საქართველოს პრემიერ-მინისტრი, ირაკლი ღარიბაშვილი ქვეყანაში შექმნილ ვითარებასთან დაკავშირებით მთავრობის დღევანდელ სხდომაზე განცხადება გააკეთა. მისი თქმით, 5-6 ივლისს განვითარებული მოვლენები მორიგი წარუმატებელი შეთქმულება იყო სახელმწიფოს წინააღმდეგ.
როგორც ღარიბაშვილმა აღნიშნა, ანტისახელმწიფოებრივი და ანტიეკლესიური ძალების მიერ დაგეგმილი შეთქმულება ვერ შედგა.
“ანტისახელმწიფოებრივი და ანტიეკლესიური ძალების მიერ დაგეგმილი შეთქმულება ვერ შედგა და ვერასოდეს ვერ შედგება ჩვენს ქვეყანაში!
გუშინდელი აქცია ეს იყო კლასიკური ანტისახელმწიფოებრივი, ანტიეკლესიური გზავნილები. მაგალითად, აგრესიული გამომსვლელები ითხოვდნენ პატრიარქის დაკავებას პოლიციიც მიერ, ბოდიშს ვიხდი, რომ ამას ვიმეორებ. იმის გარდა, რომ ითხოვდნენ ჩვენს გადადგომას, ეს ნორმალურია, ეს მათი ოცნებაა.
ვნახეთ, რომ სცადეს ეს ტრაგედია გამოეყენებინათ საკუთარი პოლიტიკური მიზნების მისაღწევად. რა შეიძლება იყოს იმაზე ამორალური, როცა გარდაცვლილი ადამიანის ტრაგედიით ცდილობს საკუთარი პოლიტიკური მიზნების მიღწევას. მნიშვნელობა არ აქვს, რა მიზეზით დაიღუპა ალექსანდრე ლაშქარავა, ყველა მოძალადე იქნება მთელი სიმკაცრით დასჯილი. პოლიციამ უკვე დააკავა 4 პირი, რომელიც მისი ცემის საქმეში იყო ჩართული. მინდა განვაცხადო კიდევ ერთხელ, რომ ნებისმიერი ძალადობა არის მიუღებელი. ჩვენ ვგმობთ, ყოველთვის დავგმობთ და ხელს შევუშლით ნებისმიერ ძალადობას ქვეყანაში“,- განაცხადა ღარიბაშვილმა.
მთავრობის მეთაურმა გარდაცვლილი ოპერატორის ალექსანდრე ლაშქარავას ოჯახის წევრებსა და ახლობლებს მიუსამძიმრა და თქვა, რომ გამოძიების პროცესში ჩართული იქნება საერთაშორისო ექსპერტი, რათა პასუხგაუცემელი არც ერთი კითხვა არ დარჩეს.
„რა თქმა უნდა, მე მსურს კიდევ ერთხელ გამოვხატო ჩემი გულწრფელი მწუხარება და სამძიმარი გამოვუცხადო ალექსანდრე ლაშქარავას ოჯახს, მის ახლობლებს, მის კოლეგებს და ყველას. რა თქმა უნდა, ნებისმიერი ადამიანის გარდაცვალება არის ტრაგედია და მნიშვნელობა არ აქვს, რა მიზეზი შეიძლება იყოს ამის უკან. მე მინდა მოსახლეობას ვუთხრა, რომ შსს აქტიურად მუშაობს, გუშინვე ჩაატარა, ძალიან ოპერატიულად, შესაბამისი სამუშაოები.
ამის გარდა, მოგახსენებთ, რომ დანიშნულია ექსპერტიზა, თვითონ გარდაცვლილის ოჯახის ინიციატივით და ტელევიზიის მოთხოვნით, პროცესში, ასევე, ჩართულია დამოუკიდებელი ექსპერტი და ყველა კითხვას გაეცემა ძალიან ამომწურავი, სრულყოფილი პასუხი უმოკლეს ვადებში. გარდა ამისა, მოგეხსენებათ, რომ ვახტანგ გომელაურის უწყებამ გუშინვე გააკეთა მიმართვა და განაცხადა იმის თაობაზე, რომ დამოუკიდებელი საერთაშორისო ექსპერტი ჩაერთვება აღნიშნულ პროცესში იმისთვის, რომ არც ერთ კითხვაზე არ დარჩეს გაუცემელი პასუხი,“– განაცხადა ღარიბაშვილმა.
მისივე თქმით, გამოძიების ვერსიის თანახმად, მომხდარის უკან, ასევე შესაძლოა იდგეს სხვა, რადიკალური ჯგუფი.
“გარანტიას ვიძლევი, რომ ყველა ის მოძალადე, რომელიც ჩართული იყო პროვოკაციაში, იქნება სამაგალითოდ დასჯილი. რა თქმა უნდა, არ მინდა სპეკულაციებზე საუბარი, გამოძიება რამდენიმე ვერსიაზე მუშაობს, მათ შორის იმაზე, თუ როგორ მოხვდნენ აღნიშნული აგრესიული პირები და მაინცდამაინც, ჟურნალისტებზე და ოპერატორებზე გააკეთეს მიზანმიმართული შეტევა.
არსებობს ვერსია, რომ შესაძლოა, აღნიშნული პროვოკატორების უკან რევანშისტული, რადიკალური ძალა იდგეს. ჩვენ კარგად გვახსოვს და არავის დაავიწყდება, თუ რა მეთოდებით მართავდნენ აღნიშნული მოძალადეები და მკვლელები ჩვენს ქვეყანას, როდესაც ხდებოდა ტერორისტული აქტების დადგმაც კი, საკუთარი მოქალაქეების წინააღმდეგ, საკუთარი მიზნების მისაღწევად,“ – განაცხადა ირაკლი ღარიბაშვილმა.