი პოსტის კომენტარებში.
ლექსო ლაშქარავა, რომელიც 5 ივლისის მოვლენების დროს დაშავდა, გუშინ გამთენიისას, სახლში საკუთარმა დედამ გარდაცვლილი იპოვა. ოპერატორს „თბილისი პრაიდის“ მოწინააღმდეგეები, რადიკალურად განწყობილი ჯგუფები სასტიკად გაუსწორდნენ, როდესაც ის პროფესიულ მოვალეობას ასრულებდა.
ლექსო ლაშქარავას გარდაცვალების ფაქტზე, ვაკე-საბურთალოს პოლიციის სამმართველოში, გამოძიება საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 115 მუხლით დაიწყო. დაინიშნა სასამართლო-სამედიცინო ექსპერტიზა. გარდაცვლილის ცხედარი ექსპერტიზის ბიუროდან გვიან ღამით სახლში გადაასვენეს.