არსებობს თუ არა მსოფლიოში “მარბურგის” გავრცელების საფრთხე? – მომაკვდინებელი ვირუსის, შესახებ ინფექციონისტი ალექსანდრე გოგინავა “მეტრონომთან” პირველ კომენტარს აკეთებს.
მისი თქმით, , ამ ვირუსის სწრაფად გავრცელების საფრთხე ნამდვილად არ არსებობს. როგორც ალექსანდრე გოგინავამ აღნიშნა, რისკი, რომ ის მსოფლიოში გავრცელდეს, პრაქტიკულად 0-ის ტოლია.
• ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციამ ცოტა ხნის წინ გამოაქვეყნა განცხადება ვირუს „მარბურგის“ შესახებ – გვაინტერესებს , როგორ ვრცელდება აღნიშნული ვირუსი
ეს არის ვირუსული ინფექცია, რომელიც განსაკუთრებით იწვევს საშიშ დაავადებას და ეს არის ჰემორაგიული ცხელება. ძირითადად ამ ვირუსის ენდემური კერა გახლავთ აფრიკის კონტინენტი, მისი ცენტრალური და დასავლეთ-აღმოსავლეთის ქვეყნები, მაგალითად, მათ შორის უგანდა, კონგოს დემოკრატიული რესპუბლიკა და ა.შ. ვირუსის აღმოჩენა მოხდა 60-იან წლებში, სწორედ გერმანიაში იქნა იდენტიფიცირებული ეს ვირუსის, ქალაქ მარბურგში, სახელიც აქედან მომდინარეობს. მას შემდეგ აფრიკის კონტინენტის გარეთ, ფაქტობრივად, არ დაფიქსირებულა, გარდა ერთეული შემთხვევებისა.
ზოგადად, გავრცელებას რაც შეეხება, ის ვრცელდება მაგალითად ღამურების გარკვეული სახეობით, ასევე შესაძლებელია დაინფიცირება მოხდეს ავადმყოფ ადამიანთან კონტაქტის დროს. თუმცა ეს კონტაქტი არ გულისხმობს ერთჯერად, დისტანციურ კონტაქტს, იმიტომ რომ ადვილად გავრცელებადი არარის, როგორც კოვიდი ან წითელა. თუ ადამიანს ეკიპირების გარეშე აქვს კონტაქტი პაციენტთან მაშინ შესაძლოა მოხდეს გავრცელება.
ჰემორაგიულ ცხელებას ახასიათებს სისხლჩაქცევები კანზე, ლორწოვანზე. თუ ეს სისხლის შემცველი წვეთები მოხვდება შემდეგ ადამიანს თვალში ან პირისღრუში, მაშინ ადვილად გადაგვედება. მნიშვნელოვანია ეკიპირების გამოყენება , როგორიც არის პირბადე, ხელთათმანი და სპეციალური სათვალე.
ამჟამინდელი შემთხვევა კი, რაც გერმანიაში დაფიქსირდა, ისტორიულად დაკავშირებულია იმასთან, რომ ერთ-ერთ ინფიცირებულს კონტაქტი ჰქონდა აფრიკაში დაინფიცირებულთან, კერძოდ , რუანდაში.
• არსებობს თუ არა მსოფლიოში ეპიდემიის საფრთხე?
მსოფლიოში „მარბურგის“ ფართომასშტაბიანი გავრცელება არ არის მოსალოდნელი, თუმცა, იმ ადამიანებისთვის უნდა იყოს საყურადღებო, ვისაც აფრიკის კონტინენტზე მოგზაურობის ანამნეზი აქვს, სადაც ენდემურია ეს ვირუსი.
განსაკუთრებით რისკჯგუფშია მომუშავე პერსონალი, ვინც უვლის დაავადებულ ადამიანებს. სხვა შემთხვევაში არანაირი რისკი ამ ვირუსის გავრცელების არ არსებობს.
რადგან ეს ვირუსი განსაკუთრებულად საშიშ ინფექციად მიიჩნევა, ამიტომ იქნა გერმანიაში სერიოზული ზომები გატარებული. თავად დაავადებას აქვს მძიმე მიმდინარეობა, მაღალი ლეტალობა, გარდაცვალება ხშირია, აქედან გამომდინარე ამ მაღალი რისკის გამო გადაიყვანეს ეს პაციენტები იზოლაციაში.
როგორც ჰაერწვეთვანი ინფექციები, ამ ვირუსის სწრაფად გავრცელების რისკი ნამდვილად არ არსებობს. რისკი, რომ ის მსოფლიოში გავრცელდეს, ეს პრაქტიკულად 0-ის ტოლია, ამას ადასტურებს ისტორიაც, რომ დაავადებას მხოლოდ ენდემურ კერებში ვხვდებით, სადაც არის ბუნებრივი რეზერვუარი ამ ვირუსის.
• შესაძლებელია თუ არა, საქართველოში დაფიქსირდეს „მარბურგის“ შემთხვევები და რა ზომები უნდა მიიღოს ქვეყანამ.
ეპიდემიოლოგიური თვალსაზრისით რომ შევხედოთ, „მარბურგის“ ვირუსის გავრცელების რისკი ჩვენს ქვეყანაში არ არსებობს. კიდევ ერთხელ გავიმეორებ, მხოლოდ მათთვის არის საყურადღებო, ვისაც აფრიკაში მოგზაურობის ისტორია აქვს. სიმპტომების განვითარების შემთხვევაში, როგორიც არის ტემპერატურის მატება, სახსრების ტკივილი, კონიუქტივიტი , სისხლჩაქცევები, ასეთ დროს აუცილებლად უნდა მივმართოთ ექიმს, რომელიც სწორ დანიშნულებასა და რეკომენდაციას მოგვცემს – აღნიშნა მან.
2024 წლის 27 სექტემბერს რუანდას ჯანდაცვის სამინისტრომ დაადასტურა მარბურგის ვირუსული დაავადების (MVD) შემთხვევები. 29 სექტემბრის მდგომარეობით, დადასტურებულია სულ 26 შემთხვევა, მათ შორის 8 გარდაცვალება.