უმძიმესი ვიდეო, სადაც ჩანს, როგორ სცემს ბათუმის მოსწავლე ახალგაზრდობის სასახლეში ქორეოგრაფი 12 წლის მოზარდს, გუშინ „ბათუმელებმა“ გაავრცელეს. მასწავლებელი, რომლის კადრებმა დილიდან სოციალური ქსელები მოიცვა, მერაბ დოლიძეა. მას ცეკვის მასწავლებლად მუშაობის 25-წლიანი გამოცდილება აქვს. ის სამსახურიდან უკვე გაათავისუფლეს.
სხვა რამეს გვიყვება მოზარდის მამა გოჩა მელაძე, რომელიც წლებია პოლიტიკაშია. ბატონი გოჩა ოცნების მთავრობის დროს ხულოს მუნიციპალიტეტის მერი იყო. ახლა კი გიორგი გახარიას „საქართველოსთვის“ წარმოადგენს.
პოლიტიკოსი, რომელიც წლებია სხვის ოჯახებს იცავს, ამბობს, რომ საკუთარი ოჯახი ვერ დაიცვა და იმისთვის, რომ მოძალადე ქორეოგრაფი დამსახურებულად დაისაჯოს, მედიის ჩარევა დასჭირდა. Ambebi.ge-სთან ინტერვიუში დოლიძე ამბობს, რომ მომხდარს ნანობს. მისი თქმით, ოჯახს პატიებაც სთხოვა…
– ერთი თვეა ჯოჯოხეთში ვცხოვრობთ, ეს ფაქტი 10 სექტემბერს მოხდა. იმ დღეს, მეუღლის თხოვნით, ცეკვიდან ბავშვის გამოსაყვანად ოჯახის რძალი მივიდა. ჩემი შვილი განერვიულებული და ნამტირალევი დახვდა. რძალმა ჩემს მეუღლეს დაურეკა და უთხრა, რომ ბიჭი პედაგოგმა სცემა. მეუღლემ სთხოვა, არ წასულიყო, მეც მოვალ და გავარკვევ, რაშიაო საქმე. მერაბ დოლიძე ჩემს რძალს ძალიან აგრესიულად ესაუბრა, 15 წუთში, როდესაც მეუღლე მივიდა, ეს კაცი წასული დახვდა.
– თქვენ როგორ გაიგეთ მომხდარის შესახებ?
– როდესაც დამირეკეს, სამსახურში ვიყავი. ადრე ჰქონდა ამ კაცს ბავშვებთან თავში წამორტყმის ფაქტები. ჩემი დის შვილიც იქ სწავლობს. მივედი, გავაფრთხილე, რომ არასწორი იყო ასეთი საქციელი. მშვიდობიანად დავშორდით. ამიტომ ოჯახს ვუთხარი, არ ინერვიულოთ, შეიძლება ბავშვი აზვიადებს, მე მივალ და ვნახავ-მეთქი. განაგრძეთ კითხვა…